7-კაცა

13:51 | 21.06.2017 | ნანახია 2435 - ჯერ

ასპინძის დაუვიწყარი შეკრება

საქართველოს რაგბის აკადემიისთვის მოთამაშეთა სპორტული უნარების ამაღლებასთან ერთად, მათი სოციალური-საგანმანათლებლო განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ მხრივ ასპინძაში გამართული სამდღიანი შეკრება გამორჩეული იყო.

შეკრება 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებისთვის (რომელიც სექტემბერში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე) სელექციას ემსახურებოდა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილიალების 26-26 მორაგბე (ჯამში 52) და 14 ხელმძღვანელი (მწვრთნელები, ექიმი, ფსიქოლოგი, ხელმძღვანელები) ასპინძაში 26 მაისს გაემგზავრნენ, 27-ში 5-გუნდა შიდა ტურნირი ითამაშეს (იხილეთ: http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6107&callerModID=17364) და შინ 29 მაისს დაბრუნდნენ.

სამივე საშეკრებო + შინ დაბრუნების დღე დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებებით და ყველას, ვინც ამ შეკრებაზე იყო, შინ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გაყვა.

დღე პირველი

რაგბის აკადემიის აღმოსავლეთ ფილიალის მორაგბეები ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე დილიდან შეიკრიბნენ და 10 საათისთვის გეზი ასპინძისკენ აიღეს. დაგეგმილი იყო, რომ შესვენების მიზნით გზად ერთი გაჩერება იქნებოდა.

ავტობუსი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩითახევში მწვანე მონასტერთან შეჩერდა, რომელიც IX საუკუნეში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა ააშენეს. ჯგუფმა ხეობაში დაახლოებით 1,5 კილომეტრი ფეხით გაიარა და მონასტრის ეზოს მიადგა, სადაც ორი მორჩილი შეშას ჩეხდა.

„დავათვალიერეთ მწვანე მონასტერი, გავესაუბრეთ მღვდელთმსახურებს და როდესაც უკან გამოვბრუნდი ვნახე, რომ მორების უზარმაზარი გორისგან, რომელიც ორ მორჩილს უნდა დაემუშავებინა თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. ახალგაზრდებმა ინიციატივა გამოიჩინეს, საქმე გადაინაწილეს, მორებს შეესივნენ და ორი ადამიანისთვის საკმაოდ მძიმე სამუშაო თავად შეასრულეს. ძალიან კმაყოფილი ვიყავი - მათ შეშა დაჩეხეს და დააბინავეს ისე, რომ არავის უთხოვია. მორჩილებმა დაგვლოცეს და ისე გამოგვისტუმრეს“ - კმაყოფილი იყო აღსაზრდელების საქციელით რაგბის აკადემიის დირექტორის მოადგილე დავით გოცაძე.

რამდენიმე საათის შემდეგ ასპინძის სარაგბო ბაზაზე მივედით: ასპინძის სარაგბო ბაზა ულამაზეს ადგილასაა გაშენებული - მოწყვეტილია დაბა ასპინძას და სპორტული თვალსაზრისით იდეალური მოსამზადებელი ადგილია. აქვეა სატრენაჟორო დარბაზი, აუზი, საცხოვრებელი კორპუსი ზედ სტადიონთანაა გაშენებული.

მალე ბაზაზე დასავლეთის ფილიალის ავტობუსიც გამოჩნდა, ბიჭები ერთმანეთს შეხვდნენ, განაწილდნენ ოთახებში, იმავე საღამოს დაკომპლექტდა გუნდები და მათ სრული თავისუფლება მიეცათ. გუნდების ნაწილი საღამოს მოედანზე გავიდა და ივარჯიშა, მეორე ნაწილი მხოლოდ თეორიული მეცადინეობით შემოიფარგლა. მთლიანობაში, მგზავრობის შემდეგ ბიჭებს დასვენების საშუალება მიეცათ.

დღე მეორე

მეორე დღე ტურნირით დაიწყო და მისი დასრულებისას გაწვიმდა. ბიჭებმა ისადილეს, დაისვენეს და საღამოს დარბაზში გამოცხადდნენ. იქ მათ სტუმარი, გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ზურაბ ჯანელიძე ელოდა, რომელმაც რაგბის აკადემიის სოციალურ-საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვის სურვილი თავად გამოთქვა. მან წაიკითხა ლექცია - გეოლოგია და ტექტონიკა კავკასიის რეგიონში, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ლექცია გეოლოგიაზე და ტექტონიკაზე.

შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ახალგაზრდები თავიდან მოდუნებულები იყვნენ, თუმცა საინტერესო თემებზე საუბრებმა ისინი გამოაცოცხლა და კითხვა-პასუხი გაჩაღდა. ზურაბ ჯანელიძემ მათ ინტერესი გაუღვივა და კავკასიის გეოგრაფიულ მდებარეობაზე დაწყებული საუბრები იმ ღირებულებების გაზიარებით დაიწყო, რაზეც ქართველები ვდგავართ.

სტუმართან შეხვედრით ახალგაზრდებმა გაიგეს, რომ გეოგრაფიული მრავალფეროვნებით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ჩვენს სამშობლოში შეხვდებით უდაბნოსაც და ზღვასაც, მთასაც და ბარსაც, ერთ დღეს შეგიძლია ზღვაში იბანავო და საღამოს მთაში, თოვლზე ისრიალო. საქართველოში არის ადგილები, სადაც ვიეტნამის მსგავსი ნოტიო სუბტროპიკული გარემოა და ევროპაში მისი მსგავსი სხვაგან არსად არაა;

კავკასიონის მთები და მღვიმეები, რომლებიც საქართველოში მრავლადაა, წითელ წიგნშია შეტანილი; კავკასიის რეგიონში შეხვდებით უამრავ კანიონს, რომელთაგან ერთ-ერთი - სულაკის კანიონი (დაღესტანში) სიდიდით მეორეა მთელს მსოფლიოში;

ზეზვა და მზია - ევროპის უძველესი ადამიანები;

საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, სადაც აღმოჩენილია ოქროსა და რკინის უძველესი საბადოები; კავკასიური გენის მონათესავე ერებია - ბასკები და ირლანდიელები.

ლექცია იყო ყველაფერზე, რითაც ქართველებმა უნდა ვიამაყოთ!

„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. გავიგეთ, რომ საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა და აქ ყველანაირ კლიმატს შეხვდები. ჩვენი ბუნება სხვა ქვეყნებს შევადარეთ და დავადგინეთ, რომ ასეთი მრავალფეროვანი ბუნებით ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის“ - შეხვედრით კმაყოფილია რაგბის აკადემიის მორაგბე მიხეილ ალანია.

ტრადიციისამებრ, საქართველოს რაგბის აკადემიამ ზურაბ ჯანელიძე რაგბის აკადემიის საპატიო წევრის დიპლომით დააჯილდოვა, რითაც ყველა ის მოხალისე ჯილდოვდება, რომელიც აკადემიის აღსაზრდელებს სხვადასხვა თემებზე ლექციას უკითხავს. მას გადაეცა ეროვნული ნაკრების კვართიც და ბიჭებმა დარბაზიდან ტაშით გააცილეს.

ამავე დღეს დაჯილდოვდა აკადემიის შიდა ტურნირის გამარჯვებული გუნდი და ინდივიდუალური ჯილდოები გადაეცათ გამორჩეულ მოთამაშეებს.

დღის ბოლოს გამოცხადდა ის შემადგენლობა (18+3 1999-წლიანი), რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება. ამის შემდეგ ბიჭებს ფსიქოლოგი მალხაზ დავითაშვილი შეხვდა. ჯგუფური გასაუბრების შემდეგ, მასთან პირისპირ საუბრის სურვილი რამდენიმე ბიჭმა გამოთქვა და ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა.

დღე მესამე

შეკრების მესამე დღე ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული ღირშესანიშნაობების დათვალიერებას დაეთმო. ეს იყო აქტიური დასვენება ტურნირის მეორე დღეს და ლაშქრობა, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვანი ცნობები მიიღეს.

ბაზიდან ორივე აკადემიის ბიჭები ავტობუსით გაემგზავრნენ. რამდენიმე მათგანს, რომელთაც მცირე ტრავმები აწუხებდათ, თითქოს გამგზავრების სურვილი არ ქონდათ, თუმცა ბოლო მომენტში აკადემიის დირექტორის, ზაზა ლეჟავას კითხვაზე - ვინ არ მოდის? - ავტობუსში ყველა ავიდა.

„რამდენიმე ბიჭს, რომელთაც მცირე ტრავმები აწუხებდა, თავიდან წამოსვლა არ უნდოდათ. ვფიქრობ, აქ უფრო კომპლექსთან გვქონდა საქმე: მათ ლაშქრობის გამოცდილება არ ქონდათ და უცხო გარემოში მოხვედრას ერიდებოდნენ. თუმცა ჩვენი და ბიჭების ხათრით ნაბიჯი გადადგეს და მეორედაც რომ ვიკითხეთ ვინმეს ხომ არ სურდა ბაზაზე დაბრუნება, ხმა არავის ამოუღია. ისინი მიხვდნენ, რომ ეს უცხო სამყაროც მათი ნაწილია და ეს ძალიან კარგი იყო“ - კმაყოფილია დავით გოცაძე.

მტკვრისა და ფარავნის ხეობის გავლით ჯგუფი თავდაპირველად ხერთვისის ციხე-სიმაგრეს მიადგა, რომელიც შუა საუკუნეებში, მაღალ კლდოვან მთაზეა აშენებული. ციხე-სიმაგრემ ახალგაზრდებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხერთვისის დათვალიერების შემდეგ აკადემია სრული შემადგენლობით საროსკენ გაემგზავრა და გზად სოფელ აწყვიტაში შეჩერდა. ადგილობრივები ამდენი ახალგაზრდის ერთად ნახვამ გაახარა.

სარომ ახალგაზრდებში კიდევ უფრო დიდი ემოციები გამოიწვია. ეს ადგილი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეორე-მესამე საუკენეში რეგიონის ცენტრს წარმოადგენდა. უზარმაზარი, ხავსმოკიდებული ქვები, სივრცე, არაამქვეყნიურ, მისტიურ შთაბეჭდილებას ქმნის. ჯგუფი კანიონის კიდემდე მივიდა, რის შემდეგაც სამი ციხესიმაგრისგან შემდგარი კომპლექსი და უძველესი მესხური საცხოვრისები დაათვალიერა.

დღის ბოლოს ჯგუფის ნაწილი ბაზაზე ავტობუსით დაბრუნდა, მეორე ნაწილმა კი ლაშქრობა განაგრძო და შინ ფეხით მივიდა. ეს იყო ემოციებით დატვირთული დღე და მიუხედავად ფიზიკური დატვირთვისა, საბოლოოდ ნანახით ყველა კმაყოფილი დარჩა.

„დავრწმუნდით, რომ მსგავსი გასვლა მინიმუმ წელიწადში ერთხელ აუცილებელია. ამ ლაშქრობამ ბიჭები ჩვენს თვალწინ გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ორი სხვადასხვა ფილიალის 50-ზე მეტი ახალგაზრდა იყო, მთელი 3 დღის განმავლობაში ერთი დაძაბულობის მომენტიც კი არ ყოფილა“ - ამბობს გოცაძე.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მოქმედი მონასტრების მონახულებისას, წინდაწინ დაგეგმილი იყო მიმდებარე ტერიტორიისა და მისასვლელი გზის პირების დასუფთავება, რისთვისაც აკადემიამ სპეციალურად შეიძინა ტომრები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფაქტობრივად ხელცარიელი დავბრუნდით, რადგან ტერიტორია დასუფთავებული და მოვლილი დაგვხვდა.

დღე მეოთხე

29 მაისს, სადილის შემდეგ, ორი აკადემიის ბიჭები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ქუთაისის ჯგუფი შინ გაემგზავრა. დაახლოებით ნახევარ საათში აღმოსავლეთის ჯგუფიც დაიძრა და თბილისისკენ გეზი სხვა მარშრუტით, ახალქალაქის გავლით აიღო.

ახალქალაქში ერთი სიურპრიზი გველოდა - ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ელექტროგანათების ბოძებზე წეროებს ბუდეები აქვთ მოწყობილი. ზოგიერთ ბუდეში წეროს ბარტყების ნახვაც შეიძლებოდა და ეს სანახაობას მომხიბვლელობას მატებდა.

გზად ჯგუფი ფარავნის ტბასთან, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მამათა მონასტერთან შეჩერდა. სანთლების დანთების შემდეგ ჯგუფი ტბის პირას ჩავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა 10-12 გრადუსი იყო, დავით გოცაძემ და რამდენიმე ახალგაზრდამ ტბაში იბანავეს.

ლაშქრობით, ამ შეკრებით და ზოგადად აკადემიის სოციალურ-საგანმანათლებლო აქტივობებით კმაყოფილი არიან ახალგაზრდა მორაგბეები.

თეიმურაზ ჭიჭინაძე: „საინტერესო აქტივობები გვაქვს. განსაკუთრებით ასპინძის შეკრებით ვარ კმაყოფილი. გვქონდა შეხვედრა სტუმართან, რომელიც კავკასიის გეოგრაფიულ თავისებურებებზე გვესაუბრა, ვიყავით ლაშქრობაში, დავათვალიერეთ ციხე-სიმაგრეები და მონასტრები. ამ მხარეში პირველად ვიყავი და დიდი ინფორმაცია მივიღე“.

მიხეილ ალანია: „კმაყოფილი ვარ იმ აქტივობებით, რომლებიც აკადემიის სივრცეში მოედანს მიღმა ხორციელდება. გვქონდა შეხვედრა და ძალიან საინტერესო საუბარი მწერალ დათო ტურაშვილთან, ვიყავით თეატრში. სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება და მსგავსი ღონისძიებები სწორედ ამაში გვეხმარება. ახლახანს ასპინძაში ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი ვნახეთ, ასევე გვქონდა შეხვედრა გეოგრაფთან და გავიგეთ, რომ საქართველო გეოგრაფიულადაც ძალიან მაგარი ქვეყანაა, სადაც ყველანაირ კლიმატს შეხვდები. ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებს შევადარეთ და გავიგეთ, რომ ასეთი მრავალფეროვანი ბუნება ბევრ სხვა ქვეყანას არა აქვს. მერე გვქონდა ლაშქრობა, ცოტა დავიღალეთ, მაგრამ უამრავი ლამაზი და მნიშვნელოვანი ადგილი ვნახეთ. იმედია მსგავსი გასვლები მომავალშიც იქნება და ჩვენი ცოდნაც კიდევ უფრო გაღრმავდება“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:53 | 21.06.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

16:04 | 21.06.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.118194