ამბები

23:19 | 2.10.2014 | ნანახია 2300 - ჯერ

"ბორჯღალოსნების" მასტერკლასი

გუშინ, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე პატარძეულის \"ვეფხვებს\" ერთობლივი ვარჯიშისა და მასტერკლასის გასამართად ბორჯღალოსნები, ეროვნული სარაგბო აკადემიის სამწვრთნელო შტაბი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი იწვივნენ.

ვარჯიში საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე 11 საათზე დაიწყო და საათნახევარს გასტანა. სტუმრებმა ჯერ გასახურებლად რამოდენიმე წრე არბენინეს პატარძეულელებს, ხოლო მოგვიანებით მილტონ ჰეიგი და ბიჭები უშუალოდ მასტერკლასზე გადავიდნენ.

ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა პატარძეულელები ავარჯიშეს პასის და შებოჭვის ტექნიკაში და ბოლოს უკონტაქტო რაგბიც ითამაშეს.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო მილტონ ჰეიგს და ნაკრების ბიჭებს სტუმრობისათვის. მსგავსი ღონისძიებები ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონში რაგბის პოპულარიზაციისათვის, ვინაიდან დღეს უამრავ ადგილობრივ მოზარდს მიეცა ბორჯღალოსნების ნახვის შესაძლებლობა. ჩვენში ბევრი მოზარდი ჭიდაობაზე დადის, თუმცა რაგბი ამ მხარეში ძალზე პოპულარული სპორტია და ვიმედოვნებ, რომ ასეთი მასტერკლასების შემდეგ სულ უფრო მეტი კახელი ჭაბუკი ჩაებმება ოვალური ბურთის ფერხულში.

ჩვენი გუნდი პირველ ლიგაში ასპარეზობს. ვამაყობთ იმით, რომ პატარძეულის ვეფხვებში რაგბის თამაში დაიწყო და გაიზარდა ბორჯღალოსანი მურაზ გიორგაძე, რომლისგანაც მისი ყოფილი თანაგუნდელები დღეს ბევრ რამეს ისწავლიან.

ვიმედოვნებ, რომ მსგავსი მასტერკლასები კახეთის და საქართველოს სხვა რეგიონებში სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რაც რაგბის პოპულარიზაციისათვის აუცილებელია“, – განაცხადა პატარძეულის ვეფხვების მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ცუხიშვილმა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085705