გასულ სეზონში საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში 19-მა ქართველმა მორაგბემ იასპარეზა. ყველაზე წარმატებული 2016/2017 წლების ჩემპიონატი „ოიონასა“ და „აჟენის“ მორაგბეთათვის გამოდგა - ტოპ 14-ში სწორედ ეს კლუბები დაწინაურდნენ.
„ოიონას“ საჩემპიონო შემადგენლობაში ორი ქართველი ბურჯი იყო - ირაკლი მირცხულავა და გიორგი ვეფხვაძე. პირველმა ჩემპიონატის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მეორემ - 12-ში.
„აჟენმა“ ტოპ 14-ის გზა პლეი-ოფის მოგებით გაიკაფა. ამ გუნდში ქართველები უფრო მეტნი იყვნენ. თამაზ მჭედლიძეს ხელი ტრავმებმა და დისკვალიფიკაციებმა შეუშალა, თორემ ლიგის საუკეთესო მელელოვეთა შორის უფრო მაღალ პოზიციაზე იქნებოდა. მის აქტივში 7 ლელოა 21 მატჩში, თუმცა, ამასთანავე, თაზომ 2-ჯერ ჩხუბისთვის წითელი ბარათი მიიღო. საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა კიდევ ერთ ბორჯღალოსანს, ბურჯ გიორგი თეთრაშვილს, ვინც „აჟენის“ სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა (14 მატჩი), ამავე გუნდში იყო კიდევ ერთი ბურჯი ვახტანგ ახობაძე (11).
ლიგიდან გავარდნენ „ბურგუენი“ და „ალბი“. პირველში ქართველები არ ირიცხებოდნენ, აი, „ალბიში“ კი, ვეტერანი ბორჯღალოსანი ბექა შეყლაშვილი გამოდიოდა, ვისაც საკმაოდ სტაბილური სეზონი გამოუვიდა - 24 თამაშში 2 ლელო. ბექა „ალბის“ ფედერალ 1-ში არ ჩაჰყოლია - კარიერას პრო დ2-ისვე „კოლომიეში“ გააგრძელებს.
ქართველთაგან მეორე ელიტურ დივიზიონში ყველაზე მეტი მატჩი კი ვეტერანი მეორეხაზელის, შალვა სუთიაშვილის ანგარიშზეა. ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ძალზე სტაბილური იყო და რაც გააცდინა, თითქმის ყველაფერი - სინბინების ლიმიტის ამოწურვის გამო.
ასევე ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდა კიდევ ერთ ბორჯღალოსან მესამეხაზელს: ბექა გორგაძემ 4 ლელო დადო და ტოპ 14-ის კლუბისგან საკონტრაქტო შეთავაზებაც მიიღო. ბექა 2018/2019 წლების სეზონს „ბორდოში“ დაიწყებს. ცნობისთვის, გორგაძე „მონ-დე-მარსანის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ გამოცხადდა.
მთლიანობაში, როგორც თავშივე ითქვა, პრო დ2-ში 19-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. მათი ჯამური მონაგარი - 23 ლელო.
მოთამაშე (კლუბი) | პრო დ2 |
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) | 25 (1ლ, 4სბ) |
ბექა შეყლაშვილი (ალბი) | 24 (2ლ, 2სბ) |
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) | 21 (7ლ, 2წ) |
ბექა გორგაძე (მონ-დე-მარსანი) | 20 (4ლ, 2სბ) |
ირაკლი მირცხულავა (ოიონა) | 19 (1ლ, 2სბ) |
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) | 19 (2სბ) |
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) | 19 (2სბ) |
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) | 18 (4ლ, 1სბ) |
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) | 15 (2სბ) |
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) | 15 (1სბ) |
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) | 14 (1სბ) |
გიორგი ვეფხვაძე (ოიონა) | 12 |
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) | 11 (2სბ) |
ლაშა ლომიძე (ბეზიე) | 10 (2ლ) |
არჩილ ბეჟიაშვილი (ვანი) | 9 |
ლაშა თავბერიძე (ანგულემი) | 7 (2ლ) |
ვახტანგ მაისურაძე (ვანი) | 4 |
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) | 2 (1სბ) |
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) | 2 |
განმარტება: ლ - ლელო, სბ - სინბინი, წ - წითელი ბარათი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარეთ ლომებო ! ! !