ქართველი ლეგიონერები

13:08 | 15.06.2017 | ნანახია 5068 - ჯერ

თორნიკე მატარაძე და გურამ პაპიძე - „ლიონში“ კიდევ 2 წლით

გასულ სეზონში ტოპ 14-ში და რაგბი ევროპის ჩელენჯ კაპზე მოასპარეზე „ლიონში“ ერთბაშად 4 ქართველი მორაგბე ირიცხებოდა, მაგრამ ძირითად გუნდში მხოლოდ ერთს უთამაშია, ისიც - ეპიზოდურად.

24 წლის ბურჯმა ზაზა ნავროზაშვილმა ფაქტობრივად მთელი სეზონი ტრავმის მოშუშებაში და რეაბილიტაციაში გაცდინა და თამაშის შანსი ვერ მიიღო. გასულ თვეში მან „ალბისთან“ კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ეს უკანასკნელი ფედერალ 1-ში დაქვეითდა და კარგი იქნება, თუ კლუბი ნიჭიერ ქართველ ბურჯს რომელიმე ელიტურ კლუბში გაანათხოვრებს.

კიდევ სამი ლიონელი ქართველი კი ესპუარია. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. საუბარია გიორგი ჯავახიას, თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის შესახებ.

20 წლის აწ უკვე ბორჯღალოსანმა და მილტონ ჰეიგის მიერ ნაქებმა ბურჯმა თორნიკე მატარაძემ საფრანგეთის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში სადებიუტო მატჩი ჩაატარა - „გრენობლის“ წინააღმდეგ შეცვლაზე 28 წუთი ითამაშა. მანამდე მატარაძემ ჩელენჯ კაპის ჯგუფური ეტაპის 3 მატჩში ითამაშა, სამივეჯერ - შეცვლაზე. დღეს თორნიკე ბორჯღალოსნებთან ერთად ამერიკულ ტურნეზე იმყოფება.

20 წლის მესამეხაზელ გიორგი ჯავახიას გასული სეზონი მთლიანად ესპუარებში აქვს გატარებული, ისევე, როგორც ბურჯ გურამ პაპიძეს, ვინც დღესდღეობით თბილისში ნორჩი ბორჯღალოსნების რაზმში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ომობს.

პაპიძე ხვალ გახდება 20 წლის და დროში ისე დაემთხვა, რომ კლუბმა იუბილეზე კარგი საჩუქარი მოუმზადა. გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ლიონმა“ მატარაძეს და პაპიძეს 2-წლიანი კონტრაქტები გაუფორმა. იმედია, ახალ სეზონში თორნიკე ფეხს მოიკიდებს მთავარ გუნდში, ხოლო გურამს დებიუტს მივულოცავთ. რაც შეეხება გიორგი ჯავახიას, მას „ლიონთან“ კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:03 | 16.06.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

13:18 | 15.06.2017
GO_GO_LELOS (81)

ლიონშია ლუკა იურინიც

0.083345