ნოემბრის სანაკრებო ტესტებამდე ერთი თვით ადრე ქართულ-სამხრეთ აფრიკულ ასაკობრივ რაგბს ვიხილავთ. ჩვენს 15 და 17 წლამდე ნაკრებებთან სათამაშოდ დღეს თბილისში სამხრეთ-აფრიკული კლუბის “ა-ფე-ეს”-ის (AVS– აფრიკანერ ფოლკია სპორტ) 14 და 16 წლამდელები ჩამოვიდნენ.
გუნდები ჩრდილოეთ კონცხისა და ხაუტენხის (Gauteng, ყოფილი “ტრანსვაალ’) შესაბამისი ასაკის მორაგბეებისგან შედგება. სტუმრები საქართველოში ეროვნულსა და დასავლეთის ნაკრებებს შეხვდებიან.
მატჩების განრიგი
ტურნეს პირველ სამატჩო დღეს, პარასკევს, 3 ოქტომბერს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართება ორი მატჩი:
16.30 საქართველო 15 წ. – აფეეს 14 წ. (2x25 წუთი)
18.00 საქართველო 17 წ. – აფეეს 16 წ. (2x35 წუთი)
ორშაბათს, 6 ოქტომბერს, ტურნეს მეორე ეტაპზე, სამხრეთ აფრიკელები ქუთაისს ესტუმრებიან:
16.30 დასავლეთ საქართველო 15 წ. – აფეეს 14 წ. (2x25 წუთი)
18.00 დასავლეთ საქართველო 17 წ. – აფეეს 16 წ. (2x35 წუთი)
ასპარეზობის ბოლო ეტაპი პარასკევს, 10 ოქტომბერს, კვლავ შევარდენზე გაიმართება. პროგრამა პირველი ეტაპისას ემთხვევა:
16.30 საქართველო 15 წ. – აფეეს 14 წ. (2x25 წუთი)
18.00 საქართველო 17 წ. – აფეეს 16 წ. (2x35 წუთი)
ამით, რაგბის ქართველ ქომაგს ხარისხიანი საერთაშორისო ასაკობრივი რაგბის ცქერის შესაძლებლობა მიეცემა.
“ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სამხრეთ-აფრიკული ასაკობრივი გუნდები საქართველოში ტურნეს მართავენ. ეს თავის მხრივ იმით აიხსნება, რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ძლიერ მეტოქეებად მიიჩნევიან.
გარდა ამისა, ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ასაკობრივი გუნდებისთვის, ვინაიდან მათ შინ ეძლევათ საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ეს კი, აუცილებლად გამოადგებათ მომავალ საკლუბო თუ სანაკრებო კარიერაში.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი და სამხრეთ-აფრიკული მხარის თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ასეთი დონის მატჩებს ჩვენი ბიჭების მონაწილეობით”, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ხურციძემ.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია