20-წლამდელები

23:57 | 13.06.2017 | ნანახია 4915 - ჯერ

20-წლამდელთა ფინალში - ახალი ზელანდია და ინგლისი

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 1/2-ფინალური მატჩები ძალიან საინტერესო გამოდგა და მაყურებელთა იმედი სრულად გაამართლა. ისტორიული დღე გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის, თუმცა არგენტინასთან გამარჯვებაზე უკვე დაიწერა, ამიტომაც ამჯერად სხვა შეხვედრებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ასევე მშვენიერი საყურებელი გამოდგა და გულშემატკივარმა მათი ხილვით დიდი სიამოვნება მიიღო.

დავიწყოთ მოწინავეების ჯახით. საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების მატჩის დასრულებისთანავე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ინგლისის და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება დაიწყო. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ნახევარში გუნდებმა ორ-ორი ლელო დადეს, თუმცა აფრიკელებმა ერთი გარდასახვა ვერ გაიტანეს, ხოლო ინგლისელთა მხრიდან მალინსი უშეცდომო იყო, ერთი ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 17:12 დასრულდა.

მეორე ნახევარი “ქურციკების” აქტიურობით დაიწყო და 56-ე წუთზე ვან ჰერდენმა მეტოქე დაალელოვა, ხოლო გარდასახვა ბოშმა შეასრულა ზუსტად, რომელმაც 72-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და აფრიკელები უკვე 5 ქულით გავიდნენ წინ. სამხრეთ აფრიკა გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ 75-ე წუთზე მისი დაცვა მოირღვა და “წითელი ვარდების” შეტევა მერსერის ლელოთი და მალინსის გარდასახვით დასრულდა – 24:22.

შედარებით იოლად გამოვლინდა მეორე ფინალისტი. დღის დასკვნით მატჩში ახალმა ზელანდიამ ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა საფრანგეთი. “ბეიბი ბლექსმა” პირველ ნახევარში შესანიშნავად ითამაშა და “მიხეილ მესხზე” შეკრებილი ქომაგი ულამაზესი ლელოებით აღაფრთოვანა. ტაიმი 29:0 დასრულდა. მეორე ნახევარიც ზელანდიელთა აქტიურობით დაიწყო და 46-ე წუთზე ანგარიში 36:0 გახდა, მაგრამ შემდეგ ფრანგებმაც გამოიღვიძეს (შესაძლოა, ზელანდიელებმაც აღარ გამოიდეს თავი და ფინალისთვის ძალები შეინახეს) და დარჩენილ დროში 4 ლელო დადეს, თუმცა “ბეიბი ბლექსს” მაინც დამაჯერებელი გამარჯვება გამოუვიდა – 39:26.

V-VIII ადგილებისთვის მატჩები ავჭალის სტადიონზე გაიმართა, სადაც ავსტრალიის ნაკრებმა იტალიის გატეხვა მეორე ნახევარში მოახერხა და საბოლოოდ 42:19 დაამარცხა, ხოლო შოტლანდიამ უელსს დაძაბულ ბრძოლაში 29:25 მოუგო.

დღის გახსნით შეხვედრაში კი, ირლანდიის 20-წლამდელთ ნაკრებმა ავჭალაში სამოა გაანადგურა (52:26), ელიტაში ადგილი შეინარჩუნა და მე-9 ადგილისთვის საქართველოს დაუპირისპირდება, ხოლო სამოა გადასარჩენად არგენტინის ნაკრებს შეხვდება.

ფინალი. 18 ივნისი

XI ადგილისთვის

12:00. “ავჭალა”

არგენტინა – სამოა

IX ადგილისთვის

13:00. “მიხეილ მესხი”

საქართველო – ირლანდია

V ადგილისთვის

14:30. “ავჭალა”

ავსტრალია – შოტლანდია

III ადგილისთვის

15:30. “მიხეილ მესხი”

სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი

VII ადგილისთვის

17:00. “ავჭალა”

უელსი – იტალია

ფინალი

18:00. “მიხეილ მესხი”

ახალი ზელანდია – ინგლისი


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:37 | 16.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

მოგესალმებით ყველას! ძაან გამახარა არგენტინის დამარცხება, რომ შევძელით, რასაც ვულოცავ ჩვენი ნაკრების ყოველ წევრს, სრულიად საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველა ქართული რაგბის ქომაგს!
მე მინდა ერთ ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება. ჩემი აზრით რაგბი U20 ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად ერთი ერთი იყო ის, რომ ერთა თასის თამაშებს (რუსეთთან და რუმინეთთან განსაკუთრებით), ტესტ მატჩებს თბილისში ბევრი მაყურებელი ესწრებოდა. ალბად ელოდნენ რაგბის მესვეურები, რომ U20 ჩემპიონატზე გადაჭედილი იქნებოდა სტადიონები. მეც მასე ველოდი. არ მეგონა თუ საქართველოს თამაშებს არგენტინასთან, სამხრეთ აფრიკასთან და საფრანგეთთან ასე ცოტა მაყურებელი ეყოლებოდა სტადიონზე. არ მეგონა ახალი ზელანდიის, ინგლისის, ავსტრალიის და სხვა გრანდების თამაშები არ დაინტერესებდა რაგბის მოყვარულებს. რამდენჯერ მინახავს რუსეთის თამაშებზე როგორ ემზადებოდა ოჯახის ყველა წევრი, პატარა ბავშვების ჩათვლით სტადიონზე წასასვლელად. რუსეთისა და რუმინეთის თამაშებზე 50 ათასამდე (თუ მეტი არა) მაყურებელი იყო, ამის მეხუთედი მაინც, რომ მოსულიყო რაგბი U20 თამაშებზე ეს დიდი პლიუსი იქნებოდა ქართული რაგბისათვის რაგბის საერთაშორისო ფედერაციაში. სხვა ყველაფერთან (რაგბის დონის ამაღლება, პროგრესირება, ნიჭიერი და ფიზიკურად ძლიერი მორაგბეები, რაგბის სიყვარული...) ერთად ქართული რაგბი ევროპელ რაგბის მესვეურებსა და მოყვარულებს ხიბლავდა გადავსებული სტადიონებით, როცა დინამოზე ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვეთამაშებოთ მოწინააღმდეგე გუნდებს - გაიხსენეთ თამაშები რუმინეთთან, სამოასთან, აშშ, კანადასთან, იაპონიასთან, არგენტინის A ნაკებთან და ა.შ., რომ არაფერი ვთქვათ რუსეთთან თამაშებზე. მიკვირს რაგბის ქომაგებმა რატომ არ გაუკეთეს ამ თამაშებზე დასწრებას ორგანიზება? ხომ შეიძლებოდა დასწრების პოპულარიზება, მოწოდება, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლეთა (ახალგაზრდული ნაკრებია მაინც) მობილიზება, რაგბის სკოლების პატარა მოთამაშეების ორგანიზებულად მიყვანა? ბევრი ბავშვი ამ თამაშების მერე უფრო შეიყვარებდა რაგბს. შეეძლო ბევრ დაწესებულებებს, ორგანიზაციებს 5 დღე ამ თვეში ნახევარი დღე ემუშავა და რაგბზე წასვლის ორგანიზაცია გაეკეთებინათ. მესმის ძალით ვერავის წაიყვან, მაგრამ კარგი პროპაგანდით შესალებელი ყველაფერი იქნებოდა. კარგი იქნება ბოლო თამაშბზე მაინც იყოს მაყურებელთა რაოდენობა გაზრდილი. ჩემი აზრით გადაჭედილი სტადიონები რამოდენიმე თამაშზე მაინც ან მაყურებელთა დიდი რაოდენობა იმის გარანტია იქნებოდა, რომ რაგბის ტურნირები უფრო მეტი და ხშირად ჩატარდებოდა საქართველოში.

17:03 | 14.06.2017
geogoli (367)

თუ ვინმემ ნახეთ ზელანდიის თამაშები, 2 ნომერი ყავთ საოცარი, დავიმახსოვროთ, ალბათ მომავალ ვარსკვლავს ვუყურებთ საქართველოში. ინგლისელი მერსერიც კაი ბიჭია

22:09 | 14.06.2017
BEERTRANCE (1073)

აბა, ბარეორ უკანახაზელს შეშურდება რა სიჩქარეც აკრიფა. ინგლისელებში ებიტოიაც მაგარია.

15:35 | 14.06.2017
sabonis (74)

რა მაინტერესებს იცით მომავალი ახალგაზრდული მსოფლიო არგენტინაშიაო და დავუშვათ ძნელი სავარაუდოა, მარა მაინც არგენტინამ წააგო სამოასთან და ბოლოზე დარჩა, წესით უნდა გავარდეს, მარა მასპინძელი, როგორ შეიძლება არ მონაწილეობდეს რა ხდება ამ დროს?

16:13 | 14.06.2017
BEERTRANCE (1073)

შოტლანდიაში ტარდება

15:48 | 14.06.2017
maxo_65 (458)

ჯერ არააო გადაწყვეტილი..ისე მაგ შემთხვევაში მასპინძელი გუნდი თამაშობს..ე.ი არგენტინაში რომ ჩატარდეს უეჭველი, სამოა უკვე გავარდნილი იქნებოდა...

12:55 | 14.06.2017
ოვალური კორბენი (276)

აი ბატონო, რაგბშიც ყოფილა შესაძლებელი მოშვება. რო მიმტკიცებდნენ შოტლანდიასთან ტესტის მერე, მეორე ტაიმში ვაჯობეთ სქოთებსო. კი არ ვაჯობეთ, იმათმა ჩათვალეს საქმე თითქმის მოთავებულად და თავი აღარ გამოიდეს.
სხვათაშორის მილტონ ჰეიგმაც აღნიშნა ეს ერთერთ ინტერვიუში.

16:12 | 14.06.2017
BEERTRANCE (1073)

კი კორბენ შეიძლება მოშვება, ოღონდ აი კარგი ცოდნა უნდა მაგას როდის და რა შემთხვევაში მოშვება.

11:11 | 14.06.2017
maxo_65 (458)

შეიძლება ირლანდიელებთან მოგებაც..

14:40 | 14.06.2017
ogafa (407)

აბა რა

11:06 | 14.06.2017
maxo_65 (458)

რა მაგარი თამაშებია და ხალხს საერთოდ არ აინტერესებს

0.256262