საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 21 წლის შუამარბმა მერაბ შარიქაძემ საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში ლელოთა ანგარიში გახსნა.
ახალგაზრდა მორაგბემ გასული სეზონი ამავე დივიზიონში მოასპარეზე “ბურგ-ან-ბრესში” გაატარა, რომელიც დივიზიონს დაემშვიდობა, მაგრამ შარიქაძე გუნდს “ფედერალ 1”-ში არ ჩაყვა და “ორიაკში” გადავიდა. განვლილ სამ ტურში მან შეუცვლელად ითამაშა და “მონტობანს” ლელო გაუტანა. მისმა, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის “ორიაკმა” 25:9 მოიგო და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
ქართველი ლეგიონერი მე-16 წუთზე 5-მეტრა შერკინებიდან დაწყებული შეტევის შემდეგ ბურთს მარცხენა ფლანგზე დაელოდა და გრძელი გადაცემის მიღების შემდეგ, მცველის მცდელობის მიუხედავად, ის მარცხენა ხელით ხაზს იქით გადადო. ამას ზუსტი გარდასახვა მოყვა და ანგარიში 10:0 გახდა.
შესვენებამდე მასპინძელთა მორკინალები სამჯერ დაჯარიმდნენ და “ორიაკი” შესვენებაზე 1-ქულიანი უპირატესობით გავიდა.
50-ე წუთიდან თამაშში დათუნაშვილი ჩაერთო, მან კაპიტნის ფუნქციები გადაიბარა და “ორიაკმა” დარჩენილ ნახევარ საათში კიდევ ორი ლელო გაიტანა, რომელთაგან ერთს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა, ხოლო შუალედში მასპინძლებმა ჯარიმა გამოიყენეს. ხატიაშვილი განაცხადში არ იყო. ამრიგად, “ორიაკმა” სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა და 6 ქულით მე-11 ადგილზეა.
სამი ტურის შემდეგ Pro D2-ის 16 გუნდიდან დაუმარცხებელი მხოლოდ ორია და ორივე -ქართველი ლეგიონერების. 14 ქულით პირველ ადგილზე გიორგი ნაცარაშვილის “პოა”, რომელმაც თამაზ მჭედლიძის, ტარიელ რატიანიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” 26:21 დაამარცხა.
თამაში დაძაბული გამოდგა და რეფერიმ მასპინძელთა ორი და სტუმართა ოთხი მორაგბე გაასინბინა. 25-ე წუთზე მეტოქის ბურჯთან ერთად ყვითელი ბარათით ნაცარაშვილიც დაისაჯა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო გარემარბი მჭედლიძე, რომელიც სამწუხაროდ მე-14 წუთზე შესაცვლელი გახდა. განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ შესულა პირველხაზელი თეთრაშვილი.
პირველ ტაიმში “პოს” სამ ჯარიმას “აჟენმა” ხუთით უპასუხა და 15:9 დაწინაურდა, მაგრამ 51-ე წუთზე პირველი ლელო გაუშვა. 63-ე წუთზე სტუმრებმა ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნეს, მაგრამ 4 წუთში ლელო მიიღეს. 71-ე წუთზე გატანილი ჯარიმით “აჟენმა” წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 76-ე წუთზე მესამე ლელო მიიღო და მეტოქეს პრემიალური ქულაც უბოძა. 1 პრემიალური ქულა 5-ქულიანი სხვაობით მარცხისთვის “აჟენსაც” ერგო და ის 3 ქულით მე-15 ადგილზეა.
ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასის” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 19:16 იმარჯვა. სტუმართა განაცხადში მხოლოდ შეყლაშვილი იყო და შეცვლაზე დასკვნითი 12 წუთი ითამაშა. მასპინძელთა მესამე ხაზში სრულად ითამაშა სუთიაშვილმა, აშვეთია და ყუფარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და პირველი ახობაძემ 57-ე წუთზე შეცვალა, ხოლო მეორემ მოედანზე 75 წუთი გაატარა.
“ალბი” მე-13 წუთისთვის 10:0 დაწინაურდა, მაგრამ 5 წუთში თავად გაუშვა ლელო, გარდასახვა და ჯარიმა. შესვენებამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 13:13 დასრულდა. საათის თავზე “მასი” ჯარიმით პირველად დაწინაურდა, მაგრამ ორიოდე წუთში ჯარიმა თავადაც გაუშვა. სტუმრებმა გადამწყვეტი ჯარიმა უკანასკნელ წუთზე გაიტანეს და ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს, მასპინძლებს კი, 1 პრემიალური ქულა დაუტოვეს. “ალბი” 13 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “მასი” 2 ქულით ბოლო საფეხურზეა.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” სტუმრად კახა კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბთან” 15:16 დამარცხდა. ბასილაიამ შეუცვლელად ითამაშა. ნემსაძემ ტრავმირებული თანაგუნდელი მე-10-დან მე-15 წუთამდე შეცვალა, ხოლო 55-ე წუთზე სრულფასოვნად გავიდა მოედანზე. კობერიძე თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო. “პერპინიანმა” ტაიმი 8:6 მოიგო და 51-ე წუთზე 15:9 დაწინაურდა, მაგრამ 62-ე წუთზე თავად მიიღო ლელო, გარდასახვაც ზუსტი იყო და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. “პერპინიანმა” პრემიალური ქულა მიიღო და 9 ქულით მე-3 ადგილზეა. “ტარბიმ” მეორე გამარჯვება მოიპოვა და 8 ქულით მე-8-ა.
ასტამურ იოსელიანის “ნარბონმა” ქართველი ლეგიონერის გარეშე ლაშა ლომიძის “ბეზიეს” უმასპინძლა და 25:15 დაამარცხა. ლომიძე მწვრთნელმა შერკინების შეკვრელად, 8 ნომრის პოზიციაზე გადაიყვანა და შეუცვლელად ათამაშა. ის ჩვეულად აქტიურობდა და გუნდს ხუთიდან სამი ჯარიმის მოპოვებაში დაეხმარა. ტაიმი 12:12 დასრულდა, მაგრამ “ბეზიეს” ჰუკერი წითელი ბარათის გამო რომ გაუძევეს, პრობლემები გაჩნდა. საათის თავზე ანგარიში კვლავ საყაიმო იყო (15:15), თუმცა დასკვნით წუთებში მასპინძლებმა ჯერ ჯარიმა, მერე ლელო და გარდასახვა გაიტანეს და სტუმრები უქულოდ დატოვეს. “ბეზიე” 8 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო “ნარბონი” 5 ქულით მე-13 პოზიციაზეა.
Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 13-14 სექტემბერს გაიმართება.
მერაბ შარიქაძის ლელო: http://www.dailymotion.com/video/x25dmwc_aurillac-montauban-25-9-j3-saison-2014-2015_sport?start=0
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია