საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, მოსკოვის მსგავსად ევროპის გრან პრის მეორე, ლოძის (პოლონეთი) ეტაპზეც მე-8 ადგილი დაიკავა.
ამჯერადაც ყველა თამაშში იბრძოლა, ჯგუფურ ეტაპზე ორი გამარჯვება მოიპოვა, პლეი ოფებში კი შეხვედრები მცირედი სხვაობით დათმო. შეგახსენებთ, ჩვენმა 7-კაცამ ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს 24:14 და ბელგიას 26:12 მოუგო, ხოლო ესპანეთს 3 ქულით ჩამორჩა (14:17) და თასის მეოთხედფინალში ამჯერადაც რუსეთს შეხვდა.
ეტაპის მომავალ გამარჯვებულთან ლევან გოგოლაშვილის ლელოთი დავწინაურდით, რომელიც მცველს კარის წინ ლამაზი ფინტით გაექცა და გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა, მაგრამ საპასუხოდ 2 ლელო მივიღეთ და 7:14 ჩამოვრჩით. შესვენების შემდეგ რამაზ ხარაზიშვილს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, ტაიმის შუაში მეტოქემ მესამე ლელო დადო და მსჯამა ბექა ურჯუკაშვილი წითელი ბარათით გაგვიგდო. კაცნაკლულებმა იქით შევუტიეთ და ზურაბ ძნელაძის ლელო მამუკა ნინიძემ გარდასახა. ბოლო შეტევისთვის წამები რჩებოდა, თუმცა ბურთის მოგების ზონაში დავჯარიმდით და თამაში 14:19 დასრულდა.
5 ადგილის ნახევარფინალში ინგლისთან დიდხანს ვდომინირებდით, რეზი ჯინჯიხაძემ ხაზი გაჭრა და მის წინ აღარავინ იყო, მაგრამ სიჩქარე ვერ აკრიფა. ტაიმის მიწურულს მამუკა ნინიძემ ლელო დადო და თავადვე გარდასახა, თუმცა გაწითლებულ დროზე ლელო მივიღეთ და ტაიმი 7:5 მოვიგეთ. შესვენების შემდეგ ინგლისელებმა კიდევ 3 ლელო დადეს და ბექა ურჯუკაშვილმა ერთით უპასუხა - 12:22.
7 ადგილისთვის საფრანგეთს ვეთამაშეთ და ორი ლელოთი ჩამოვრჩით. რამაზ ხარაზიშვილმა ერთი მეორე ტაიმის შუაში გაქვითა და რთული პოზიციიდან გარდასახა. უკანასკნელ წუთზე ის ფრანგებს ჩვენი ნახევრიდან გამოექცა და მეორე ლელო დადო, ესეც გარდასახა და ფრე 14:14. დამატებითი დრო დიდხანს გაგრძელდა, ორ-ორი სალელოვე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, ბოლოს ფრანგებს გაუმართლათ და 19:14 მოგებით მე-7 ადგილი დარჩათ, ჩვენ კი ზედიზედ მეორე ეტაპზე მე-8 ადგილი დავიკავეთ.
ეტაპის ფინალში რუსეთმა ესპანეთს 24:19 მოუგო. ესპანელებმა ზედიზედ მეორე ფინალი წააგეს. მოსკოვის ეტაპის გამარჯვებულმა ირლანდიამ უელსი მესამე ადგილისთვის 35:5 დაამარცხა, ხოლო მე-5 ადგილზე გერმანია გავიდა, რომელმაც ინგლისს 29:26 აჯობა.
ეტაპის შემდეგ ევროპის გრან პრის სამი ლიდერი ყავს - ირლანდიას, რუსეთს და ესპანეთს 36-36 ქულა მოუგროვდათ. საქართველო ჯამური 12 ქულით მე-9 ადგილზეა და ჰონკონგის საგზურის მოპოვების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. მსოფლიო სერიის მონაწილე გუნდებიდან რუსეთი, ესპანეთი, საფრანგეთი (20 ქულა), უელსი (17) და ინგლისი (14) გვისწრებენ; არამონაწილეთაგან ირლანდია, გერმანია (20) და იტალია (18). ჩვენს მსგავსად 12 ქულა აქვს პორტუგალიასაც. შეგახსენებთ, ჰონკონგის საგზურს, რომელიც მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირს მასპინძლობს, ევროპიდან სერიის არამონაწილე ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს.
გრან პრის მესამე ეტაპს საფრანგეთი, კლერმონ-ფერანი 1-2 ივლისს უმასპინძლებს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხარაზიშვილი სასწრაფოდ ნაკრებში, მეტი რაღა უნდა ქნას კაცმა, ძალიან მაგარი მორაგბეა! რაც შეეხება მთლიანად ნაკრების გამოსვლას ძალიან უკმაყოფილო ვარ, რაღაც ნაპერწკალი გვაკლია თითქოს უგულოდ აკეთებენ ბოჭვებს, პასს მცველის აყვანამდე აკეთებენ მუდმივად. პროგრესის დანახვა მინდა მთელი გულით მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ
ჯგუფურს კარგად ვთამაშობთ და მეორე დღეს გვიჭირს, ალბათ ფიზ მომზადების საკითხია