ევროპის სერია

22:43 | 10.06.2017 | ნანახია 1383 - ჯერ

7-კაცამ პოლონეთში ორი მოიგო

ევროპის გრან პრის მეორე, ლოძის (პოლონეთი) ეტაპზე, ჩვენმა 7-კაცამ ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა მოიგო და ხვალ თასის მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება.

პოლონეთში პირველი მატჩი საფრანგეთთან გვქონდა და ის მაღალ დონეზე ჩავატარეთ. პრესინგით და აგრესიული დაცვით ფრანგებს შეცდომები დავაშვებინეთ, ბურთზე კონტროლთან ერთად ტერიტორიული უპირატესობა მოვიპოვეთ და მალევე დავწინაურდით. რამაზ ხარაზიშვილის კონტრშეტევა ლელოთი ლევან გოგოლაშვილმა დაასრულა. 1 წუთში ხარაზიშვილმა გოგოლაშვილს ოფლოუდი ამოუგდო და მეორე ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა - 12:0.

პირველ ტაიმში ფრანგები ჩვენს ნახევარზე არც გადმოსულან და მეორე ნახევრის დებიუტში წნეხმა მათ კიდევ ერთი შეცდომა დააშვებინა, რაც ნიკა სუხაშვილის ლელოთი და ბაბუნაშვილის გარდასახვით დასრულდა. მეტოქემ ორი ლელო-გარდასახვა მალევე გაქვითა, სათამაშო კიდევ 2,5 წუთი რჩებოდა. ქართველმა მორაგბეებმა ძალები მოიკრიბეს, ბურთი დაიბრუნეს და თამაში გურამ შენგელიას ლელოთი დაასრულეს - 24:14.

მეორე მატჩი მოსკოვის ეტაპის ფინალისტ ესპანეთთან გვქონდა და ხარაზიშვილის ლელოთი დავწინაურდით. ბაბუნაშვილმა გარდასახა, მაგრამ ესპანელებმა შესვენებამდე წონასწორობა აღადგინეს, ხოლო მეორე ტაიმში 2 ლელო დადეს. მამუკა ნინიძემ ერთი საპასუხო ლელო დადო და თავადვე გარდასახა, თუმცა მატჩის გადასარჩენად დრო აღარ დაგვრჩა - 14:17.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ბელგიას 26:12 მოვუგეთ. პირველ ტაიმში ლელოები ალექსი ხუციშვილმა, ბაბუნაშვილმა და ზურაბ ძნელაძემ მიითვალეს, ხოლო ბაბუნაშვილმა სამივე გარდასახა - 21:0. მეორე ტაიმში კიდევ ერთი ლელო სუხაშვილმა დაამიწა. ამრიგად, ჯგუფში დავიკავეთ მეორე ადგილი და საერთო რეიტინგში მეხუთე ადგილზე გავედით.

ისე, როგორც პირველ ეტაპზე (მოსკოვში), თასის მეოთხედფინალში პოლონეთშიც რუსეთს ვეთამაშებით. შეხვედრა თბილისის დროით 13:06 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ირლანდიისა და ინგლისის წყვილს შორის უკეთესს შევხვდებით.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083673