20-წლამდელები

22:31 | 10.06.2017 | ნანახია 1571 - ჯერ

ჰაკათონი 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში

სან დიეგოს უნივერსიტეტი ტექნოლოგიური ნოვაციებით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია. მილენიუმის დასაბამიდან ამერიკელებმა საფუძველი დაუდეს ჰაკათონს (hackathon), რომლის მთავარ მიზანს ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის ეფექტური გზების პოვნაა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში, თემატური ჰაკათონის პირველი ექსპერიმენტის ჩასატარებლად არჩევანი რაგბზე შეაჩერა და საკონკურსო მარათონი 48-საათიან უწყვეტ რეჟიმში გააჩაღა. ჰაკათონის პროექტმა შეიძლება მოიცვას რაგბის ნებისმიერი ელემენტი (შიდა და გარე კომუნიკაცია; ვარჯიშების ეფექტურობის გაზრდა; თამაშის ანალიზი; მორაგბეთა ფიზიკური კონდიციების ამაღლება). პროექტი ხორციელდება საქართველოს რაგბის კავშირის, სატელეკომუნიკაციო კომპანია ‘ბილაინის“ და ფონდ - „ათასწლეულის გამოწვევის“ მხარდაჭერით.

თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებში, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან 50 წარჩინებული სტუდენტი 15 ჯგუფად გადანაწილდა. კონკურსის მონაწილენი პირველ ეტაპზე დამოუკიდებლად პროექტებს ქმნიან, შემდეგ კი მათ პრეზენტაციას ჟიურის წინაშე ახდენენ. წარმოდგენილ პროექტთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ახალი საკომუნიკაციო აპლიკაციები, რომელიც თანამედროვე მოწყობილობების გათვალისწინებით რაგბში კომუნიკაციას ბევრად გაამარტივებს. ასევე ყურადღებას იპყრობს ავტომატური განმანალიზებლები, რომლებიც თამაშის ანალიზს ოპერატორის დამოუკიდებლად განახორციელებენ.

გუნდების მენტორებთან შეხვედრამდე, პროექტის ორგანიზატორები, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები დავით სოსელია და გიგა ვაშაკიძე მონაწილეებს ფასეულ რჩევებს აძლევენ, რის შემდგომ მენტორები წარმოდგენილი პროექტების კორექტირებას ახდენენ და წინასწარ შეფასებებსაც იღებენ.

კონკურსის დასკვნით დღეს, 11 ივნისს, სამი გამარჯვებული ჯგუფი გამოვლინდება, რომელთაც ფულად ჯილდოებთან ერთად, მომავალში აღნიშნული პროექტის საკუთრივ განვითარების პერსპექტივის უფლებაც მიეცემათ.

თავის მხრივ, საქართველოს რაგბის კავშირი წარმატებულ პროექტს შეარჩევს და ნოვატორებს ქართულ რაგბში მის დანერგვასა და განვითარებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონიალზე მინი-ლექციას „ნასას“ (აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველო) ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერი შონ ფულერი წაიკითხავს, ვინაც ამჟამად საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:15 | 11.06.2017
federer (17) (469)

თამაშს როგორ ვუყურო?

0.084162