20-წლამდელები

22:24 | 10.06.2017 | ნანახია 1717 - ჯერ

20-წლამდელთა ჩემპიონატი HEFORSHE-ს შეურთდა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე გუნდები გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის - HeForShe-ს შეუერთდნენ და შესაბამისი თანამშრომლობაც გაფორმდა.

ღონისძება გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ გახსნა: „საქართველოში HeForShe-ს ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი საქართველოს რაგბის კავშირი იყო. განსაკუთრებული მადლობა ამისთვის და ასევე ინიციატივისთვის, რომლის ფარგლებშიც ქართველი მორაგბეები მხოლოდ წელს სხვადასხვა სოფლის 500 ბავშვს შეხვდნენ და გოგონებსა და ბიჭებს არაძალადობრივი ქცევის მნიშვნელობაზე, , ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობაზე ესაუბრნენ. დღევანდელი ინიციატივა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში იმართება. დიდი მადლობა ჩეპიონატის დირექტორს საიმონ კიბლს და ჩეპიონატის მონაწილე ქვეყნებს“.

ქალბატონმა კვაპილოვამ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო კავშირის მნიშვნელობა აღნიშნა და გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სარაგბო თემს შორის არსებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა: „დღევანდელი ღონისძიება ამ თანამშრომლობის დადასტურებაა. მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა არა სიმბოლური, არამედ ქმედითია“, - აღნიშნა მან.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ერიკა კვაპილოვას: „მორაგბეები ამ კამპანიის უბრალო მხარდამჭერები არ ვართ. ეს ჩვენი ცხოვრების წესია და მუდამ ასეთად დარჩება“, - აღნიშნა გოჩა სვანიძემ.

მსოფლიო რაგბის სახელით HeForShe-ს მხარდაჭერა 20-წლამდელთა ჩემპიონატის დირექტორმა საიმონ კიბლიმ გამოუცხადა: „გენდერული თანასწორობის დაცვა უმნიშვნელოვანესია. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ამ კამპანიაში ვმონაწილეობთ“, - განაცხადა მან და შემდეგ ეს მხარდაჭერა სიმბოლური ხელმოწერით დაადასტურა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ახალი სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. იგი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და სპორტის საშუალებით ქალთა გაძლიერებას ემსახურება.

HeForShe გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური სოლიდარობის მოძრაობაა გენდერული თანასწორობისთვის. იგი მიზნად ისახავს ქალთა უფლებების დაცვასა და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაში კაცების მონაწილეობის გაზრდას.

დღევანდელ ღონისძიებას 20-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე გუნდების კაპიტნები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:07 | 11.06.2017
fereidneli (24)

ნუ წაიღეთ ტვინი ამ გენდერული თანასწორობით

0.081377