20-წლამდელები

17:29 | 9.06.2017 | ნანახია 2227 - ჯერ

20-წლამდელები: დღე მესამე

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით დღეს, „ა“ და „ბ“ ჯგუფის თითო-თითო მატჩში ფავორიტებმა იოლად იმარჯვეს, ორში კი ფინალის ტოლფასი ბრძოლა გაიმართა.

„ა“ ჯგუფი

„ავჭალაზე“ მესამე სათამაშო დღე უელსისა და სამოას ნაკრებების მატჩით გაიხსნა. ეს გუნდები ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძოდნენ, უელსმა მეტოქის 54:20 დამარცხებით გასავარდნ პლეი ოფში თამაში თავიდან აიცილა.

დებიუტი სამოელების იყო. უელსი ხშირად ცდებოდა და ჯარიმდებოდა. ენემ ორი ჯარიმა კი გაიტანა, მაგრამ სამოელებმა ორი სალელოვე კონტრშეტევა ვერ გამოიყენეს და უელსმა უპირატესობა მეთოდურად გაზარდა. მათ თითო ტაიმში ოთხ-ოთხი ლელო დადეს და სასურველი სხვაობით იმარჯვეს.

ვილ ჯონსი (უელსის კაპიტანი): „ინგლისთან მატჩშიც დავამტკიცეთ, რომ ძლიერი შერკინება და შემადგენლობა გვყავს. სწორედ ამიტომ, სამოასთან მატჩს თავდაჯერებული შევხვდით, პირველსავე ტაიმში ავიღეთ ბონუს-ქულა. ამან რწმენა კიდევ უფრო განგვიმტკიცა და საბოლოოდ დიდი სხვაობით ვიმარჯვეთ“.

ივან ფეპულეაი (სამოას კაპიტანი): „თამაშზე მოსაგებად გავედით და საწყის 10 წუთში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, თუმცა მათი სათანადოდ გამოყენება ვერ შევძელით. უელსი თავს კარგად იცავდა, მერე თამაში ააჩქარეს და ჩვენი გეგმა დაინგრა. ვეცდებით, რომ დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთი მაინც მოვიგოთ“.

ჯგუფის მეორე მატჩი დღის ბოლოს გაიმართა და ის მართლაც ფინალის ტოლფასი გამოდგა. ავსტრალიელებმა უკვე იცოდნენ, რომ გამარჯვება, ან 2 ქულის აღება თასის ნახევარფინალში გასვლას უზრუნველყოფდა, ინგლისს 1 პრემიალური ქულაც ეყოფოდა, თუმცა მათ პირველობა სურდათ და მტკიცე ხასიათით მიზანს ბოლოსწინა წუთზე მიაღწიეს.

ავსტრალიას ინგლისი 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ერთადერთხელ, 2010 წელს ყავდა დამარცხებული და ახლა მეორე წარმატებასთან ძალიან ახლოს იყო. მათ სტატიკაში უპირატესობა მოიპოვეს და მალევე დაწინაურდნენ. 20 წუთის შემდეგ ისინი სიონე ტუიპულოტუს ლელოთი, ჰარისონ გოდარდის გარდასახვით და ორი ჯარიმით 16:3 დაწინაურდნენ. ინგლისმა იბიტოეს სასწაული ლელოთი უპასუხა, მაქს მელინზმა მანამდე გატანილ ჯარიმას გარდასახვაც მიაყოლა და სხვაობა 6 ქულამდე დავიდა.

მეორე ტაიმში ინგლისი მარკ სთრითის ლელოთი და მელინზის გარდასახვით დაწინაურდა. შეხვედრის მიწურულს ნუსიფორამ ორი ჯარიმიდან ერთი გაიტანა და ავსტრალია თასის ნახევარფინალს დააახლოვა, მაგრამ მელინზმა მათ სიხარულს წერტილი ბოლოსწინა წუთზე დაუსვა. ავსტრალია ბოლო შეტევისას ეცადა ჯარიმის გამომუშავებას ფაზები კარგად მიაბა, თუმცა ინგლისმა თავი სუფთად დაიცვა და 20:19 იმარჯვა.

„ავსტრალიამ მსოფლიო დონის რაგბი აჩვენა, თუმცა ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ“ - თქვა ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ზექ მერსერმა.

ავსტრალიელთა კაპიტანი რის ჰიუეთი იმედგაცრუებული ჩანდა: „თამაშის ბოლოს დისციპლინამ დაგვაღალატა და იმედგაცრუებულები ვართ. ვერ მოიგებ, როცა ასე ხშირად ჯარიმდები, განსაკუთრებით ასეთ დაძაბულ შეხვედრაში“.

„ბ“ ჯგუფი

‘აია არენაზე’ ახალმა ზელანდიამ ირლანდიას 11 ლელო დაუდო და 69:3 დაამარცხა. ანგარიში ირლანდიამ ჯარიმით გახსნა, მაგრამ მერე მოედანზე მხოლოდ ‘ჯუნიორ ბლექსი’ დარჩა, რომელმაც მეტოქეს 13 კაცითაც დაუდო ლელო. ქეილებ ქლარქმა და ვილ ჯორდანმა სამ-სამი ლელო დადეს. ახალმა ზელანდიამ ქუთაისში ქულათა მაქსიმუმი (15) მოაგროვა.

ლუქ ჯექობსენი (ახალი ზელანდიის კაპიტანი): „შარშან ირლანდიასთან დავმარცხდით, დღევანდელი გამარჯვებით გახარებული ვარ. კარგია, რომ ლელო არ გავუშვით. წინ დიდი თამაშები გველის და მათთვისსრული სერიოზულობით ვემზადებით“.

პითერ მელონი (ირლანდიის მთავარი მწვრთნელი): „ზელანდიელებმა სუპერ-თამაში აჩვენეს და გამარჯვება დაიმსახურეს. ახლა მნიშვნელოვანია ძალები მოვიკრიბოთ და კარგად მოვემზადოთ შემდეგი თამაშისთვის“.

სპეციალისტების შეფასებით, იტალიას 20-წლამდელთა ჩემპიონატზე წელს საუკეთესო გუნდი ყავთ და ის ძალიან ახლოს იყო ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებასთან, მაგრამ თანაბარ ბრძოლაში შოტლანდიასთან 16:17 დამარცხდა.

დებიუტში რობი ნერნმა და მარკო ძანონმა ლელოები გაცვალეს, ანტონიო რიძიმ გარდასახვაც გამოიყენა და იტალია 7:5 დაწინაურდა. ლუქ ქროსბიმ შოტლანდია ლელოთი დააწინაურა, ქონორ ისთგეითმა გარდასახვაც შეასრულა. რიძიმ ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა, მეორე ტაიმში კიდევ ორი გაიტანა და იტალია 16:12 დაწინაურდა. თომას დოდმა შოტლანდია 65-ე წუთზე ერთხელაც დააწინაურა. სულ ბოლოს იტალიელებს დაახლოებიით 45 მეტრიდან ჯარიმის აუტში გადატანა ირჩიეს, ლელო ვერ დადეს და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდნენ.

გატანილ-გაშვებული ქულების ცუდი სხვაობის გამო, იტალია ქვედა ოთხეულში მოხვედრის კანდიდატი იყო, მაგრამ არგენტინა სამხრეთ აფრიკასთან 14:72 დამარცხდა, სამი მატჩის შემდეგ -48 დაუგროვდა (იტალიას -42) და იტალია მე-5 ადგილის ნახევარფინალში ითამაშებს.

ჯონ დალზილი (შოტლანდიის მთავარი მწვრთნელი): „ამ ჩემპიონატზე იტალია ნამდვილი სიურპრიზი იყო. ჩვენ მათ პირველ ორ თამაშს დავაკვირდით და რთულ თამაშს ველოდით. გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, თუმცა მომდევნო შეხვედრამდე ბევრი უნდა ვიმუშაოთ“.

მარკო რიჩონი (იტალიის კაპიტანი): „ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა და მინდა შოტლანდიას გამარჯვება მივულოცო. ბევრი შესაძლებლობა გავანიავეთ. მარცხით დამწუხრებული ვარ, რადგან მართლაც ძალიან კარგი, ძლიერი გუნდი ვართ“.

მე-9 ადგილის ნახევარფინალებში ირლანდია სამოას ‘ავჭალაზე’ (13 საათი), ხოლო არგენტინა საქართველოს ‘მიხეილ მესხზე’ შეხვდება (15:30 საათი); მე-5 ადგილის ნახევარფინალები ‘ავჭალაზე’ გაიმართება - ავსტრალიისა და იტალიის მატჩი 15:30 საათზე, ხოლო შოტლანდიისა და უელსის შეხვედრა 18 საათზე დაიწყება; თასის ნახევარფინალებს ‘მიხეილ მესხი’ უმასპინძლებს. 18 საათზე ინგლისი სამხრეთ აფრიკას, ხოლო 20:30 საათზე ახალი ზელანდია საფრანგეთს ეთამაშება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086597