20-წლამდელები

16:55 | 7.06.2017 | ნანახია 1909 - ჯერ

20-წლამდელები: შეხვედრა ქომაგების წარმომადგენლებთან

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ქართველი დირექტორი ლაშა ხურციძე რაგბის ქომაგთა გვერდის, რაგბიXV-ის ჟურნალისტებს შეხვდა და საორგანიზაციო საკითხებთან საზოგადოებაში დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

შეხვედრის დასაწყისში ხურციძემ ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა ბილეთების ფასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე გულშემატკივრისთვის მიწოდებული ამომწურავი ინფორმაციისთვის და კიდევ ერთხელ განმარტა:

„მსოფლიო რაგბი არ მოგვცემდა უფლებას, რომ ბილეთის ფასი უფრო ნაკლები ყოფილიყო. დღის ბილეთი, 4 თამაშზე 20 ლარი ღირს და თითო თამაშის ბილეთის ფასი 5 ლარი გამოდის. იყო შენიშვნა, რომ გაყიდულიყო თითოეული მატჩის ბილეთი ცალ-ცალკე, მაგრამ თამაშებს შორის არსებულ 45-წუთიან ინტერვალში, შეუძლებელია სტადიონის დაცლა და მისი თავიდან შევსება“.

ამის შემდეგ ხურციძე იმ საორგანიზაციო საკითხებს ჩამოყვა, რომელთა შესახებაც კითხვები დაიბადა:

თამაშის დაწყების დროები

აქ თბილისური თამაშების დაწყების დროზე კითხვები არ იყო. ქომაგთა აზრით, უმჯობესი იყო ქუთაისში თამაშები საღამოს დაწყებულიყო, რაზეც ხურციძემ ორი არგუმენტით უპასუხა:

1. ქუთაისში რომელიმე თამაში 18 საათზე რომ დაწყებულიყო, როდესაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ადგილობრივ ქომაგს უმცროსი ბორჯღალოსნების მატჩების ტელევიზიით ხილვის საშუალება არ ექნებოდათ;

2. ქუთაისის სტადიონის განათება არ შეესაბამება ტელეტრანსლიაციის მოთხოვნებს. იყო შესაძლებელი, რომ განათება ‘აია არენაზეც’ 1200 ლუქსამდე გაზრდილიყო, რაც დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაჯდებოდა, თუმცა ეს თანხა მოხმარდა სტადიონების, გასახდელების, სატრენაჟორო დარბაზის რეაბილიტაციას.

განათების საკითხს მოყვა კითხვა ინგლისი-უელსის მატჩისას ‘ავჭალის’ სტადიონზე შუქის გამორთვასთან დაკავშირებით და ხურციძემ განმარტა:

„ქალაქიდან მოწოდებული ელექტროენერგიით ვერ მიიღწეოდა ის ამპერაჟი, რაც თურქულ გადასატან სატელევიზიო სადგურს ჭირდება. გვთხოვეს, რომ ჩაგვერთო ჩვენი გენერატორი, რადგან წინა თამაშზე მათ საკუთარი გენერატორი ამუშავეს და სურდათ დაზღვეულები ყოფილიყვნენ. გავიარეთ კონსულტაცია და ჩავრთეთ ჩვენი, 500-კილოვატიანი გენერატორი. ‘ავჭალის’ სტადიონის განათებას დაახლოებით 360 კილოვატი ჭირდება. პირვანდელი ინფორმაციით, თურქული გადასატანი სატელევიზიო სადგურისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო 80 კილოვატი, მერე გაირკვა, რომ მას 125 კილოვატი ჭირდებოდა და რაღაც მონაკვეთში უფრო მეტი ელექტროენერგია მიქონდა. სწორედ ამან განაპირობა გენერატორის გამორთვა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ‘მსოფლიო რაგბისგან’ ამასთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ მიგვიღია“.

რატომ არ თამაშობს საქართველო ბოლო თამაშს

კალენდარს ‘მსოფლიო რაგბი’ ადგენს. როგორც წესი, მსგავსი ტურნირებისას მასპინძელი გუნდის თამაში ყველაზე მეტ მაყურებელს იზიდავს და ეს იციან ‘მსოფლიო რაგბშიც’. მათი მოტივაციაა, რომ სტადიონზე მაყურებელი სხვა თამაშზეც მივიდეს და ამიტომ, მასპინძლების შეხვედრა ისეთ დროს დაინიშნოს, რომ მაყურებელთა ნაწილი წინა თამაშზეც მივიდეს და მომდევნო შეხვედრაზეც დარჩეს.

იაფი ბილეთები

‘ავჭალის’ სტადიონზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო და არც იმის საშუალება გვქონდა, რომ ბავშვებისთვის იაფი ბილეთები გაგვეყიდა. ‘მიხეილ მესხზე’ ამის საშუალება იქნება და გარკვეულ ადგილებზე დღის ბილეთი 5 ლარი ეღირება, რაც თითო თამაშისთვის დაახლოებით 1,70 ლარს შეადგენს.

უსაფრთხოება ავჭალის სტადიონზე

ერთ-ერთ საკითხს ‘ავჭალის’ სტადიონზე მოედნის უსაფრთხოების ზომები წარმოადგენდა. ერთ მხარეს აუტის ხაზის შემდეგ ეს მანძილი 8 მეტრია, მეორე მხარეს - 4 და ღობის მოხსნის შემდეგ დარჩენილი ბეტონის ბორდიული ხელოვნური საფარითაა დაფარული.

„ავჭალის სტადიონს აქვს ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომელთანაც საჭიროების შემთხვევაში ერთადერთი მისასვლელი სამანქანო გზაა (სახანძრო, სასწრაფო და ა.შ.) და ამ გზას ჩვენ ვერ გავაუქმებდით. გაშუალების და ორივე მხარეს დისტანციის 6-6 მეტრის დაფიქსირების შემთხვევაში, ჩათვლის მოედანთან ბეტონის კედლის მენძილი დაახლოებით 2,5 მეტრით შემცირდებოდა და ყველაზე მეტად უსაფრთხოება სწორედ ჩათვლის მოედანთანაა დასაცავი. იმ მხარეს ქუჩა გადის და ჩვენ არჩევანის საშუალება არ გვქონდა. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ‘მსოფლიო რაგბის’ რამდენიმე ინსპექტირება გავიარეთ და 4-მეტრიანი უსაფრთოების ზონა მათთვის სრულად მისაღები იყო“.

ჟურნალისტი დაინტერესდა, სამომავლოდ კვლავ აღიმართება თუ არა ამ ბეტონზე ღობე:

„ქუთაისში ძველი, მაღალი ღობის ნაცვლად, აღიმართა დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ღობე, რომელიც ხელს არ უშლის ხილვადობას. ავჭალის სტადიონზეც ასეთ ღობეს დავაყენებთ. თუ ის არ იქნება, ყველა გუნდი, რომელიც ხელოვნურსაფარიანი მოედნისკენ გასახურებლად გაემართება, გაივლის მოედანზე და ეს საფარზე უარყოფითად იმოქმედებს. 1-მეტრიანი ღობე სხვა ქვეყნებისთვისაც აპრობირებული მეთოდია და ის ხილვადობას ხელს არ უშლის“.

ტაბლო

„ეს ძალიან კარგი ტაბლო ‘ქართუმ’ ჩამოგვიტანა და ჩვენთვისაც მტკივნეულია დროშები რომ ეფარება. რამ გამოიწვია ეს: ძვირადღირებულ ტაბლოს მოედანთან ახლოს ვერ დავამონტაჟებდით, რადგან შესაძლოა დამრტყმელმა დააზიანოს. მანამდე ‘ავჭალაზე’ დროშებისთვის აღმართული იყო 9 ბოძი და რადგან ამ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობს, დაემატა კიდევ 4. შეიძლებოდა ეს ბოძები უკან გადაწეულიყო და სამომავლოდ ამას გამოვასწორებთ, მაგრამ ტაბლო ტურნირამდე 3 დღით ადრე დამონტაჟდა და ამისათვის დრო აღარ გვრჩებოდა. წინდაწინ ყველაფრის გათვლა ძალიან ძნელია და როდესაც ეს აღმოვაჩინეთ, დრო აღარ იყო“.

დროშა ქუთაისში

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხმაურება ქუთაისის სტადიონზე საქართველოს დროშის ფორმატს მოყვა, რომელიც სხვა დანარჩენ დროშებზე ზომით პატარა აღმოჩნდა.

„შემიძლია გაჩვენოთ მიწერ-მოწერა ‘მსოფლიო რაგბთან’, სადაც ვეკითხებით - ჩვენ დავამზადოთ დროშები, თუ თავად გამოგზავნიან. მათგან მივიღეთ პასუხი, რომ დროშები ორივე სტადიონისთვის უკვე შეკვეთილი ქონდათ. ქუთაისში გზავნილი თამაშის დღეს, დილის 5 საათზე მივიღეთ და იქ საქართველოს დროშა არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, იგივე ზომის დროშის ასე მოკლე დროში გამონახვა ვერ მოხერხდა“.

ტურნირის დასრულების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირი გეგმავს პრესკონფერენციის მოწვევას და ‘მსოფლიო რაგბის’ წარმომადგენლები ორგანიზაციულ მხარეს შეაფასებენ. გარდა ამისა, ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს გაესაუბრონ გუნდების წარმომადგენლებს და მათგან მიიღონ სრული ინფორმაცია საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:40 | 08.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

წელს იტალია ძაან ძლიერია. თუ შევხვდით მე-9 ადგილისათვის მგონია მათანაც დავმარცხდებით. ამ ჩემპიონატზე საქართველო ყველაზე სუსტი გუნდია.

00:00 | 08.06.2017
krasni (587)

არავინ დაინტერესებულა, თუ რას აკეთებს რაგბის კავშირი ასეთი ბინძური მსაჯობის წინააღმდეგ?

17:35 | 07.06.2017
BEERTRANCE (1073)

რაღაც არადამაჯერებელი პასუხი იყო დროშასთან დაკავშირებით მაინც,

და აი ეს ფრაზა, რო ის მლნ სტადიონის და გასახდელების რეაბილიტაციას მოხმარდა. ეგ სტადიონი ჰო ცოტა ხნის წინ აიგო და რატომ დაჭირდა რეაბილიტაცია ასე უცებ?

0.094529