ლეგიონერები

11:00 | 10.06.2017 | ნანახია 6827 - ჯერ

14 ქართული ლელო ტოპ 14-ში და 7 - ევროთასებზე (+PHOTOS)

საფრანგეთში ტოპ 14-ის, ხოლო ევრიპაში კონტინენტური ევროტურნირების 2016-2017 წლების სეზონი დასრულდა და ჩვენც ქართველი ლეგიონერების გარჯის შეფასების დრო დაგვიდგა. მართალია, ციფრები არაა უნივერსალური და სრულყოფილი საშუალება რეალური სურათის დახატვისა, თუმცა გარკვეული და რეალობასთან მიახლოებული წარმოდგენის შესაქმნელად ნამდვილად შეიძლება სტატისტიკაზე დაყრდნობა.

დავიწყოთ იმით, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ქართველთაგან ყველაზე მეტი მატჩი „ტულონის“ მარჯვენა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ჩაატარა. მის გუნდს, პლეი-ოფის ჩათვლით, 28 მატჩის გამართვა მოუხდა და ბორჯღალოსანმა პირველხაზელმა მხოლოდ 3 მათგანი გააცდინა.

ამ სიაში მომდევნო ადგილებზე 20-20 მატჩით ერთბაშად სამი ქართველია: ბორჯღალოსანთა ექსკაპიტანი, იმავე „ტულონის“ მეორე-მესამეხაზელი მამუკა გორგოძე და ორი ბორჯღალოსანი მარცხენა ბურჯი - კარლენ ასიეშვილი „ბრივიდან“ და მიხეილ ნარიაშვილი „მონპელიედან“. საფრანგეთის ჩემპიონ დავით ზირაქაშვილს („კლერმონი“) ტოპ 14-ის 19 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა.

რაც შეეხება ყველაზე შედეგიანებს, აქ 2-2 ლელოთი სიის სათავეში 5 ქართველი მორკინალია: ჩილაჩავა, ასიეშვილი, გორგოძე, ზირაქაშვილი და კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ვინც თავი სამედიცინო ჯოკერის სტატუსით „მონპელიეს“ შემადგენლობაში გამოიჩინა. სულ კი, ტოპ 14-ში 14 ქართული ლელო დაიდო.

ქართველთაგან ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი გასულ სეზონში „მონპელიეს“ პირველხაზელმა გაგი ბაზაძემ მიიღო - „აჟენში“ ახალგადასული ბურჯი 2-ჯერ გაასინბინეს. წითელი ბარათი კი ტოპ 14-ში ქართველებს მილეულ სეზონში არ მიუღიათ.

ტოპ 14-ის კლუბებში მოასპარეზე ქართველთაგან ევროტურნირებში ყველაზე სტაბილური დავით ზირაქაშვილი იყო, ვინც ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასზე „კლერმონის“ 9-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ასევე 9 მატჩი ითამაშა საკლუბო ტურნირებში „სტად ფრანსეს“ პირველხაზელმა ზურაბ ჟვანიამ: 8 - ჩელენჯ კაპზე და 1 - სულ ახლახან, ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე. პარიზელთა ახალგაზრდა ბურჯ გიორგი მელიქიძეს 8 ასეთი მატჩი დაუგროვდა: 6 - ჩელენჯ კაპზე, 2 - ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

აქვე უნდა აღვნიშოთ, რომ გასული სეზონის ევროტურნირებზე არც ქართული ლელოების ნაკლებობა შეინიშნებოდა - ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე ჩვენი მორკინალების მიერ 7-ჯერ დაიდო. აქ ყველას „ბრივისა“ და საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა სოსო ბეკოშვილმა აჯობა, ვინც ჩელენჯ კაპზე 2 ლელო მიითვალა. ამავე ტურნირზე საკუთარ ანგარიშზე ერთი ლელო ჟვანიამ ჩაიწერა, ხოლო ჩემპიონთა თასზე თითო ლელო ჩილაჩავამ, გორგოძემ, მამუკაშვილმა და მელიქიძემ მიითვალეს.

ჩემპიონთა თასზე წითელი ბარათით „მონპელიეს“ ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი დაისაჯა, ხოლო ვიტო კოლელიშვილი („კლერმონი“) სინბინს დააჯერეს. ჩელენჯ კაპზე „ლა როშელის“ ბურჯი ლექსო ყაულაშვილი გაასინბინეს.

დაბოლოს, დებიუტანტებზეც. ტოპ 14-ში კარიერაში პირველად ითამაშეს შალვა მამუკაშვილმა, სოსო ბეკოშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ, ოთარ გიორგაძემ, ბადრი ალხაზაშვილმა და თორნიკე მატარაძემ.

მოთამაშე (კლუბი)

ტოპ 14

ევროთასი

ლევან ჩილაჩავა (ტულონი)

25(2ლ)

ჩთ7(1ლ)

მამუკა გორგოძე (ტულონი)

20(2ლ, 1სბ)

ჩთ6(1ლ)

მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე)

20(1სბ)

ჩთ6

კარლენ ასიეშვილი (ბრივი)

20(2ლ, 1სბ)

ჩკ1

დავით ზირაქაშვილი (კლერმონი)

19(2ლ)

ჩთ9

ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი)

16

ჩკ2(1სბ)

კოტე მიქაუტაძე (მონპელიე)

16(1ლ)

ჩთ5

ვასილ კაკოვინი (ტულუზი)

14

ჩთ4

ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე)

13

ჩკ8(1ლ)+ჩთ1

შალვა მამუკაშვილი (მონპელიე, ტულონი)

12(11(2ლ)+1)

ჩთ6(1ლ)

დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე)

12

ჩთ4(1წ)

გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე)

12

ჩკ6+ჩთ2(1ლ)

სოსო ბეკოშვილი (ბრივი)

11

ჩკ6(2ლ)

დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი)

8

ჩკ3

ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი)

7(1სბ)

ჩთ2(1სბ)

გაგი ბაზაძე (მონპელიე)

7(1ლ, 2სბ)

ვასილ ლობჟანიძე (ბრივი)

6

ჩკ7

ოთარ გიორგაძე (კლერმონი)

4(1ლ)

ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი)

2

თორნიკე მატარაძე (ლიონი)

1

ჩკ3

განმარტება: ლ - ლელო, სბ - სინბინი, წ - წითელი ბარათი, ჩთ - ჩემპიონთა თასი, ჩკ - ჩელენჯ კაპი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:05 | 10.06.2017
ogafa (407)

ყოჩაღ წარმატებები

0.099775