მაისის მიწურულს საქართველოს რაგბის აკადემიამ ასპინძაში სეზონის დასკვნითი, სამდღიანი შეკრება გამართა.
ასპინძაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილიალების 26-26 მორაგბე, ასევე მწვრთნელები, ექიმი და ფსიქოლოგი 26 მაისს ჩავიდნენ. შეკრების მიზანს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებისთვის (რომელსაც ამა წლის სექტემბერში საფრანგეთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ელის რაგბი 7-ში) კანდიდატების შერჩევა წარმოადგენდა. შესაბამისად, ასპინძაში შეკრებაზე არ იყვნენ შერკინების პირველი ხაზის მოთამაშეები.
მოთამაშეთა სელექცია, განსაკუთრებით კი ამ ასაკში, რთული და ფაქიზი თემაა, რაც კარგად იცოდნენ რაგბის აკადემიის თავკაცებმა და ფსიქოლოგიური წნეხის დასაბალანსებლად კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები წინდაწინვე დაიგეგმა. პარალელურად, ასპინძაში იმყოფებოდა ფსიქოლოგი, რომელსაც ბიჭებთან ჯგუფურის გარდა ინდივიდუალური საუბრებიც ჰქონდა.
ასპინძის შეკრების პერიოდში განხორციელებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ მეორე ნაწილში მოგითხრობთ, დღეს კი სპორტულ ნაწილზე და 27 მაისს გამართულ შიდა აკადემიის ტურნირზე (7-კაცა რაგბში) გიამბობთ.
ოჯახური შეკრება
„ეს იყო ერთი დიდი ოჯახური შეკრება“ - ასე აფასებს ასპინძაში გატარებულ სამ დღეს აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა - „აკადემიის ორივე ფილიალში საქმისადმი ერთნაირი მიდგომა გვაქვს, ერთ პოლიტიკას ვატარებთ და ეს შეკრება შეკავშირებაში დაგვეხმარა. ქუთაისის აკადემია ძალიან კარგად მუშაობს და ეს ასპინძაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ერთადერთი, რაშიც მას დახმარება უნდა გავუწიოთ, მოედანს მიღმა აქტივობებია“.
აკადემიის მორაგბეები (უმეტესად 2000 წელს დაბადებულები) ასპინძაში 26 მაისს შეიკრიბნენ და პირველივე დღეს მოხდა გუნდების დაკომპლექტება. ბიჭების რაოდენობიდან გამომდინარე, დაგეგმილი 4-ის ნაცვლად ხუთი გუნდი გაკეთდა და მათი მწვრთნელები კენჭისყრის შედეგად ადგილზევე შეირჩა. გუნდებს პირობითად სხვადასხვა ქვეყნის სახელები დაერქვა და იმავე საღამოს მწვრთნელებმა მოთამაშეებს თავიანთი სათამაშო გეგმა გააცნეს.
გუნდების დაკომპლექტებისას მოხდა აღმოსავლეთ და დასავლეთ აკადემიის ბიჭების აღრევა. თანაბრად გადანაწილდნენ შედარებით გამორჩეული მოთამაშეები, რათა ტურნირი დაძაბული და საინტერესო ყოფილიყო და ამან გაამართლა. იმავე საღამოს ასპინძაში 4 მსაჯი ჩავიდა და 27 მაისს დილით ტურნირი დაიწყო.
„ამინდმა გაგვიმართლა და კარგად ორგანიზებული, სანახაობრივი ტურნირი გამოვიდა. გამარჯვებული ინგლისი გახდა, რომელსაც იოანე იაშაღაშვილი კაპიტნობდა. პირადად ჩვენთვის მოგება-წაგებაზე უფრო მნიშვნელოვანი 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრების სასელექციო პროცესი იყო მნიშვნელოვანი. ტურნირის დასრულების შემდეგ მწვრთნელები შევიკრიბეთ, სათითაოდ გავიარეთ ყველა მოთამაშის შესაძლებლობები, გავითვალიისწინეთ ყველა მწვრთნელის აზრი და მათი სრულფასოვანი ანალიზის შედეგად შეირჩა 18 მოთამაშე, რომელთაც სამი 1999 წელს დაბადებული ბიჭი დაემატება. სწორედ ამ 21 მორაგბიდან შეირჩევა ის გუნდი, რომელიიც სექტემბერში საფრანგეთში გაემგზავრება“ - გვიყვება სელექციის შესახებ ლეჟავა.
პარალელურად, საღამოს დააჯილდოვეს ტურნირის გამორჩეული მორაგბეები. საუკეთესოები დემურ თაფლაძე და თეიმურაზ ჭიჭინაძე გახდნენ, საუკეთესო დამცველად ბექა ყორიაული აღიარეს, ყველაზე კორექტული მოთამაშე ლაშა ლომიძე გახდა, ხოლო ჩემპიონ გუნდს მედლები გადაეცა.
პროფესიონალური მიდგომა ადრეული ასაკიდან
აკადემიის ხელმძღვანელად ზაზა ლეჟავას დანიშვნის შემდეგ, მის მუშაობაში ბევრი რამ შეიცვალა. ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტორი ვარჯიშების ჩატარების დროა - მოზარდები ვარჯიშზე დილის 7 საათზე ცხადდებიან, რათა სკოლაში მისვლა არ დაუგვიანდეთ და სწავლაში ხელი არ შეეშალოთ. ქართული რეალობისთვის უცნაურმა ამ სიახლემ გაამართლა და ის ბავშვები, რომლებიც დღეს აკადემიის სივრცეში ვარჯიშობენ, დილით ადრე ადგომაში პრობლემის ნაცვლად პროფესიონალიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯს ხედავენ.
„უკვე 11 წელია რაც რაგბს ვთამაშობ, ის ჩემთვის ყველაფერია და დილით ადრე ადგომა და ვარჯიშზე გამოცხადება პრობლემა სულაც არაა. ეს სპორტული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დამეხმარება.
აკადემიის სივრცეში 1 წელია რაც ვვარჯიშობ და ვატყობ, მნიშვნელოვანი წინსვლა მაქვს. გამოვასწორე პასი, გავაუმჯობესე თამაშის ხარისხი და დავხვეწე ბევრი ისეთი დეტალი, რისი საშუალებაც კლუბში ნაკლებად მექნებოდა. აკადემიაში ყველა დეტალზე ინდივიდუალურად გვამუშავებენ, თავისი საქმის მცოდნე პროფესიონალები გვავარჯიშებენ და ეს შედეგს აუცილებლად მოგვიტანს“ - ამბობს აკადემიის ერთ-ერთი მორაგბე მიხეილ ალანია.
აკადემიის სივრცეში უკვე მესამე წელია ვარჯიშობს თეიმურაზ ჭიჭინაძე და თვლის, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება:
„აკადემიაში სამი წელია ვვარჯიშობ და ბოლო 1 წელი წინამორბედებისგან ბევრად განსხვავდება. უამრავი საინტერესო ცვლილება მოხდა: ვარჯიშების ხარისხი გაუმჯობესდა, გაიზარდა მათი რაოდენობა და შეიცვალა დრო. სიახლე იყო დილით ადრე ვარჯიში, თავიდან ცოტა გამიჭირდა, თუმცა მწვრთნელებმა ასე ჩათვალეს საჭიროდ, მათ უკეთ იციან რა ჯობია და ჩვენ ამ წესებს უნდა დავემორჩილოთ.
ახლახანს ასპინძაში სამდღიანი ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. კარგი ტურნირი გამოვიდა, რაშიც ამინდმაც შეგვიწყო ხელი და პირობებმაც. ასპინძაში პირველად ვიყავი და ბევრ სიახლეს ვეზიარე, უშუალოდ ტურნირისას კი, ვფიქრობ, საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის შანსი ყველა მორაგბემ მივიღეთ“.
P.S: ინფორმაციას ასპინძის შეკრებისას მოედანს მიღმა განხორციელებული აქტოვობების შესახებ უახლოეს დრეებში შემოგთავაზებთ
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია