სტატიები

13:16 | 6.06.2017 | ნანახია 3890 - ჯერ

შალვა მამუკაშვილი „დაქსში“ - პრო დ2-ში არსებული წესრიგის გადატრიალება?

ვიდრე შალვა მამუკაშვილი კანადაშია და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ამერიკული ტურნეს პირველი მატჩისთვის ემზადება, პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 წლის ქართველი კვაჭი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში მოასპარეზე „დაქსში“ გააგრძელებს.

მამუკაშვილს გასული სეზონი მეტად რთული და არაერთგვაროვანი გამოუვიდა. შოტლანდიური „გლაზგო უორიორზიდან“ ერთი წლის წინ წამოსულმა ჰუკერმა ახალი კლუბი ვერ მონახა და სეზონს დაუსაქმებელი შეხვდა, მაგრამ უქმად დიდხანს ყოფნამ მაინც არ მოუწია. „მონპელიეში“ მისი პოზიციის მოთამაშეთა საკადრო პრობლემა შეიქმნა და კლუბმა ბორჯღალოსანს სამთვიანი კონტრაქტი დაუდო. შალვა „მონპელიეში“ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით მივიდა და 3 თვე მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილისა და კოტე მიქაუტაძის მხარდამხარ ირაგბა.

მამუკაშვილი „მონპელიეში“ მალევე გახდა შეუცვლელი მოთამაშე, თანაგუნდელებს შორის პატივისცემა და ავტორიტეტი დაიმსახურა და ფანების სიყვარულიც მოიხვეჭა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა: შალვამ მონპელიელებთან ერთად ტოპ 14-ის 11 მატჩში ითამაშა (7-ჯერ სასტარტო იყო) და 2 ლელო მიითვალა, თანაც ორივე - მრისხანე „ტულონთან“ 33:29 მოგებული მატჩის პირველ ტაიმში. პარალელურად, ბორჯღალოსანი კვაჭი თავის ახალ კლუბს ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასზეც ეხმარებოდა, სადაც ჯგუფური ეტაპის 6-ვე მატჩში (5-ჯერ სასტარტო) მიიღო მონაწილეობა და „კასტრთან“ 32:14 მოგებული თამაშის პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინა.

მიუხედავად ასეთი პროდუქტიულობისა, „მონპელიემ“ მამუკაშვილს სამედიცინო ჯოკერის სტატუსი აღარ გაუხანგრძლივა და ცოტა ხანში ძლიერ ინანა, რადგან უკანახაზელი დაიმატა და პრობლემები კი სწორედ შერკინების პირველ ხაზში შეექმნა.

შალვამ გარკვეული ხანი იუქმა, მერე კი მას „ტულონი“ დაუკავშირდა და ქართველი კვაჭი, კვლავ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით, უკვე ამ სამხრეთულ კლუბს მიაშურა, სადაც მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და ბადრი ალხაზაშვილი დახვდნენ. ისე მოხდა, რომ შალვას ტულონურ გუნდში სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონია. ერთადერთხელ, „გრენობლთან“ შეცვლაზე 21 წუთი ითამაშა. ეს იყო და ეს. მას მერე მამუკაშვილი უთაქმაშებელი იყო, თუმცკი „ტულონის“ სრულფასოვანი წევრი გახლდათ და გუნდის ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობდა.

და აი, როგორც „მიდი ოლიმპიკი“ გვატყობინებს, მამუკაშვილმა სტაბილური სამუშაო ადგილი მოძებნა - 44 სანაკრებო კეპის მომხვეჭი ჰუკერი მომავალ სეზონს პრო დ2-ში დაიწყებს, კერძოდ კი, „დაქსში“. ეს უკანასკნელი ახალდასრულებულ სეზონში ფედერალ 1-ში გავარდნას რის ვაი-ვაგლახით გადაურჩა. არადა, „დაქსი“ 113 წლის წინ დაარსებული სარაგბო კლუბია და საფრანგეთის 5-გზის ვიცე-ჩემპიონიცაა. გასულ სეზონში კლუბის ბიუჯეტმა 4,6 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო მისი მწვრთნელები არიან პატრიკ ფიურე (შერკინების) და რაფაელ სენტ-ანდრე (უკანახაზელების). სხვათა შორის, ეს უკანასკნელი რამდენიმე წლის წინ რუსეთის ნაკრებს წვრთნიდა.

ახალ კლუბში შალვა მამუკაშვილს ერთი ქართველი დახვდება - 33 წლის ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე, ვისაც საქართველოს ნაკრებში 3-ჯერ უთამაშია. ვეტერანმა გაზაფხულზე კლუბთან ახალი, 2-წლიანი ხელშეკრულება დადო.

რაც შეეხება მამუკაშვილის კონტრაქტის ხანგრძლივობას, ეს დეტალი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ერთადერთი ის დაიწერა, რომ ისეთი ავტორიტეტული მოთამაშის გადაბირებით, როგორიც შალვა მამუკაშვილია, „დაქსმა“ პრო დ2-ში არსებული წესრიგის გადატრიალებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:58 | 06.06.2017
BEERTRANCE (1073)

მეგონა ტოპ14-ის კლუბი აიყვანდა რომელიმე

0.16086