ამბები

21:29 | 11.09.2014 | ნანახია 2109 - ჯერ

"კავკასიელებმა" "შევარდენზე" ივარჯიშეს

დღეს საღამოს, “შევარდენის” სარაგბო ბაზის მთავარ მოედანზე “კავკასიელებმა” ღია ვარჯიში გამართეს, პრესისა და გულშემატკივართათვის დასწრება თავისუფალი იყო, ხოლო ვარჯიშმა საათნახევარზე ოდნავ მეტხანს გასტანა.

თითქმის ცარიელ ტრიბუნების წინაშე მწვრთნელებმა ვარჯიშის საწყის პერიოდში ყურადღება ფიზიკურ მომზადებაზე გააკეთეს, ხოლო შემდეგ მთელ მოედანზე განლაგდნენ მორაგბეები და სხვადასხვა კომბინაციების დახვეწვაზე ზრუნავდნენ, რამდენიმე შეტევა კი ძალიან ლამაზი გამოვიდა, როცა ხელიდან ხელში გადაჰქონდათ ბურთი და ისე მიდიოდნენ ლელოს დასადებად.

ღია ვარჯიშის დაწყებისას მზე აცხუნებდა მთელ მოედანზე, რაც გარკვეულწილად მორაგბეებზეც ახდენდა გავლენას, ხოლო ვარჯიშის მიწურულს მზე ნელ-ნელა ჩადიოდა და გარეუბნისთვის დამახასიათებელმა ნიავმაც დაუბერა.

შეგახსენებთ, “კავკასიელები” ევროტურნირისთვის ემზადებიან. 20 და 27 სექტემბერს, შესაბამისად შინ და გარეთ “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიურ “როვიგოს” ეთამაშებიან. გამარჯვებული გუნდი აღნიშნული ტურნირის პირველ ჯგუფში უელსურ კარდიფ “ბლუზთან,” ლონდონ “აირიშთან” და ფრანგულ “გრენობლისთან” მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ “კავკასიელების” შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. გუნდს გამოაკლდა ბექა ყურაშვილი, თუმცა ორი პირველხაზელი მორაგბე შეუერთდა. ვერ მოხერხდა გამოცდილი ირაკლი მაჩხანელის დამატება, ვინაიდან “არმაზის” მწვრთნელი დავით ვართანიანი გარდაიცვალა და მწვრთნელის ფუნქციებს ამჟამად მაჩხანელი ასრულებს.

ეროვნული ჩემპიონატის მორაგბეებით შემდგარი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი “როვიგოს” ძლიერ მეტოქედ მიიჩნევს, თუმცა ბევრი ვარსკვლავი ნამდვილად არ ჰყავთ იტალიელებს. მხოლოდ ორი მათგანის გამორჩევა შეიძლება. ერთ-ერთი მირკო ბერგამასკოა, რომელსაც 2002 წლიდან მოყოლებული იტალიის ეროვნულ გუნდში 31 თამაში ჩაუტარებია და დღემდე ნაკრების წევრია, ხოლო ჟან-ფრანკოს მონტაურიოლი “როვიგოში” 2009 წლიდან თამაშობს. მის აქტივში ეროვნულ ნაკრების მაისურით ჩატარებული ორი მატჩია.

დიმა შარიქაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08736