20-წლამდელები

11:22 | 6.06.2017 | ნანახია 1827 - ჯერ

გარემოს დაცვის დღე

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის სოციალურ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვის დღეს ორი ღონისძიება გაიმართა.

უმცროსი ბორჯღალოსნები ისტორიულ ციხე-ქალაქს, უჯარმას ეწვივნენ. მასპინძელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იყო და ქართველ მორაგბეებს პირადად მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დახვდა. მთლიანობაში, ამ ვიზიტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, უჯარმაში ხალხმრავლობა იყო. მინისტრის გარდა იქ იმყოფებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე გარემოს დაცვის წარმომადგენლები.

უმცროსი ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად უჯარმაში შეიკრიბნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, თბილისიდან ჩასული გულშემატკივრები. იქ ჩავიდნენ 20-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე სხვა გუნდების წარმომადგენლებიც.

ჩვენი გუნდი ადგილზე თითქმის სრული შემადგენლობით ჩავიდა (ტრავმირებულების გამოკლებით). მცირე ექსკურსიის შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა წინდაწინ შეძენილი ტომრები გაშალეს, ნიჩბები, ბარები და ნაჯახები მოიმარჯვეს, ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენისა და ზედმეტი მცენარეებისგან მინისტრთან ერთად დაალაგეს.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამუშაო ხელსაწყოები უჯარმაში დატოვეს და შინ მომდევნო თამაშისთვის მოსამზადებლად გამოემგზავრნენ.

ბორჯომის ტყის აღსადგენად

საფრანგეთის ნაკრების მორაგბეები ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიაიში ჩაერთვნენ და სახელობითი, წიწვოვანი ხეების ნერგები თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დარგეს.

კამპანია ‘აღადგინეს’ მიზანია, რომ აღდგეს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გადამწვარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი.

საფრანგეთის ნაკრები თბილისის ზღვის მიდამოებში სრული შემადგენლობით გამოცხადდა. მორაგბეებმა პერსონალური ხეები დარგეს, რომელთა ზრდის პროცესის ნახვის საშუალება ინტერნეტის მეშვეობით ექნებათ. მოგვიანებით ამ ნერგებს ბორჯომის ტერიტორიაზე გადარგავენ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10671