საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის პირველი, მოსკოვის ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა.
უკეთესი ადგილის დაკავებაც შეიძლებოდა. პალიკო ჯიმშელაძის გუნდმა მოიგო პირველი ორი თამაში, რის შემდეგაც იღბალმა ზურგი აქცია და მომდევნო ოთხ შეხვედრაში მცირედით დამარცხდა.
დასაწყისი
კარგი გამოვიდა. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ბოლო დროს მომძლავრებულ გერმანიას შევხვდით და რამაზ ხარაზიშვილის, გურამ შენგელიასა და გიორგი ბაბუნაშვილის ლელოებით 17:12 ვძლიეთ. გამარჯვების ლელო ბაბუნაშვილმა გაწითლებულ დროზე, 70-მეტრიანი შეტევის შემდეგ დადო.
საათში მსოფლიო სერიის მონაწილე უელსსაც 3 ლელო დავუდეთ და 17:5 დავამარცხეთ. თავიდან მოედანზე კაცნაკლული დავრჩით და 0:5 ჩამოვრჩით. ჯერ კიდევ კაცნაკლულებმა ტაიმის მიწურულს ლელო დავდეთ - ნიკო აფციაური ფლანგზე ორ მეტოქეს გაექცა, ბურთი ძელებსშუა დაამიწა და გარდასახვაც ზუსტი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში აფციაურმა უელსელები მეორედაც დაალელოვა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ზურაბ ძნელაძემ მეტოქის 5-მეტრიანში გადაცემა ჩაჭრა და 17:5. სამწუხაროდ, უელსთან დაგვიშავდა ბიძინა სამხარაძე.
გაგვიმართლა
ბოლო შეხვედრა ირლანდისთან გვქონდა, მე-2 წუთზე აფციაურის ლელოთი დავწინაურდით და გარდასახვაც ზუსტი იყო. ირლანდიამ შესვენებამდე წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში შეცდომებს მოვუხშირეთ და მეტოქემ ორი ლელო დადო, რომელთაგან ერთი ლევან გოგოლაშვილმა გაქვითა და გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო აღარ გვეყო. რადგან ირლანდიას გერმანიამ სძლია, ორი მოგებით ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილი დავიკავეთ (გატანილ-გაშვებული ქულების უარესი სხვაობით) და მეოთხედფინალში მეტოქედ მასპინძელი, რუსეთის ნაკრები გვერგო.
ფინალური დღე წარუმატებელი აღმოჩნდა. მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებმა 22:14 იმარჯვა, მე-5 ადგილის ნახევარფინალში პორტუგალიამ ერთის წილ ორი ლელო დაგვიდო (5:14), ხოლო მე-7 ადგილისთვის გერმანიას მხოლოდ გარდასახვებით ჩამოვრჩით (10:14) და ჯამში მე-8 ადგილზე დავრჩით.
ეტაპი ირლანდიამ მოიგო, რომელმაც ფინალში ესპანეთი 12:0 დაამარცხა, მე-3 ადგილისთვის მატჩში რუსეთმა იტალიას 31:12 სძლია, ხოლო მე-5 ადგილი საფრანგეთს ერგო (პორტუგალიასთან 33:21). ქვედა ოთხეულში ინგლისმა მე-9 ადგილის ფინალი უელსს 21:17 მოუგო, ხოლო ბელგიამ პოლონეთს 24:7 აჯობა და მე-11 ადგილი დაიკავა.
7-კაცა ერთ კვირაში პოლონეთში, ლოძის ეტაპზე ითამაშებს, სადაც ჯგუფში მეტოქეებად საფრანგეთი, ბელგია და ესპანეთი გვეყოლება.
ეტაპზე ითამაშეს: ბექა ურჯუკაშვილი (არმია), ნიკა გიგაური (არმაზი), ნიკო აფციაური (ყოჩები), გურამ შენგელია (ჯიქი), ზურაბ ძნელაძე (აია), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), რევაზ ბროძელი (ჯიქი), მამუკა ნინიძე (ჯიქი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), რეზი ჯინჯიხაძე (ჯიქი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი).
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია