საფრანგეთი ტოპ-14

14:43 | 5.06.2017 | ნანახია 4452 - ჯერ

ყვითელარმიელი ზირაქა - საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი!

თბილისში უკვე 5 ივნისი იყო, როცა სადრანგეთის ტოპ 14-ში ჩემპიონის ვინაობა ჯერაც ირკვეოდა. პარიზის გარეუბან სენ-დენის მშვენიერი „სტად დე ფრანსის“ მწვანე მინდორზე ერთმანეთს „კლერმონი“ და „ტულონი“ ერკინებოდნენ. ცალ მხარეს, „კლერმონის“ შერკინების მარჯვენა ბურჯად დავით ზირაქაშვილი თამაშობდა, ხოლო „ტულონის“ მარქაფაში მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა იმყოფებოდნენ.

ჩილაჩავა თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო, გორგოძე - 64-ეზე, ხოლო ზირაქამ თითქმის ბოლომდე ითამაშა - 77-ე წუთზეღა დატოვა მოედანი, როცა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში უკვე ენთო. იქითკენ მიგვყავს საუბარი, რომ ისტორიაში მეორედ უნდა მომხდარიყო, როცა ქართველი მორაგბე საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალს მოიგებდა - ან ზირაქაშვილი, ან გორგოძე-ჩილაჩავა.

ულამაზესი და უდაძაბულესი მატჩი მთელი ფრანგული სეზონის ნამდვილ მშვენებად იქცა. მართალია, ტულონელები ფინალს საკადრო პრობლემებით შეხვდნენ, მაგრამ მეტოქეს ტოლი თითქმის არაფერში დაუდეს და მათი ორი საჯარიმო დარტყმა რამდენიმე სანტიმეტრით უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო, არავინ იცის, ვინ ეყოლებოდა ტოპ 14-ს ჩემპიონად. ისე კი, კლერმონელებმა 22:16 იმარჯვეს და ისტორიაში მხოლოდ მეორედ აღმართეს საჩემპიონო ფარი.

„ყვითელ არმიას“ სარაგბო სამყაროში „მუდამ ვიცე“-ს რეპუტაცია აქვს - კლერმონული სარაგბო გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატების ისტორიაში თავის მე-13 ფინალს თამაშობდა და წინა 12 ჯერზე მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვება. ეს 2010 წელს „პერპინიანთან“ 19:6 მოგებულ მატჩში მოხდა და იმ საჩემპიონო შემადგენლობაში ასევე იყო დავით ზირაქაშვილი, ოღონდ მაშინ დათო შეცვლაზე შევიდა, გუშინ კი თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული მთელი თამაშის განმავლობაში იყო.

ასე რომ, ზირაქა რჩება ერთადერთ ქართველ მორაგბედ, რომელსაც ტოპ 14-ის ფინალი მოუგია. სულ კი ეს მისი მე-6 მცდელობა იყო - 2007-2009 და 2015 წლების ფინალები მისმა „კლერმონმა“ წააგო. სხვათა შორის, 2007-ში დავით ზირაქაშვილი ფრანგული ფინალების პირველი ქართველი მონაწილე გახდა. მას მერე ფინალებში კიდევ რამდენიმე ჩვენებურს უთამაშია: 3-ჯერ მამუკა გორგოძეს (2011 მონპელიეში და 2016-2017 ტულონში), 3-ჯერ ლევან ჩილაჩავას (2012 და 2016-2017 ტულონში), 2-ჯერ დუდუ ქუბრიაშვილს (2012-2013 ტულონში), ასევე თითოჯერ გიორგი ჟღენტსა (2011 მონპელიეში) და კოტე მიქაუტაძეს (2016 ტულონში).

იმასღა დავძენთ, რომ „კლერმონის“ ამ დიდ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს მესამეხაზელმა ბორჯღალოსნებმა ვიტო კოლელიშვილმა და ოთია გიორგაძემ, რომლებიც „კლერმონის“ საფინალო განაცხადს მიღმა დარჩნენ, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონების ტიტული მათაც ერგოთ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:14 | 05.06.2017
buratino (480)

გლოცავ, ჩვენო გოლიათო!

16:14 | 05.06.2017
buratino (480)

გილოცავ

16:04 | 05.06.2017
BEERTRANCE (1073)

გილოცავ ზირაქ

15:07 | 05.06.2017
პანტელეიმონი (1218)

გილოცავ დავით ! ! !

15:04 | 05.06.2017
Kala94 (151)

ბრავო ზირაქ ! გილოცავ და ყველაფერი საუკეთესო შენ ! ლეგენდა ხარ !

0.127144