20-წლამდელები

13:57 | 5.06.2017 | ნანახია 2829 - ჯერ

ქურციკებთან ორმა ლელომ ვერ იკმარა

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკასაც ორი ლელო დაუდეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ‘ნორჩმა ქურციკებმა’ 38:14 იმარჯვეს.

ბიჭებს მონდომება არც ამჯერად აკლდათ და მოწინააღმდეგესთან 15-20 წუთი უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის მაღალი სათამაშო კლასი აქაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ყველა ქულის მოპოვებას უდიდესი ენერგია შეალიეს, უფრო მეტი გამოუყენებელ მომენტებში დახარჯეს, აფრიკელებმა კი, ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს და პირველი ტაიმის მიწურულს გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.

"ქურციკები" თბილისში ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩამოვიდნენ, მაგრამ პირველ ტურში საფრანგეთთან მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ და ქართველებს დიდი მონდომებით ეკვეთნენ. პირველი ტაიმის 35-მა წუთმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და მეტოქის ნახევარზე დიდი დრო გავატარეთ, თუმცა მრავალი შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ.

თამაში კვირას, დასვენების დღეს გაიმართა, მაყურებელი "ავჭალაზე" მრავლად მივიდა და 18 საათისთვის ტრიბუნები პირთამდე შეივსო. გულშემატკივრების დიდმა ჯგუფმა თავი ღობესთან მოიყარა და ჯამში 4-ათასამდე ქომაგი უმცროს ბორჯღალოსნებს მთელი 80 წუთი ამხნევებდა.

მატჩის დებიუტში მეტოქეებმა თითო ჯარიმა ააცილეს. მერე აფრიკელებმა ტემპს უმატეს და მაგრად შემოგვიტიეს. გარკვეული დროით მათი მიძალების შეჩერება შევძელით, მაგრამ მე-17 წუთზე აუგუსტუსმა მრავალფაზიანი იერიში ლელოთი დაასრულა და სილიერმა გარდასახვით მონაგარს კიდევ 2 ქულა შემატა.

ამის შემდეგ იყო დაახლოებით 15 წუთი, რომლის დროსაც უმცროსი ბორჯღალოსნები დომინირებდნენ. მეტოქის ლელოს ხაზი ორჯერ გადაიკვეთა და პირველად ეს გუნდის კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა მოახერხა, რომელიც ლელოში შეიჭრა და მიწაზე ბურთიანად დაეშვა. თავიდან რეფმა ლელო ჩასტვინა, მერე ვიდეო-რეფერი მოითხოვა და დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ ლელო გაგვიუქმა - საკამათო ეპიზოდი მსაჯმა სტუმართა სასარგებლოდ განსაჯა და ჩათვალა, რომ სპანდერაშვილს ბურთი დამიწებამდე დაუვარდა.

ვინაიდან მანამდე ხეირზე ვთამაშობდით ჯარიმა დაგვიბრუნდა, იოლი 3 ქულის აღებაზე უარი ვთქვით და ლელოზე ვითამაშეთ, მაგრამ უშედეგოდ. 30-ე წუთზე კუთვნილი ლელო მაინც დავდეთ: კვესელაძის ოფლოუდის შემდეგ, დავით მესხი მბოჭავს ფლანგზე გაექცა და სიჩქარე აკრიფა, ბურთი თედო აბჟანდაძესთან გაითამაშა და იერიში გელა აფრასიძეს გააგრძელებინა, რომელსაც მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა, სპანდერაშვილმა ბურთი კიდევ უფრო წინ წაწია, რაქიდან ლაშა ტაბიძემ და უჩა ჭეიშვილმა ერთად დაარტყეს და დამსახურებული ლელო აფრასიძემ გარდასახა - 7:7.

"ავჭალაზე" მისული გულშემატკივარი გაგრძელების მოლოდინში ახმაურდა და მეტოქის ნახევარზე კარგი შესატევი პლატსდარმი მივიღეთ, თუმცა დერეფანში ბურთი დაიკარგა, ფეხით გადმოკიდებულიც ვერ ავიღეთ და სიმელანემ ლელოთი დაგვამწუხრა. ორიოდე წუთში კიდევ ერთხელ შევცდით, ფეხით გადაკიდებული ბურთი მეტოქის ნადავლი გახდა, სამჯერ ფეხით თამაშის შემდეგ ჩვენს ლელოში აღმოჩნდა და ლიბოკმა დაამიწა. ორიდან ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და 7:19 ჩამოვრჩით.

შესვენების შემდეგ პირველი შეტევა ჩვენი იყო, მაგრამ უქულოდ დასრულდა. მერე რეფერიმ რამდენჯერმე შერკინებაში დაგვაჯარიმა და ბოლოს შეცვლაზე შესული გურამ გოგიჩაშვილი გაასინბინა. აფრიკამ მეტობა 12 ქულად აქცია. მეოთხე ლელო პენქსემ 54-ე წუთზე მიითვალა, ორ წუთში კი ‘ქურციკებმა’ ხელდახელ კონტრშეტევა წამოიწყეს და სიმელანემ დუბლი შეასრულა.

65-ე წუთზე სტუმრებს მეორე ლელოთი ვუპასუხეთ. მოლიდან ბურთი ხაზზე გამოვიდა, აბჟანდაძემ ის ძელებსშუა ფეხით შეაცურა და გიორგი გოგოლაძე კარგად მიყვა. ლიბოკმა ლელოთი მალევე გვიპასუხა, ხოლო დასკვნითმა წუთებმა ქართველთა იერიშებში ჩაიარა. მესამე ლელოს დადებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. უკანასკნელ წუთებზე რეფერიმ ერთი აფრიკელი ყვითლით, ხოლო მეორე წითელი ბარათით გააძევა. სინბინში გაუშვა თორნიკე ჯალაღონიაც და მალე შეხვედრაც დასრულდა - 38:14 აფრიკელთა სასარგებლოდ.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში 8 ივნისს საფრანგეთს "ავჭალაზე", 18 საათზე ვეთამაშებით.

პრესკონფერენცია

ჩინ რუ (სამხრეთ აფრიკის მთავარი მწვრთნელი): „ვიცოდით, რომ ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე რთული თამაში გველოდა, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა წნეხს კარგად გაუძლეს. ეს იყო შესანიშნავი ბრძოლა და ვამაყობ მიღწეული შედეგით. ველოდით, რომ საქართველო ბურთის შენელებას ეცდებოდა და აქცენტს შერკინებასა და მოლზე გადაიტანდა. გავიმარჯვეთ და ვიწყებთ მზადებას მომდევნო შეხვედრისთვის“.

ილია მაისურაძე (საქართველოს მთავარი მწვრთნელი): „ვიცოდით, რომ სამხრეთ აფრიკელებთან ფიზიკურად მძიმე თამაში გველოდა. ეს მათი სტილია და მეტოქის მორაგბეები ჩვენსაზე გაცილებით დიდები იყვნენ. გარდა ამისა, ისინი სამშობლოში მაღალი დონის ჩემპიონატში მონაწილეობენ და მეტი გამოცდილება აქვთ. ვიცოდით მეტოქე ძალისმიერ თამაშს რომ შემოგვთავაზებდა და ამის შემდეგ ფლანგებზე ეცდებოდა უპირატესობის გამოყენებას. პირველ ნახევარ საათში ამას გავუმკლავდით, მაგრამ 4-5 წუთით მოვდუნდით და ამისათვის დავისაჯეთ. ახლა განვლილი ორი თამაში უნდა გავაანალიზოთ და საჭირო დასკვნები გამოვიტანოთ“.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

თბილისი. ავჭალა. 4000 მაყურებელი

საქართველო სამხრეთი აფრიკა 14:38 (7:19)

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ბეჟან გავაშელიშვილი (22. გიორგი წიკლაური 44), 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი (23. გიორგი გოგოლაძე 58), 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე (21. ლუკა დვალიშვილი 70); 1. უშანგი ჭეიშვილი (17. გურამ გოგიჩაშვილი 47), 2. ლევან პაპიძე (16. თენგიზ ზამთარაძე 47), 3. ლაშა ტაბიძე (18. რევაზ დუგლაძე 61), 4. კობა ჯიმშელეიშვილი (19. ბექა საღინაძე 59), 5. ლაშა ჯაიანი, 6. თორნიკე ჯალაღონია, 7. ილია სპანდერაშვილი (კაპ.) (20. ალექსანდრე კალმახელიძე 67), 8. შოთა არეშიძე (ჭეიშვილი 53-59).

2 ლელო: ჭეიშვილი, გოგოლაძე

2 გარდასახვა: აფრასიძე

2 სინბინი: გოგიჩაშვილი, ჯალაღონია

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:21 | 07.06.2017
qomagi (248)

რა გაწუწუნებს მაისურაძე, თუ რაიმეს დამტკიცება გინდა ასეთ გუნდებთან უნდა დაამტკიცო და არ უნდა იწუწუნო, უკეთეს ჩემპიონატში გამოდიანო. შენ თვითონ ხარ ფსიქოლოგიურად წაგებული და ბიჭები როგორ უნდა განაწყო მოსაგებად? სასწრაფოდ უცხოელი მწვრთნელები ასაკობრივებში, ვიდრე დაგვიკარგავს ეს თაობა და ვიდრე განვითარება არ შეგვიჩერებია. გამოიღვიძეთ ძვირფასო რაგბის ფედერაციავ!!! რა 6 ერს ითხოვთ, კარგით რა.

16:05 | 05.06.2017
BEERTRANCE (1073)

მარტო სიგარეტის გამო უნდა გააგდო ეგ მწვრთნელი. უდარდელი სახით რო უყურებდა მერე ინგლისი უელსის მატჩს. ამოწურა თავი, წინსვლა აღარ აქვს ნაკრებს მის ხელში.

17:13 | 05.06.2017
NIKA..01 (335)

ძმურად როდესმე გინახავს მწვრთნელი მატჩის დროს ეწეოდეს?არცერთ სპორტში არ მახსენდება მსგავსი.თან რა მატჩის დროს?მსოფლიო ჩემპიონატია სოფლის პირველობა ხომ არაა?ჯერ არსად არ უნდა მოწიო მწვრთნელი რომ ხარ და მითუმეტეს მთელი მსოფლიო რომ გიყურებს.სირცხვილია რა

17:22 | 05.06.2017
ოვალური კორბენი (276)

ძალიან ბევრჯერ მინახავს. ოღონდ ადრე, სანამ სიგარეტს დიდ ომს გამოუცხადებდა მსოფლიო DDDDDDDD მენოტი ეწეოდა სკამზე, ვენგერიც კი ეწეოდა მონაკოს რო წვრთნიდა, გაზაევი, რომანცევი და ვინ მოთვლის კიდე...

22:43 | 05.06.2017
maxo_65 (458)

ნოდარ ახალკაციც ეწეოდა..

17:30 | 05.06.2017
NIKA..01 (335)

მე არ მახსოვს მსგავსი.ზოგადად ძალიან ცუდი ფაქტი რომაა ეგ ეჭვგარეშეა.მე რომ რაგბის კავშირის ადგილას ვიყო აუცილებლად დავსჯიდი.ისედაც დროა ასაკობრივი გამოცდილმა მწვრთნელმა ჩაიბაროს.

00:59 | 06.06.2017
ICEMAN (162)

კარგი რა თუ ძმა ხარ ვინ უნდა დასაჯოს ჩვენი ფედერაციაა პირველ რიგში დასასჯელი პირში წყალი რომ აქვს ჩაგუბებული ჩვენს ლომებს მსაჯები რომ მუდმივად ჩაგრავენ

16:01 | 05.06.2017
NIKA..01 (335)

მატჩის განხილვას არ დავიწყებ,ისევ იგივე პრობლემებს ვხედავ რაც არგენტინასთან მატჩის შემდეგ დავწერე.ამ თამაშის მიმდინარეობისას ერთი ძალიან ცუდი ფაქტის მომსწრენი გავხდით.მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის მიმდინარეობისას ნაკრების მთავარი მწვრთნელი სიგარეტს ეწევა! კატასტროფაა....მე პირადად არასდროს მინახავს მატჩის მსვლელობისას რომელიმე ნაკრების მწვრთნელი სიგარეტს ეწეოდეს.ეს ხომ სპორტია?ამ ჩემპიონატს ხომ მთელი საქართველო და მსოფლიო უყურებს?ამ თამაშს ხომ ბავშვები უყურებდნენ?რა მაგალითს აძლევს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მათ?რა მაგალითს აძლევს თავად სპორტსმენებს და თუნდაც ნაკრების წევრებს?ეს ხომ წარმოუდგენელი უნებისყოფობაა?როგორ მოსთხოვს მორაგბეს ნებისყოფის გამოჩენას და დაუზარელ ვარჯიშს ქანცის გაწყვეტამდე,როცა თავად იმის ნებისყოფა ვერ გამოიჩინა პირდაპირ მატჩის მსვლელობისას არ მოეწია და თავი შეეკავებინა.არ ვიცი,სასწაულია.აქამდე მწვრთნელი არასდროს გამიკრიტიკებია მიუხედავად იმისა,რომ ვაგებდით თამაშებს,მაგრამ ეს საქციელი უკვე ძალიან დიდი შეცდომაა.მწვრთნელს თუ არ ესმის,რომ ის წარმოადგენს სპორტს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა უნდა გაწიოს,ხვა ვიღას მოსთხოვ ამას?არ უნდა ესმოდეს რომ ამით ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს მომავალ სპორტსმენებს?ბავშვი რომ უყურებს მთავარი მწვრთნელი სიგარეტს უქიშინებს თან პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის დროს რა მაგალითს იღებს?რას იფიქრებს?შემდეგ როგორ გინდა მას მოსთხოვო სპორტული რეჟიმის დაცვა?

0.083795