20-წლამდელები

11:36 | 5.06.2017 | ნანახია 5019 - ჯერ

საქართველოში, როგორც სამშობლოში

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დამსწრე უამრავ სტუმარს შორის „ბორჯღალოსნების“ ისტორიაში პირველი უცხოელი მთავარი მწვრთნელი – კლოდ სორელიცაა. 67 წლის ფრანგი სპეციალისტი გულზე გადატანილი ურთულესი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის კურსს იტარებს, მაგრამ ესოდენ დიდ ფორუმის გაცდენა არც უფიქრია. სორელს საქართველო – არგენტინის მატჩის შემდეგ გავესაუბრეთ. გალმა გურუმ „პუმების“ სწრაფ და სხარტ თამაშს გაუსვა ხაზი: მათი მხრივ შეტევაში უცებ გადაწყობა მეტოქის დაცვის დესტაბილიზაციას იწვევს. მესიე კლოდის თქმით, ჩვენი გუნდის მთავარ, ლამის მარადიულ პრობლემად ბურთის ნელი გადაცემა – პასაობის დაბალი ტემპი რჩება. სისწრაფის დაცემა და სისხარტის უქონლობა სათამაშო ილეთების სრულყოფილ შესრულებას აფერხებს. მართალია, ეროვნული ნაკრების მსგავსად, ორთაბრძოლებში უმცროსი „ბორჯღალიც“ ჯაბნის მეტოქეს, მაგრამ ეს სერიოზული წარმატების მისაღწევად საკმარისი ვერაა.

გამოსავალი – შვიდკაცის განვითარება

სორელის აზრით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების საუკეთესო გამოსავალი საქართველოში 7-კაცა რაგბის განვითარებაა, რაც ხაზის მოთამაშეთა კლასის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს და თან ახალ პრიორიტეტებსაც გააჩენს (ტექნიკური ილეთების შერულება; სისწრაფის მატება). ამის განსახორციელებლად თურმე როგორც მოთამაშეთა, ასევე მწვრთნელთა საკმაოდ დიდი რესურსი გაგვაჩნია. ჩვენმა მოძღვარ-ყოფილმა ხაზი ქართველ მორაგბეთა მენტალობასაც გაუსვა. ფრანგის აზრით, ბიჭებში თავდაჯერებულობამ უნდა იმატოს. გუნდმა ავტორიტეტთა კრძალვა დროულად უნდა მოიცილოს და თამაშს „პირველ ნომრად“ ეცადოს. არსებული პრობლემების მიუხედავად, სორელმა მთლიანობაში ქართული რაგბის სერიოზული წინსვლა აღნიშნა. კლოდის თქმით, ადრე ეროვნული ნაკრები თამაშის ორგანიზაციის მხრივ გვარიანად მოიკოჭლებდა, ახლა კი თვალში საცემია ფაზებში დროული გადაწყობა და თამაშის ყველა კომპონენტის პროგრესი.

ახალი ძალა და რწმენა

სორელმა პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად საქართველოში ჩამოსვლა მიიჩნია. უამრავი მეგობარი, უხვად დაფრქვეული სითბო ჩვენს კლოდს ცხოვრების ახალ ძალასა და რწმენას მატებს. გურუ აქ თავს სტუმრად არასდროს გრძნობს და საჭიროების შემთხვევაში ქართული რაგბის დასახმარებლად სრულ მზადყოფნასაც გამოთქვავს. კლოდ სორელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 19972003 წლებში დამრიგებლობდა. მის ხელქვეით „ბორჯღალმა“ ისტორიაში პირველად მოიგო ევროპის "ერთა თასი" (2001) და მსოფლიო თასზე თამაშის უფლებაც ასევე პირველად მოიპოვა (2002). გარდა ამისა, 2001 წელს, შვიდკაცის მსოფლიო თასზე, არგენტინაში, საქართველომ დღემდე საუკეთესო შედეგი აჩვენა – 24 გუნდში მეათე ადგილი დაიკავა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:12 | 07.06.2017
qomagi (248)

გაიხაროს ამ კაცმა!!! პირველი დიდი მასწავლებელი და მოამაგე.
ჩემი თუ არ გჯერათ, ამ კაცის მაინც დაიჯერეთ, შვიდკაცას მიხედეთ, შვიდკაცას!!!!

17:43 | 06.06.2017
GiorgiG83 (525)

მაგარი კაცია კლოდი
გულზე ოპერაციის შემდეგ საქართველოში რეაბილიტაცია... )))

მეგობრული ატმოსფერო ღვინის თანხლებით )))

15:03 | 05.06.2017
პანტელეიმონი (1218)

მადლობთ

13:19 | 05.06.2017
Kala94 (151)

მაგარო კაცი ! მადლობა სორელს ყველაფრისთვის !

13:16 | 05.06.2017
buratino (480)

კაი კაცი

12:55 | 05.06.2017
ოვალური კორბენი (276)

მადლობა ძია კლოდ ყველაფრისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ.

12:30 | 05.06.2017
BEERTRANCE (1073)

კარგი ადამიანი. მადლობა რაც საქართველოსთვის გააკეთა.

0.083998