სიახლეები

23:34 | 4.06.2017 | ნანახია 1865 - ჯერ

A ჯგუფი: ინგლისმა უელსი დაამარცხა

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღის დასკვნითი შეხვედრა ინგლისის და უელსის ნაკრებებს შორის შედგა. მატჩი “წითელი ვარდების“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი მთლიანად ინგლისელების გამოდგა და ეს ტაბლოზეც აისახა. ანგარიში მე-6 წუთზე უელსელებმა ზუსტი ჯარიმით გახსნეს, თუმცა მე-10 წუთიდან მოყოლებული ოცწუთიან მონაკვეთში ინგლისელებმა სამი ლელო გაიტანეს, ხოლო 33-ე წუთზე მალინსმა ჯარიმა შეასრულა ზუსტად და სხვაობა 21 ქულამდე გაზარდა. უელსელებმა ტაიმის ბოლოს ერთი საპასუხო ლელო დადეს, შემდეგ გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ტაიმი 24:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი “დრაკონებისთვის“ იმედის მომცემად დაიწყო: მათ მეტოქე შერკინებაში დაჩაგრეს, ზედიზედ რამდენჯერმე დააჯარიმეს, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ჯერ 47-ე წუთზე დაუე გაასინბინეს, ხოლო ორიოდე წუთში შერკინების კიდევ ერთხელ წაქცევისთვის მსაჯმა ინგლისის ნაკრები საჯარიმო ლელოთი დასაჯა.

ყველაფერი 65-ე წუთზე გადაწყდა: მალინსმა ბურთი შესანიშნავად გადაკიდა ფეხით, ბურთი უელსელთათვის ძალიან ცუდად ახდა და ალექს მიტჩელს მოუვიდა, რომელმაც ლელო დადო და ინგლისს პრემიალური ქულა მოუპოვა. დარჩენილ დროში მალინსმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, რასაც გუდჩაილდის საპასუხო ლელო მოჰყვა და თამაში 34:22 დასრულდა.

ინგლისი 10 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო უელსი 1 ქულით მე-3 ადგილზეა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084836