7-კაცა

16:14 | 2.06.2017 | ნანახია 3326 - ჯერ

ხვალ 7-კაცა იწყებს

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ხვალიდან 2017 წლის ევროპის გრან პრის 4-ეტაპიან მარათონში ჩაებმება, რომელიც პარალელურად ჰონკონგის ტურნირის (მსოფლიო სერიის შესარჩევი) და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიცაა.

ევროპის გრან პრიში 12 გუნდი თამაშობს და თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით, ნაკრებებს 20-იდან 1-მდე ქულები ეწერებათ. ოთხი ეტაპის შემდეგ, გრან პრის გამარჯვებული და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონი ის გუნდი ხდება, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა მოუგროვდება, ხოლო ბოლო ადგილზე გასული ნაკრები გაისად ‘ალაფაზე’ დაქვეითდება.

მსოფლიო სერიის მონაწილე გუნდების შემდეგ (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ესპანეთი, რუსეთი) ორი საუკეთესო ნაკრები, გაისად ჰონკონგის ტურნირში ითამაშებს, რომელიც მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპია. ევროპის გრან პრის ეტაპებს მოსკოვი (რუსეთი, 3-4 ივნისი), ლოძი (პოლონეთი, 10-11 ივნისი), ლიონი (საფრანგეთი, 24-25 ივნისი) და ექსეთერი (ინგლისი, 15-16 ივლისი) უმასპინძლებს.

მოსკოვში გამგზავრებამდე ჩვენი 7-კაცა საფრანგეთში იმყოფებოდა და ტურის ტურნირში ითამაშა.

„ტურშინაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ზედიზედ 4 თამაშის შემდეგ ნახევარფინალში გავედით, სადაც ახალ ზელანდიასთან დავმარცხდით, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი ბასკების ნაკრებთან დავთმეთ. ეს მარცხები უფრო ფსიქოლოგიური პრობლემით იყო განპირობებული, თორემ ფიზიკურად კარგად გამოვიყურებოდით“ - ფრანგული შეკრებით კმაყოფილი იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძე.

სამხარაძე მახარაშვილის ნაცვლად

ტურის ტურნირის შემდეგ შემადგენლობაში ერთი ცვლილება მოხდა და მოსკოვში შავლეგ მახარაშვილის ნაცვლად რუმინელი ლეგიონერი ბიძინა სამხარაძე მიდის. პირველ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქეები გერმანიის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.

„მას შემდეგ, რაც 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა, არასარაგბო ქვეყნების ოლიმპიურმა კომიტეტებმა ამ მიმდინარეობაში დიდძალი ფული ჩადეს და ევროპის მასშტაბით ისეთმა ქვეყნებმაც კი წამოიწიეს, როგორებიც გერმანია, ბელგია და იტალიაა. ევროპის გრან პრიზე, რომელიც მსოფლიოს სერიის შესარჩევი, ჰონკონგის ტურნირის და ასევე მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, უწინდებურად გამოკვეთილი ლიდერები აღარ არიან და ნებისმიერი გუნდი ბოლომდე იბრძვის.

გრან პრიზე პირველად ითამაშებს ირლანდია, რომელმაც 7-კაცას განვითარებას ბოლო წლებში მოკიდა ხელი, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირშიც ითამაშა და ჩვენზე უკეთესი შედეგი აჩვენა. მას დუბაიში შევხვდით და ბოლოს გაშვებული ლელოთი დავმარცხდით. ესაა სარაგბო ქვეყანა, რომელსაც უდიდესი რესურსი გააჩნია.

ყველამ იცის რა დონის გუნდია უელსი, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიო სერიებში. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე ეს გუნდი შედარებით გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს, თუმცა ირლანდიის მსგავსად, უელსის რესურსიც ჩვენსას ბევრად აღემატება.

გერმანიას შარშანდელი გრან პრის ბოლო ეტაპზე მოვუგეთ, თუმცა საბოლოოდ ჩვენზე მაღალი ადგილი დაიკავა და მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში, ჰონკონგში ითამაშა. ჰონკონგის ტურნირის ფინალში ორი ევროპული გუნდი - ესპანეთი და გერმანია გავიდა და ეს ევროპის გრან პრის მონაწილეთა სიძლიერეზე მეტყველებს. გერმანელები სწრაფი ტემპებით ვითარდებიან და ჩვენს მსგავსად სამხრეთ აფრიკაში შეკრება მათაც გაიარეს“ - ასე ახასიათებს მომავალ მეტოქეებს 7-კაცას მთავარი მწვრთნელი.

მიუხედავად ამისა, ჯიმშელაძე დარწმუნებულია, რომ წლევანდელ გრან პრიზე საქართველო შარშანდელზე უკეთეს შედეგს აჩვენებს.

პირველი სათამაშო დღე თბილისის დროით 11 საათზე იწყება და ჩვენი 7-კაცა პირველ მატჩს 11:22 საათზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავს, 13:45 საათზე უელსს ეთამაშება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს ირლანდიასთან მატჩით ასრულებს (16:52). 12 გუნდი სამ 4-გუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული, ორ-ორი საუკეთესო და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის, ხოლო ჯგუფის ბოლოადგილოსნები და უარესი მესამეადგილოსანი IX-XII ადგილებს გაითამაშებენ.

ევროპის გრან პრის თამაშების ხილვა შემდეგ მისამართზე იქნება შესაძლებელი:

http://www.dailymotion.com/video/x5nt1q9_rugby-europe-sevens-grand-prix-series-2017-moscow-round-1_sport

მოსკოვის ეტაპზე ითამაშებენ: ბექა ურჯუკაშვილი (არმია), ნიკა გიგაური (არმაზი), ნიკო აფციაური (ყოჩები), გუგა შენგელია (ჯიქი), ზურაბ ძნელაძე (აია), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), რევაზ ბროძელი (ჯიქი), მამუკა ნინიძე (ჯიქი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), რეზი ჯინჯიხაძე (ჯიქი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:44 | 04.06.2017
mindia (74)

ფსიქოლოგიურად ნაკრები ნოლზე იყო დღეს. ასევე გუნდური მოქმედების ძალიან დიდი დეფიციტი იყო, ბურთი ხშირად გვქონდა და უბრალოდ არ ვიცოდით რა უნდა გვექნა, იდეები აკლდა ბიჭებს.
მოკლედ ახალი არაფერი, არა და გუშინ იმედი მომეცა.

15:10 | 04.06.2017
dinamo222 (692)

პორტუგალიასთანაც უშანსოდ წავაგეთ მგონი გერმანიასაც შემთხვევით მოუგეს ან გერმანელები კუჭაშლილები იყვნენ მაგ დროს ბოლო სამ თამაშში რაც "ითამაშეს" ასეთი უგერგილო და უჯიგრო თამაში ჩვენი რგბის არცერთი გუნდისგან არ მახსოვს ვიფიქრე ხომ არ შეცვალეს და ფეხბურთელები ხომ არ გამოიყვანეს მეთქი @ შე დალოცვილო თამაში თუ გეზარება და სირბილი არ გინდა რას მიდიხცარ საერთოდ ტურნირზე ან ძალებს რატო ხარჯავ ტყუილად ან ფულს @@

11:44 | 04.06.2017
mindia (74)

მდააა, ძაან გვჯობია ჯერჯერობით რუსეთი.

04:21 | 04.06.2017
dinamo222 (692)

ამ საიტს მართლა სძინავს D ვისაც გაინტერესებთ--მესამეზე გავედით და მეოთხედფინალში რუსებს ვხვდებით დღეს დილით 11-20 წუთზე არადა შეგვეძლო გაცილებით იოლ ესპანეთთან გვეთამაშა ირლანდიასთან ფრედ მაინც რომ გვეთამაშა @ რუსები ძაან მაგრა უბერავენ ყველა გუნდი გააცამტვერეს მათ შორის იტალიაც 27-0 თანაც საკუთარ მოედანზე თამაშობენ და არ ვიცი რა შანსი გვაქვს (ჩვენ თამაშამდე 11 საათზე გერმანია ესპანეთია)

00:06 | 04.06.2017
mindia (74)

აუ სულ არ მახსოვდა... საიტის ადმინისტრაცია ყველა გინება ქართული რაც არსებობს იმისთვის რომ ასე არაოპერატიულად მუშაობენ.

არაპროფესიონალებო.

17:26 | 03.06.2017
dinamo222 (692)

ძალიან უაზროდ წავაგეთ ირლანდიასთან პირველი ორი თამაშის მერე თითქოს შეცვალეს ჩვენი გუნდი ძლიერ გერმანიას რა მაგარ სტილში მოვუგეთ და გერმანიაზე სუსტ იელანდიასთან ასე უსუსურად წავაგეეთ @ ეხლა ალბათ მესამე ადგილიდან გავალთ მეოთხედფინალში და ვინმე ფავორიტს დავეჯახებით @

22:53 | 03.06.2017
johna (12)

რიჟა დაგვაკლდა მაგრად,უელსთან ხო დაიმტვრა და არ გვყავდა ირლანდიასთან.

14:12 | 03.06.2017
dinamo222 (692)

მაგარიაა ორი თამაში მოვიგეთ უკვე და გასულები ვართ !

02:19 | 03.06.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ! ! !

18:05 | 02.06.2017
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

2.035923