20-წლამდელები

21:25 | 1.06.2017 | ნანახია 3233 - ჯერ

20-წლამდელები: დღე პირველი

2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო (თბილისი და ქუთაისი) მასპინძლობს ისტორიაში შევიდა - 2008 წლიდან დღემდე ტურნირში პირველი ფრე დაფიქსირდა.

პრემიალურები სადებიუტო მატჩებში

ჩემპიონატი ნაშუადღევს, 1 საათზე თბილისსა და ქუთაისში ორი პარალელური თამაშით გაიხსნა.

დედაქალაქში მოქმედი ჩემპიონი ინგლისი ‘ალაფის’ შარშანდელ გამარჯვებულ სამოას შეხვდა („ა“ ჯგუფი) და 12 ლელო დაუდო. ევროპელებმა განსაკუთრებით პირველ ტაიმში იმძლავრეს. მათ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და 43:3 დაწინაურდნენ. მაყურებელმა მეორე ტაიმშიც 7 ლელო იხილა, ოღონდ აქედან 2 სამოელმა გარემარბმა ლოსი ფილიპომ დადო. ინგლისელთაგან თავი ორ-ორჯერ გამოიჩინეს ზექ მერსერმა, დომინიქ მორისმა, გაბრიელ იბითოიემ და ალისთერ ქროსდეილმა, ხოლო მაქს მელინზმა, ქიარან ნაითმა, ალექს მიჩელმა და მარქს სთრითმა თითო-თითო ლელო დადეს. მელინზმა 4 გარდასახვა გამოიყენა, ჯექობ უმანგამ სამი, ხოლო სამოელმა ოიკუმენე პაისამიმ ორი.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ პირველი 20 წუთი კარგად ჩაგვეტარებინა და ეს მოვახერხეთ. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, მათ მთელი 80 წუთი იბრძოლეს და დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. ახლა მოუთმენლად ველით უელსთან შეხვედრას“ - განაცხადა ინგლისელთა კაპიტანმა მერსერმა.

„დღეს ჩვენ ბურთი არ გვქონდა და უმეტესად დაცვაში მოგვიწია თამაში. როდესაც ბურთის დაუფლებას ვახერხებდით, ცუდად არ გამოვიყურებოდით, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას შეცდომები იყო. მომავალი თამაშისთვის ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ“ - თქვა სამოას მთავარმა მწვრთნელმა მაჰონრი შვოლგერმა.

პირველად ქართულ მიწაზე ახალ ზელანდიური ჰაკა ‘აია არენაზე’ შესრულდა და ახალი ზელანდიისა და შოტლანდიის შეხვედრა დაიწყო („ბ“ ჯგუფი). ‘ჯუნიორ ოლ ბლექსს’ თამაშში შეცდომები ჰქონდა, მაგრამ თითო ტაიმში სამ-სამი ლელო მაინც დადო და პრემიალური ქულით იმარჯვა. ჰეთ-თრიკი შეასრულა გარემარბმა ლოტიმა ფაინგა’ანუკუმ, ხოლო ასაფო აუმუამ, ორბინ ლეჯერმა და დოლთონ პაპალიჰიმ თავი თითოჯერ გამოიჩინეს. ტიანი ფილქონმა 3 გარდასახვის გარდა ორი ჯარიმაც გაიტანა.

შოტლანდიამ ბოლომდე იბრძოლა და პირველი ტაიმი მხოლოდ 9 ქულით დათმო (10:19). შესვენებამდე ლელოები დარსი გრემმა და ფრეიზერ რენვიქმა დადეს. მეორე ტაიმში ლელო ენდრიუ ჰენდერსონმა მიითვალა, მანვე გარდასახვა გამოიყენა, ხოლო ქონორ ისთგეითმა ჯარიმა გაიტანა.

„პირველი გამარჯვებით და ბონუს ქულის აღებით გახარებულები ვართ. წინა ტურნირებმა დაგვანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება პრემიალურ ქულებს. კმაყოფილი ვარ შეტევაში ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშით. მეტოქე მუდამ წნეხში გვყავდა. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თამაშებისთვის დისციპლინა გამოვასწოროთ. დღეს ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით“ - ეს სიტყვები ახალი ზელანდიის კაპიტან ლუქ ჯექობსენს ეკუთვნის.

„ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ვფიქრობ, დღეს დავამტკიცეთ, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ. ბევრს არ სჯეროდა, რომ ახალ ზელანდიას წინააღმდეგობას გავუწევდით, თუმცა 50 წუთის შემდეგ მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჯერაც არ იყო“ - განაცხადა შოტლანდიელთა კაპიტანმა ქელამ ჰანთერ-ჰილმა.

პირველი ფრე

„გ“ ჯგუფში უმცროსი ბორჯღალოსნების მომავალმა მეტოქეებმა - სამხრეთ აფრიკამ და საფრანგეთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატში, რომელიც წელს მე-10-ედ ტარდება პირველი ფრე დაფიქსირდა.

თამაშის წინ თბილისში გაწვიმდა, რასაც სამხრეთ აფრიკელთათვის ზურგქარიც დაერთო და ისინი დებიუტშივე დაწინაურდნენ: სწრაფი შეტევის შემდეგ ლელოში ბურთი იარნო აუგუსტუსმა დაამიწა. ქერვინ ბოშმა ზუსტ გარდასახვას მე-7 წუთზე ჯარიმა მიაყოლა და ანგარიში 10:0 გახდა. 1 წუთში რევან კრიერს რომენ ბიურომ დაუფარა და ალამთან თავადვე დაამიწა. მართალია გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ აფრიკელებმა შეცდომებს მოუხშირეს, რითაც ფრანგები კარგად სარგებლობდნენ და მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ.

ერთ-ერთ ასეთ კონტრშეტევას ვანდისილე სიმელანეს სინბინი მოყვა, მერე მის გზას ხერჰარდ სტინკამპი გაუყვა და 1 წუთში ფრანგები დაწინაურდნენ - მოლი ლელოთი ფლორიან დიუფურმა დააგვირგვინა და რომენ ნტამაკის გარდასახვა ზუსტი იყო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფრანგთა 9 ნომერმა ბაპტისტ კუიუმ შერკინებიდან თავად შეუტია, მბოჭავს დაუსხლტა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ბოშმა ჯარიმით უპასუხა, თუმცა ნტამაკმა 5 წუთის ინტერვალში ორი არეკნი შეაგდო და საფრანგეთი 23:13 დაწინაურდა. საფრანგეთს 20-წლამდელთა ჩემპიონატში სამხრეთ აფრიკის პირველად დამარცხების კარგი შანსი გაუჩნდა და პრინციპში მოგებასაც იმსახურებდა, მაგრამ ბოლში გატყდა. ბოშმა 62-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა 1 გარდასახულ ლელომდე დაიყვანა, საფინალო სასტვენამდე 5 წამით ადრე საფრანგეთი ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დაჯარიმდა, ‘ნორჩმა ქურციკებმა’ დაახლოებით 3 წუთი უტიეს და აუგუსტუსმა მეორე ლელო დადო, ხოლო ბოშმა გარდასახვა გაიტანა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა - 23:23.

ჩინ რუ (სამხრეთ აფრიკის მთავარი მწვრთნელი): „დღეს ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ. სხვათა შორის, ბიჭებთან ტურნირამდეც მქონდა საუბარი, როგორ უნდა მოვქცეულიყავით იმ შემთხვევაში, თუ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მდევრის როლში ვიქნებოდით და დღეს ეს პრაქტიკაში გამოვცადეთ. მომდევნო ორი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ“.

ფილიპ ბოერი (საფრანგეთის მთავარი მწვრთნელი): „ბიჭებმა იცოდნენ, რომ ხისტი გუნდის წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა და საწყის წუთებში ბურთის აღება არავის უნდოდა. გარდა ამისა, პრობლემები შეგვიქმნა ამინდმაც - ძლიერმა წვიმამ და პირქარმა. ამ დროს თამაში რთულია, მაგრამ ამოცანას თავი მაინც გავართვით. უკანასკნელ წუთზე დიდი შეცდომა დავუშვით, მეტოქეს ბურთი გადავულოცეთ და ამისათვის დავისაჯეთ“.

ბოლო წუთზე მოგებული თამაშები

კიდევ ორ შეხვედრაში გამარჯვებულები ბოლო წუთებზე გამოვლინდა და დამარცხებულებმა თითო ბონუსი ჩაიწერეს.

„ბ“ ჯგუფში სენსაცია დაფიქსირდა - იტალიამ ირლანდიას 22:21 სძლია და უკანასკნელ სამ წელიწადში ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა. იტალიელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და 18 წუთის შემდეგ 12:0 დაწინაურდნენ. ლელოები დანილო ფისკეტის და იაკოპო ბიანკის ანგარიშზეა, ხოლო ანტონიო რიძიმ ერთი გარდასახა. 27-ე წუთზე ქონორ დინის მიერ გატანილ ჯარიმას რიძიმ 1 წუთში არეკნით უპასუხა და ტაიმი 15:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში ქელვინ ნეშმა დუბლი შეასრულა, დინმა მეორე ლელო გარდასახა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო 63-ე წუთზე ირლანდია ჯარიმით დააწინაურა. 70-ე წუთზე ქიარინ ფროულიმ ჯარიმითვე უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა, თუმცა 76-ე წუთზე მარკო ძანონმა ხაზი გაჭრა, მასიმო ჩოფიმ პასი შეიმაგრა და თავისივე ლელო გარდასახა. ამრიგად, იტალიამ შარშანდელი ფინალისტი 22:21 დაამარცხა და ახალ ზელანდიასთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.

დღის ბოლო მატჩში („ა“ ჯგუფი) ქემერონ ლუისის ლელო არველ რობსონმა გარდასახა და უელსი დააწინაურა, მაგრამ ავსტრალიამ ტაიმის ბოლოს ჰენრი ჰაჩინსონის ლელოთი და ჰარისონ გოდარდის ჯარიმითა და გარდასახვით უპასუხა - 10:7.

მეორე ტაიმში უელსი დეინ ბლექერის ლელოთი კვლავ წინ გავიდა და გარდასახვაც ზუსტი იყო. ავსტრალიამ ლიდერობა 3 წუთში დაიბრუნა, ჰარი ჯონსონ-ჰოუმსმა ლელო დადო და ჰარი ნუსიფორამ გარდასახა. უელსმა რობსონის არეკნით წონასწორობა 76-ე წუთზე აღადგინა და ისე ჩანდა, პირველ დღეს მეორე ფრე დაფიქსირდებოდა, მაგრამ ავსტრალიამ იზაია პერეზის ლელოთი და ნუსიფორას გარდასახვით 24:17 იმარჯვა.

4 ივნისს მეორე ტურის თამაშებია. ‘აია არენაზე’ ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრა 13 საათზე დაიწყება, ხოლო ახალი ზელანდია იტალიას 15:30 საათზე ეთამაშება.

‘ავჭალაზე’ 13 საათზე იწყება არგენტინისა და საფრანგეთის შეხვედრა, 15:30 საათზე ავსტრალია-სამოა, უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას 18 საათზე ეთამაშებიან, ხოლო დღე ინგლისისა და უელსის მატჩით დასრულდება (20:30 საათი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:13 | 01.06.2017
BEERTRANCE (1073)

იმედია მეორე ტურში უკეთ ვითამაშებთ.

02:16 | 03.06.2017
პანტელეიმონი (1218)

იმედი და რწმენა არ მოგვიშალოს ღმერთმა.

0.096296