უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ ის 23 მორაგბე შეარჩია, რომლითაც 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში არგენტინას დაუპირისპირდება.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ შემადგენლობა თანაბარძალოვანია და შემცვლელებს ჩვენს თამაშში დამატებითი იმპულსის შეტანა შეეძლებათ:
„შემადგენლობა ისე გვაქვს დაკომპლექტებული, რომ შემცვლელები ჩვენს თამაშში ახალ იმპულსს შემოიტანენ. ჯგუფურ ეტაპზე თავის გამოჩენის საშუალება ყველა მორაგბეს მიეცემა. გუნდში კარგი განწყობაა და ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ წინასატურნირო ემოცია ვმართოთ.
გუშინ შევხდით მსაჯთა ხელმძღვანელ ალან როლანს, რომელმაც წესებში განხორციელებული ცვლილებები გაგვაცნო. უმოკლეს დროში მოგვიწევს ადაპტაცია და მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს დისციპლინას. ეს ტურნირი ამ ბიჭებისთვის დიდი გამოცდა იქნება. ესაა მათთვის კარი, რომლის გავლითაც დიდ რაგბში უნდა შეაბიჯონ“.
მაისურაძემ მეტოქის ძლიერი მხარეები კარგად იცის და თვლის, რომ არგენტინაში რაგბი სწრაფად პროგრესირებს, თუმცა დაცვაში დისციპლინირებული თამაშით მეტოქის იერიშების მოგერიებას იმედოვნებს:
„არგენტინელებმა შეკრება ახალ ზელანდიაში გაიარეს და ზე-რაგბის თანატოლთა გუნდებს ეთამაშნენ. მათ ტრადიციულად დაბალანსებული გუნდი ეყოლებათ: სწრაფი, ტექნიკური მოთამაშეები, ძლიერი რაქით. არგენტინელებმა განვითარების გზა ჩვენზე ადრე გაიარეს, მათი ყველა ასაკობრივი გუნდი და ნაკრები დღითიდღე წინ მიდის. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შეტევებისთვის პლათფორმა არ მივცეთ და ორგანიზებულად ვიმოქმედოთ დაცვაში“.
მისი აზრით სავსე ტრიბუნები და მაყურებლის მხარდამჭერა მომავალ მატჩში მნიშვნელოვანი იქნება და ბიჭები დამატებით სტიმულს მიიღებენ:
„ბედნიერებაა ასეთი ტურნირი საქართველოში რომ ტარდება. ველოდებით სავსე ტრიბუნებს და მაყურებლის მხარდაჭერა ჩვენთვის დიდი სტიმულის მომცემი იქნება. ბიჭების უმეტესობას მსგავს გარემოში არასდროს უთამაშიათ და ამისთვის ცალკე ვემზადებით“.
საქართველოსა და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა ხვალ, ავჭალის სარაგბო სტადიონზე 18 საათზე დაიწყება.
უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა არგენტინასთან: 15. მირიან მოდებაძე (აია), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენს), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. დავით მესხი (არმია), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9 გელა აფრასიძე (ლელო-სარასენს); 1. გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), 2. ლევან პაპიძე (ლელო-სარასენს), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფრანგეთი), 4. ბექა საღინაძე (ლელო-სარასენს), 5. კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), 6. გიორგი ნუცუბიძე (აია), 7. ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), 8. არსენ მაჩალაძე (აია).
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (ლელო-სარასენს), 17. უშანგი ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 18. გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), 19. ლაშა ჯაიანი (ექსეტერი, ინგლისი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. გიორგი კვესელაძე (ლელო-სარასენს).
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდით ლომებო ! წარმატება და გამარჯვება !
გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !
ძნელი იქნება, მაგრამ წარმატებები! ხვალ ვერა და კვირას, 2-ე თამაშს აუცილებლად დავესწრები
აბა თქვენ იცით
რათქმაუნდა გამარჯვება წარმატებები
იურინიც ყოფილიყო ნეტავ, ისე მომეწონა ეგ ბიჭი.. მაგრამ სამაგიეროდ მოდებაძე გამომჯობინებულა და იმედია ჩვეულ ფორმაში იქნება. წინ ლომებო ყველასთან შეგვიძლია ბრძოლა და არამარტო ბრძოლა!
მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. არგენტინა რა თქმა უნდა ძლიერი იქნება, მაგრამ ვნახოთ. წარმატება ჩვენი რაგბის მომავალს. მშურს მათი, ვინც სტადიონზე უგულშემატკივრებს ბიჭებს.
წარმატებები ჩვენს ბიჭებს..ძალიან მინდა არც ერთ თამაშს მაყურებელი არ აკლდეს...ვისაც სპორტი უყვარს, ამაზე კარგი სანახაობა დიდი ხანია არ გვქონია, დარწმუნებული ვარ ძალიან მოგვეწონება..უნდა მივიდეთ სტადიონებზე არა მარტო საქართველოს თამაშზე.. კიდევ როდის ჩამოვა ქუთაისში ოლ ბლექსი, მართალია 20-წლამდელები არიან, მაგრამ მომავალი ვარსკვლავები.. თან ბილეთებიც არ ღირს ძვირი..
იურინი მაინტერესებდა ძაან ცუდია რომ არაა
ლელო, ლელო, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!
წინ გამარჯვებებისაკენ!
ლაღი თამაში, დისციპლინა, ვეფხისებრი ბოჭვები და დაწარმატება არ დააყოვნებს.
წარმატებები ბიჭებს
მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დანარჩენს მოვლენების განვითარება გვიჩვენებს
ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს ხვალინდელი თამაშის. არგენტინა ჩვენთვის უხერხული მეტოქეა მაგრამ იმედი მაქვს ტოლ-სწორად ვეთამაშებით. დარწმუნებული ვარ შერკინებაში დავჩაგრავთ, ძალიან მომეწონა ჩვენი პირველი ხაზი აფრიკელებთან. ჩვენი 2 ნომერი განსაკუთრებით. ტაბიძეც ძირითადში იწყებს, მოდებაძეც არის, შემადგენლობა საბრძოლოა ჩემი აზრით.
ერთადერთი რაც მაკვირვებს ისაა რო ბილეთები ჯერ კიდევ არ გაყიდულა სრულად.