უცხოური

17:23 | 29.05.2017 | ნანახია 4167 - ჯერ

ნარიაშვილი გაასინბინეს, „ბარბაროსები“ დამარცხდნენ (+VIDEO)

გუშინ ლონდონის „თვიქნემზე“ დიდი სარაგბო სეირი იყო. ინგლისის ნაკრებმა კლუბ „ბარბაროსებს“ უმასპინძლა. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში დებიუტი საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯ მიხეილ ნარიაშვილს ჰქონდა, ვინც „ბარბაროსთა“ სასტარტო შემადგენლობაში იყო.

თამაშის დაწყებამდე ინგლისის მთავარ სარაგბო არენაზე წუთიერი დუმილი გამოცხადდა, რომელიც ამას წინათ მანჩესტერში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. შემდეგ კი ედი ჯონსის მიერ დამოძღვრილმა მასპინძლებმა ბურთი თამაშში შეიყვანეს და მომდევნო 10 წუთი დაცვაში გაატარეს. „ბარბაროსებმა“ ინიციატივა მოიპოვეს, მაგრამ დიდი ტერიტორიული უპირატესობა „ვარდებისთვის“ რეალურ ხიფათად ვერ აქციეს.

ჰოდა, ინგლისელებმა თანდათან ხელთ იგდეს მატჩის სადავეები და მე-17 წუთზე გარემარბმა ნეითან ერლმა თანაგუნდელების სწრაფი კონტრიერიში ლელოთი დააგვირგვინა, რომელიც ჯორჯ ფორდმა გარდასახა - 7:0. ამ უკანასკნელმა ტაიმის დასრულებამდე ორი ჯარიმის გატანაც მოახერხა და ედი ჯონსის ბიჭებმა შესვენებაზე 13-ქულიანი ჰანდიკაპი გაიყოლეს - 13:0.

მეორე ტაიმის დებიუტში „ბარბაროსების“ ელვისებური გარღვევის დასრულება ადამ ეშლი-კუპერმა ითავა. ავსტრალიელი სუპერვარსკვლავი ფლანგზე განხორციელებული აჩქარებით ბურთიანად ინგლისელთა ლელოში შეფრინდა. ირლანდიელმა იენ მედიგენმა ზუსტი გარდასახვით სტუმართა ჩამორჩენა კიდევ 2 ქულით შეამცირა - 13:7 ინგლისის სასარგებლოდ.

ხანგრძლივ საპასუხო შეტევას „ბარბაროსთა“ მხრიდან წესების დარღვევა მოჰყვა და ფორდმა ზუსტად შესრულებილი საჯარიმო დარტყმით ანგარიშის სხვაობა გაზარდა - 16:7. რამდენიმე წუთში კი რეფერიმ მანამდე არაერთხელ გაფრთხილებულ „ბარბაროსებთა“ შერკინებას ყვითელი ბარათი აუფრიალა - წესების ზედიზედ რამდენჯერმე დარღვევისთვის ნარიაშვილი გაასინბინეს. ეს 54-ე წუთზე მოხდა, თუმცა კაცნაკლულმა სტუმრებმა ინგლისურ წნეხს გაუძლეს და ანგარიში 12 წუთის შემდეგღა შეიცვალა. როცა ნარიაშვილის სინბინს დრო გაუვიდა, მისი ადგილი ვეტერანმა ახალზელანდიელმა კრის კინგმა დაიკავა, ვინც კლუბს ბოლო მომენტში, დისკვალიფიცირებული თანამემამულე ბენ ფრენკსის ნაცვლად შეუერთდა.

მოედანზე კინგის შესვლა და ინგლისელთა მეორე ლელოს გატანა ერთი იყო: დენი ქერმა „ბარბაროსებს“ ბურთი მოპარა, ხოლო ხაზი „ვუსტერის“ გოლიათმა მეორეხაზელმა უილ სპენსერმა გაარღვია. ფორდმა კვლავ ზუსტად დაჰკრა და თავისი გუნდი 23:7 დააწინაურა. თამაშის მიწურულს სამოელმა ჯო ტეკორიმ საპირისპირო ხაზი გაარღვია და ბურთი ლელოში დადო, მედიგენმა კვლავ გარდასახა - 23:14. სულ ბოლო წამებზე კი ინგლისელებმა უგრძელესი, მრავალფაზიანი შეტევა კიდევ ერთი ლელოთი დაასრულეს - ქერი ყველას გაექცა და ბურთიც დაამიწა - 28:14.

1 ივნისს ვერნ კოტერის მიერ მომზადებული გუნდი ბელფასტის „კინგსპან სთედიუმზე“ ირლანდიურ „ოლსტერს“ შეერკინება. დასაწყისი - 22:30-ზე (თბილისის დროით).


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:37 | 29.05.2017
პანტელეიმონი (1218)

მიშა, შე მაგარო ! ! !

0.085587