საფრანგეთის პრო დ2-დან ტოპ 14-ში დაბრუნებულ “აჟენში” გასულ სეზონში სამი ქართველი მორაგბე გამოდიოდა – ბორჯღალოსანი ბურჯი გიორგი თეთრაშვილი, მისი თანაამპლუელი ვახტანგ ახობაძე და აჟენური პუბლიკის კერპი, საქართველოს ნაკრების ცენტრი თამაზ მჭედლიძე. ახლა კი შევიტყვეთ, რომ მომავალი სეზონის სტარტიდანვე 2019 წლის ივნისამდე “აჟენის” ღირსებას გაგი ბაზაძეც დაიცავს.
ეს ზორბა მორაგბე 24 წლისაა, 188 სმ სიმაღლისაა და 130 კილოს იწონის. მას ერთობ საინტერესო სარაგბო წარსული აქვს. 18 წლის ასაკში აშშ-ში სამოყვარულო დონეზე თამაშობდა, კლუბ “ოლდ ბლუში” ირიცხებოდა და ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებაც მიიღო. შემდეგ, 2012-ში ბაზაძე საფრანგეთის ტოპ 14-ის “მონპელიეში” ჩაირიცხა, სადაც ესპუარებში ორი სეზონი გაატარა.
შემდეგ იყო პრო დ2-ის “მასიში” განათხოვრება, სადაც 21 წლის ბურჯი მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ისიც 15 წუთით შეუშვეს მინდორზე. “მასიდან” გაგი ფედერალ 1-ში მოასპარეზე “ლილში” გადავიდა, მაგრამ მცირე ხნით – მას თვალი “ლა როშელმა” დაადგა და 2015-16 წლების სეზონი ბაზაძემ ფრანგულ ელიტაში გაატარა.
ისე მოხდა, რომ ტოპ 14-ში თავისი სადებიუტო მატჩი ბაზაძემ იმ “მონპელიეს” წინააღმდეგ ჩაატარა, რომლის ესპუარებში ამ დონეზე მოსახვედრად ემზადებოდა. შეცვლაზე შესვლიდან 16 წუთში გაგი ბაზაძემ პროფესიულ კარიერაში პირველი ლელო დადო. ასეთი იღბლიანი დებიუტი გაოუვიდა ნიჭიერ მორაგბეს.
მაგრამ “ლა როშელში” დამკვიდრება მან ვერ მოახერხა – ჩემპიონატის მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მწვრთნელები ჩელენჯ კაპზე ათამაშებდნენ, სადაც 5 შეხვედრაში ირაგბა.
გასულ ზაფხულში კი გაგი ბაზაძე “მონპელიეში” დაბრუნდა, მაგრამ ვერც თავის ძველ-ახალ კლუბში მოიკიდა ფეხი (ტოპ 14-ის 7 მატჩში 1 ლელო და 2 სინბინი) და გადაწყვიტა, კარიერა ისეთ გუნდში გაეგრძელებინა, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა. როცა გამოჩნდა “აჟენის” ვარიანტი, მხარეები მალევე მორიგდნენ და 2-წლიანი ხელშეკრულებაც დადეს.
შესაშური ფიზიკური მონაცემების პატრონს, სანაკრებო დონეზე არსად უთამაშია, არც აშშ-ში და არც საქართველოში. ამდენად, მას ორივე გზა ხსნილი აქვს. მეორე საკითხია, რომ ბურჯისთვის ნაკრებში მოხვედრა ძალზე რთულია – იქნება ეს აშშ-ის ეროვნული გუნდი თუ, მით უფრო, საქართველოსი...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უმაღლესი დონის ბურჯი გვყავს, მაინც სასურველი იქნებოდა მისი ხილვა საქართველოს ნაკრებში, თუნდაც ევროპის ერთა თასის მატჩებში.
წარმატებას გისურვებ ! ! !
წარმატებები
ჩვენს წინახაზელებს მიაქვთ ტოპ 14.