სიახლეები

11:01 | 29.05.2017 | ნანახია 2105 - ჯერ

20-წლამდელები | „ბ“ ჯგუფის წარდგენა

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გასამართი ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე, წარმოგიდგენთ „ბ“ ჯგუფის მონაწილე გუნდებს.

ქუთაისში, ‘აია არენაზე’ ვიცე-ჩემპიონი ირლანდია, 20-წლამდელთა ჩემპიონატის 5-გზის გამარჯვებული ახალი ზელანდია, შოტლანდია და იტალია ითამაშებენ:

ირლანდია

2017 წლის განთესვა: 2

საუკეთესო შედეგი: მეორე ადგილი (2016)

უარესი შედეგი: მეცხრე (2008, 2010)

20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 45 თამაში: 23 მოგება - 22 წაგება

1 057 ქულა, 112 ლელო

ეროვნულში დაწინაურდა 34 მორაგბე

საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: კონორ მიურეი (59 ტესტი, აქედან ორი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში)

შევნიშნოთ: ირლანდიის კაპიტანი რის რადოკი ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას (2010 წელს) ეროვნულ გუნდში გამოიძახეს და ‘ვოლაბების’ წინააღმდეგ მისი სანაკრებო დებიუტი შედგა.

მწვრთნელი: პითერ მელონ

კაპიტანი: პოლ ბოილ

ვის დავაკვირდეთ: ფინინ ვიჩერლი

ის პირველად ითამაშებს 20-წლამდელთა ჩემპიონატს, თუმცა მეორეხაზელი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია ირლანდიის ნაკრებში. ვიჩერლის ‘მანსთერის’ შემადგენლობაში დებიუტი პრო 12-ში, ‘კარდიფთან’ ჰქონდა. ის ძალიან კარგია რაქებში და დერეფანში. მისი გამოცდილება გადამწყვეტი იქნება ირლანდიის ნაკრებისთვის, რომელმაც ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე დაკარგა.

ახალი ზელანდია

2017 წლის განთესვა: 5

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი (2008, 2009, 2010, 2011, 2015)

უარესი შედეგი: მეხუთე (2016)

20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 45 თამაში: 38 მოგება - 7 წაგება

1 910 ქულა, 266 ლელო

ეროვნულში დაწინაურდა 34 მორაგბე

საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: სემ უაითლოკი (84 ტესტი)

შევნიშნოთ: 2015 წლის მსოფლიო თასზე, ‘უებ ელისის თასი’ 10-მა ისეთმა მორაგბემ შემართა, რომელთაც 20-წლამდელთა ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული.

მწვრთნელი: ქრეიგ ფილპოთ

კაპიტანი: ლუქ ჯექობსენ

ვის დავაკვირდეთ: ქეილებ ქლარქ

ყოფილი ‘ოლ ბლექის’ შვილობა მას დამატებით წნეხში ამყოფებს, თუმცა 18 წლიდან ქლარქი ამ ფაქტიდან სარგებელს ნახულობს და ერონისგან საჭირო რჩევებს იღებს. 20-წლამდელთა წყნარი ოკეანის თასზე ის ყველასათვის შესამჩნევი იყო: ახალმა ზელანდიამ თასი მოიგო, ხოლო ქეილებიმ ერთი ლელო დადო, ხაზი 17-ჯერ გაჭრა და ჯამში 174 მეტრი მოიგო. ამონარიდი მწვრთნელის დახასიათებიდან: „ბუნებისგან უხვადაა დაჯილდოვებული და რეალურად გვიჩვენებს იმას, რასაც ზელანდიური რაგბი წარმოადგენს“.

შოტლანდია

2017 წლის განთესვა: 8

საუკეთესო შედეგი: მერვე ადგილი (2015, 2016)

უარესი შედეგი: მეათე (2008, 2010, 2011, 2013, 2014)

20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 45 თამაში: 16 მოგება - 29 წაგება

877 ქულა, 116 ლელო

ეროვნულში დაწინაურდა 37 მორაგბე

საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: რიჩი გრეი (65 ტესტი, აქედან ერთი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში)

შევნიშნოთ: მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატში შოტლანდიამ მე-9 ადგილი დაიკავა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ჯეიმი ფარნდეილი გახდა.

მწვრთნელი: ჯონ დალზილ

კაპიტანი: ქელამ ჰანთერ-ჰილ

ვის დავაკვირდეთ: დარსი გრემ

შარშანდელ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მან ავსტრალიას შესანიშნავი ლელო დაუდო და საკუთარი შესაძლებლობები ყველას დაანახა. მას შემდეგ გრემის კარიერა თავბრუსდამხვევი ტემპებით განვითარდა: ‘ედინბურგთან’ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ეს მოვლენა 20-წლამდელთა ექვსი ერის ბოლო ორ შეხვედრაში სამი ლელოთი აღნიშნა, რის შემდეგაც 7-კაცას მსოფლიო სერიებში ჰონკონგისა და სინგაპურის ეტაპებზე ითამაშა.

იტალია

2017 წლის განთესვა: 11

საუკეთესო შედეგი: მე-11 ადგილი (2008, 2011, 2014, 2015, 2016)

უარესი შედეგი: მე-13 (2009 - ბოლო წელი, როდესაც 16 გუნდი თამაშობდა)

20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 35 თამაში: 9 მოგება - 26 წაგება

523 ქულა, 60 ლელო

ეროვნულში დაწინაურდა 43 მორაგბე (36 ჩემპიონატიდან, 7 ალაფიდან)

საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: ედოარდო გორი (61 ტესტი)

შევნიშნოთ: იტალია ბოლო წლებში სამჯერ გადაურჩა გავარდნას: ფიჯისთან, სამოასთან და იაპონიასთან. 2015 წელს, სამშობლოში გამართულ ჩემპიონატში იტალიამ სამოა უკანასკნელ წუთზე, შორიდან გატანილი ჯარიმით დაამარცხა.

მწვრთნელი: ალესანდრო ტრონკონ

კაპიტანი: მარკო რიჩონი

ვის დავაკვირდეთ: მარკო რიჩონი

20-წლამდელთა ექვს ერზე იტალიამ ხუთივე თამაში წააგო, მაგრამ გუნდის კაპიტანმა კარგი რეპუტაცია მოიპოვა და უახლოეს მომავალში აუცილებლად გახდება ეროვნული გუნდის წევრი. კონორ ო’ში მას დააკვირდება, რადგან მის პოზიციაზე (ბურჯი) ეძებს მოთამაშეს, რომელსაც ხანგრძლივი პერიოდით დაეყრდნობა. რიჩონი საქართველოში მხოლოდ კვირას ჩამოვიდა, რადგან ‘კალვიზანოს’ იტალიის ჩემპიონატის ფინალის მოგებაში დაეხმარა, მომავალ სეზონს კი ‘ტრევიზოში’ დაიწყებს და პრო 12-ში ითამაშებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:21 | 29.05.2017
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

0.082543