ბორჯღალოსნები

21:40 | 28.05.2017 | ნანახია 3228 - ჯერ

20-წლამდელები | კაპიტნების ერთობლივი პრესკონფერენცია

დღეს ნაშუადღევს, სასტუმრო ‘ბილტმორში’ 2017 წლის ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატის იმ ჯგუფების კაპიტნების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელთა გუნდებიც თბილისში ითამაშებენ.

20-წლამდელთა ჩემპიონატს 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. „ბ“ ჯგუფის (ირლანდია, ახალი ზელანდია, შოტლანდია, იტალია) შეხვედრები ქუთაისში, ‘აია არენაზე’ გაიმართება, ხოლო ‘ა’ (ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა) და ‘გ’ (არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, საქართველო) ჯგუფის შეხვედრებს ავჭალის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს.

ჯგუფური ეტაპის თამაშები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს გაიმართება, ხოლო პლეი ოფები და ფინალები 13 და 18 ივნისს ‘მიხეილ მესხისა’ და ავჭალის სტადიონებზე გაიმართება.

პრესკონფერენცია

რის ჰიუიტი (ავსტრალიის კაპიტანი): „საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. რაგბი კარგად ვითარებდა და მჯერა, ტრიბუნებზეც გათვითცნობიერებული ქომაგი იქნება. ტურნირის მონაწილეებს წარმატებას ვუსურვებ და იმედია, შეჯიბრით ყველა ისიამოვნებს.

ჩემი გუნდის იმედი ნამდვილად მაქვს. ავსტრალიაში კარგი თაობა მოდის და რამდენიმე მათგანს ზე-რაგბში თამაშის გამოცდილება აქვს. ცხადია, ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა, დანარჩენი კი შეჯიბრის მიმდინარეობისას გამოჩნდება”.

უილ ჯონსი (უელსის კაპიტანი): „მძიმე ტურნირის მოლოდინში ვართ. ჯგუფურ ეტაპზე მოქმედ ჩემპიონ ინგლისს, ავსტრალიასა და სამოას ვეთმაშებით და ცხადია, რომ იოლ გამარჯვებას ვერავისთან დავგეგმავთ”.

ივან ფეპულაი (სამოას კაპიტანი): „ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე პლანეტის 12 უძლიერესი ნაკრებია შეკრებილი და ეს თავისთავად მეტყველებს რა დონის შეჯიბრს უნდა ველოდეთ. ბიჭების სახელით შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ. წინასწარი გათვლებით, ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა, ტურნირის სტარტი ძალთა ბალანსს კარგად გამოაჩენს. პირველივე მატჩში მოქმედ ჩემპიონ ინგლისს ვეთამაშებით და გავიაზრებთ, რისი იმედი უნდა გვქონდეს”.

ზაკ მერსერი (ინგლისის კაპიტანი): „მსოფლიო თასისთვის ნაყოფიერი მზადება გავიარეთ და წინდაწინვე შეგუებულნი ვართ იმას, რომ ტურნირზე სუსტი მეტოქე არ გვეყოლება. ნათელია, რომ ჩვენი მიზანი ტიტულის შენარჩუნება იქნება, რისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”.

ილია სპანდერაშვილი (საქართველოს კაპიტანი): „ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი დონის ტურნირი საქართველოში ტარდება. ცხადია, რომ ურთულესი მატჩები გველის. მეტოქეები ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად არიან მომზადებული. ჩვენც ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩეს, ჩვენ კი მინდორი თავაწეულებმა დავტოვოთ. ცხადია, მიზანი ჯგუფში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება და შემდეგ პლეიოფში მაღალი დონის თამაშის ჩვენებაა”.

ტომას ალბორნოზი (არგენტინის კაპიტანი): „საქართველოზე პირველი შთაბეჭდილება ყოველმხრივ დადებითია. ვეცდებით, საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ. პირველივე მატჩში მასპინძელ საქართველოს ვეთამაშებით და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ქართველებს შარშან მოსამზადებელ მატჩებში გავეჯიბრეთ და მახსოვს, როგორი რთული სპარინგები იყო. საქართველოს ნაკრები განსაკუთრებით კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა და ახლაც დიდ ბრძოლას ველით”.

ფლორიან ვერჰაეგე (საფრანგეთის კაპიტანი): „საქართველოში პირველად ვარ და აქაურობა ძალიან მომწონს. ჩვენ მკაფიო გეგმა გვაქვს შემუშავებული, რომლის თანახმადაც მატჩიდან მატჩამდე წინ უნდა ვიაროთ. საქართველოს ნაკრებთან თამაშის გამოცდილება ჩვენც გვქვს და კარგად გვახსოვს, რომ გასულ მსოფლიო თასზე მცირე სხვაობით ვიმარჯვეთ. ახლა, ჯგუფში ერთად ვართ და იმედია, უფრო დამაჯერებლად მოვიგებთ”.

ერნსტ ვან რინი (სამხრეთ აფრიკის კაპიტანი): „შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. არგენტინის, საფრანგეთისა და საქართველოს სახით, ჯგუფში რთული მეტოქეები გვყავს, მიზანი კი, ცხადია, პირველობა იქნება. საწყის შეხვედრაში საფრანგეთთან გამარჯვება ძალიან წაგვწევს წინ”.

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:20 | 29.05.2017
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

0.26612