20-წლამდელები

17:10 | 27.05.2017 | ნანახია 3929 - ჯერ

20-წლამდელები: დარჩა 4 დღე

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ‘მსოფლიო რაგბის’ მიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორე ადგილზეა (მსოფლიო თასის შემდეგ) და ის წელს მეათედ გაიმართება.

ტურნირი პირველად 2008 წელს, 19 და 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატების გაერთიანებით დაარსდა და თავდაპირველად მასში 16 გუნდი მონაწილეობდა, 2010 წლიდან კი, მონაწილეთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა, რამაც მისი დონე აამაღლა. 2008 წლიდან დაარსდა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ‘ალაფაც’, რომელშიც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას და გამარჯვებული 20-წლამდელთა ჩემპიონატში ბოლოადგილოსანი ნაკრების ადგილს იკავებს.

პირველ ტურნირს უელსმა უმასპინძლა და გამარჯვებული ‘ჯუნიორ ოლ ბლექსი’ გახდა. მან ფინალში ინგლისი 38:3 დაამარცხა. 20-წლამდელთა პირველ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ავსტრალია, არგენტინა, სამოა, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, საფრანგეთი, ტონგა, იტალია, აშშ, კანადა, ფიჯი, იაპონია.

2009 წელს, იაპონიაში პირველობა კვლავ ახალ ზელანდიელებს დარჩათ და ამჯერადაც ინგლისი დაამარცხეს - 44:28. მონაწილეობდნენ: ახალი ზელანდია, ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, საფრანგეთი, ავსტრალია, უელსი, არგენტინა, სამოა, შოტლანდია, ფიჯი, იტალია, ტონგა, კანადა, იაპონია, ურუგვაი.

2010 წელს, მონაწილეთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა და ტურნირს არგენტინამ უმასპინძლა, ჩემპიონი კი, ისევ ახალი ზელანდია გახდა, რომელმაც ავსტრალია 62:17 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სამივე გათამაშებაში მესამე ადგილზე სამხრეთ აფრიკა გავიდა (2008, 2009, 2010 წლებში). არგენტინაში თამაშობდნენ: ახალი ზელანდია, ინგლისი, უელსი, საფრანგეთი, არგენტინა, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია, ფიჯი, სამოა, ტონგა.

2011 წელს ინგლისი ფინალში დაბრუნდა, თუმცა იქ კვლავ ‘ჯუნიორ ოლ ბლექსი’ ელოდა და გამარჯვება ისევ ახალ ზელანდიას დარჩა - 33:22. იტალიაში თამაშობდნენ: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ინგლისი, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, უელსი, საფრანგეთი, ირლანდია, შოტლანდია, ფიჯი, ტონგა, იტალია.

2012 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა და ‘ჯუნიორ ოლ ბლექსის’ ჰეგემონია დაემხო. ფინალში ერთმანეთს მასპინძლები და მოქმედი ჩემპიონები შეხვდნენ და გამარჯვება აფრიკელებს დარჩათ - 22:16. სამხრეთ აფრიკაში თამაშობდნენ: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, უელსი, ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, არგენტინა, შოტლანდია, იტალია, ფიჯი, სამოა.

2013 წელს ტურნირს საფრანგეთმა უმასპინძლა და 20-წლამდელთა ჩემპიონატი პირველად მოიგო ევროპულმა გუნდმა - ინგლისმა ფინალში უელსი 23:15 დაამარცხა. ახალი ზელანდია პირველად დარჩა მედლების გარეშე, მას ბრინჯაოს მატჩში სამხრეთ აფრიკამ აჯობა. მონაწილეობდნენ: ინგლისი, უელსი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ავსტრალია, ირლანდია, არგენტინა, უელსი, შოტლანდია, სამოა, ფიჯი, აშშ.

მომდევნო წელს ინგლისმა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და ეს ახალ ზელანდიაში მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში ევროპელებმა სამხრეთ აფრიკას მინიმალური სხვაობით სძლიეს - 21:20. ახალ ზელანდიაში მასპინძელთა გარდა თამაშობდნენ: ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, ავსტრალია, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, სამოა, იტალია, ფიჯი.

2015 წელს ‘ჯუნიორ ოლ ბლექსმა’ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. იტალიის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მან ინგლისი 21:16 დაამარცხა. ტურნირში თამაშობდნენ: ახალი ზელანდია, ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, უელსი, ავსტრალია, არგენტინა, ირლანდია, შოტლანდია, იტალია, იაპონია, სამოა.

2016 წლის მანჩესტერის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრებმა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სადებიუტო მატჩი ახალ ზელანდიასთან დათმეს, უელსს და ირლანდიას კი, დიდი ბრძოლა გაუმართეს. უელსმა მინიმალური სხვაობით მოიგო (10:9), ირლანდიასთან მატჩის დებიუტში მოედანზე კაცნაკლული დავრჩით, მაგრამ 14 ქართველი არ გატყდა და მეტოქემ მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხა პრემიალური ქულის აღება (35:7). მე-9 ადგილის ნახევარფინალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიას 18:17 სძლიეს და სპორტულადაც მოიპოვეს წელს საქართველოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, ხოლო მე-9 ადგილის ფინალში საფრანგეთს მხოლოდ 3 ქულით, 24:27 ჩამორჩნენ.

შარშან ჩემპიონი ინგლისი გახდა, რომელმაც ირლანდია 45:21 დაამარცხა. მანჩესტერში თამაშობდნენ: ინგლისი, ირლანდია, ახალი ზელანდია, უელსი, ავსტრალია, არგენტინა, შოტლანდია, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა, საქართველო, იტალია, იაპონია. უმცროსი ბორჯღალოსნების მომავალმა მეტოქეებმა - არგენტინამ და სამხრეთ აფრიკამ მესამე ადგილისთვის ითამაშეს და არგენტინელებმა 49:19 მოგებით 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები.

ამრიგად, აქამდე გამართულ 20-წლამდელთა 9 ჩემპიონატიდან 5 ახალმა ზელანდიამ მოიგო, 3 ინგლისმა და ერთი სამხრეთ აფრიკამ. ფინალში 4-ჯერ დამარცხდა ინგლისი (ოთხივეჯერ ახალ ზელანდიასთან) და თითო-თითოჯერ ავსტრალია, ახალი ზელანდია, უელსი, სამხრეთ აფრიკა და ირლანდია. მესამე ადგილზე 5-ჯერ გავიდა სამხრეთ აფრიკა და თითო-თითოჯერ ავსტრალია, უელსი, ახალი ზელანდია და არგენტინა.

გასული 9 წლის განმავლობაში 20-წლამდელთა ჩემპიონატში სულ 18 ქვეყნის ნაკრებს უთამაშია.

2017 წელს ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და თამაშები 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას აქამდე არასდროს უმასპინძლია. საქართველოში ითამაშებენ: ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია, უელსი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია, საქართველო, იტალია და სამოა.

„ა“ ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, უელსი და სამოა ითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს ‘ავჭალის’ სარაგბო სტადიონზე გაიმართება;

„ბ“ ჯგუფში ირლანდია, ახალი ზელანდია, შოტლანდია და იტალია არიან. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს ქუთაისში ‘აია არენაზე’ გაიმართება;

„გ“ ჯგუფში არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი და საქართველო ითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს ‘ავჭალის’ სარაგბო სტადიონზე გაიმართება;

პლეი ოფები და ფინალები 13 და 18 ივნისს ‘მიხეილ მესხზე’ და ‘ავჭალაზე’ გაიმართება. 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ყველა ადგილი გათამაშდება და ბოლო, მე-12 ადგილზე გასული გუნდი გაისად ‘ალაფაზე’ დაქვეითდება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:31 | 28.05.2017
BEERTRANCE (1073)

ღრუზლანდია in action

13:08 | 28.05.2017
პანტელეიმონი (1218)

ამას ვიძახოდი თვენახევრის წინ.

სირცხვილია, რა გჭირთ ხალხო?

მერე არ გაგიკვირდეთ, რომ დაიწეროს, რომ ადრე იყო საქართველოსთვის ასეთი ტურნირის მიცემაო.

20:59 | 27.05.2017
qomagi (248)

ალიაქოთი და გაშუქება კი არა, ქუთაისში აია არენამდე მისასვლელ გაუბედურებულ გზაზე ახლა აგებენ საჩქარო წესით ასფალტს, თავსხმა წვიმაში მუშაობდნენ 2 დღის წინ და წყალში დაგებული ასფალტი მალევე გაჰყვება წყალს.არც ქუთაისში და არც თბილისში არ შეიგრძნობა სპორტული ზეიმი და განწყობა, მედია გაშუქება კიდევ ნული.

15:05 | 28.05.2017
giogobi (68)

როგორც მახსოვს პატარა მონაკვეთი იყო დასაგები და რა ვერ დააგეს აქამდე? თავის მოჭრას ვაპირებთ თუ რა ხდება

18:58 | 27.05.2017
tengocie (60)

მოკლედ მედია გაშუქება ტურნირის არის ნოლი. მიავლინეთ ვინმე და ინტერვიუები ჩაწერეთ სპორტსმენებთან. რამდენი უკვე ვარსკვლავია ჩამოსული და რამდენი მალე გახდება, როდემდე უნდა იყოთ ctrl+c ctrl+v_ს იმედად((((((((

19:03 | 27.05.2017
giogobi (68)

მართალი ხარ, ახლა იმხელა ალიაქოთი უნდა იდგეს, მთელი ქვეყანა უნდა ჩაიკარგოს შიგნით

0.079301