მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, ბადრი ალხაზაშვილისა და შალვა მამუკაშვილის „ტულონი“ ტოპ 14-ის ფინალში ითამაშებს.
მარსელში, „ველოდრომზე“ გამართულ ნახევარფინალში ტულონელებმა ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელს“ ბოლო წუთზე გატანილი არეკნით 18:15 აჯობეს. 46 წუთის შემდეგ „ლა როშელი“ 15:6 იგებდა, მაგრამ 51-ეზე შუამარბი პიერ აგილონი სახიფათო ბოჭვისთვის წითელი ბარათით გააძევეს და ეს მომენტი გარდამტეხი აღმოჩნდა. „ტულონმა“ 3 ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, „ლა როშელს“ ორი შორეული ჯარიმა გაუფუჭდა, უკანასკნელ წუთზე ტულონელები მოკლე დარტყმებით ლელოს ხაზამდე მივიდნენ, ანტონი ბელომ კარის პირისპირ არეკნი დაჰკრა და „ტულონმა“ გამარჯვება მოიპოვა - 18:15.
„ლა როშელის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს ბურჯი ლექსო ყაულაშვილი. ტულონელთა რიგებში 42-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მამუკა გორგოძემ. „ტულონი“ ფინალში „კლერმონისა“ და „რასინგს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. თამაში დღეს, 8 საათზე დაიწყება და დავით ზირაქაშვილი კლერმონელთა სასტარტო 15-ეულშია.
ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“ მინიმალური სხვაობით, 22:23 დამარცხდა ინგლისურ „ნორთჰემპტონთან“. პარიზელებმა პირველ ტაიმში 3 ლელო დადეს და 22:9 დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებიის შემდეგ 2 გარდასახული ლელო მიიღეს და ჩელენ კაპის მფლობელი გაისადაც ამ ტურნირზე ითამაშებს.
„სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურაბ ჟვანია, ხოლო გიორგი მელიქიძემ შეცვლაზე ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია