შიდა რაგბი

21:25 | 25.05.2017 | ნანახია 2274 - ჯერ

რაგბის აკადემია: დასკვნითი შეკრება ასპინძაში

საქართველოს რაგბის აკადემიის 52 მორაგბე 26-28 მაისს ასპინძის სარაგბო ბაზაზე სამდღიან, სეზონის დასკვნით შეკრებას გაივლის.

შეკრებაზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის აკადემიების 26-26 საუკეთესო მორაგბე მიდის, უმთავრესად მესამე და უკანა ხაზის მოთამაშეები, რადგან ამ შეკრების მიზანს სექტემბერში საფრანგეთში გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის (7-კაცა რაგბში) საუკეთესოების შერჩევა წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წელს პირველად ითამაშებს.

„შეკრებაზე უმეტესად 2000 წელს დაბადებული მორაგბეები მიგვყავს, თუმცა იქნებიან ერთი წლით უფროსი და უმცროსი მორაგბეებიც. 27 მაისს ასპინძაში აკადემიის შიდა ტურნირი გვექნება, რომელშიც აღმოსავლეთის და დასავლეთის ფილიალების ორ-ორი 13-კაციანი გუნდი ითამაშებს. მოხდება სელექცია და ჩამოყალიბდება 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრები. ეს იქნება ჩვენი აკადემიის ერთწლიანი მუშაობის პირველი პროდუქტი, რომელიც სექტემბერში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“ - ამბობს აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა.

ევროპის ჩემპიონატისთვის 18-წლამდელთა ნაკრებს ლევან ობოლაძე და ზაზა ლეჟავა მოამზადებენ, თუმცა ასპინძაში ჯამში 13 მწვრთნელი მიდის და სელექციისას ყველა მათგანის აზრი იქნება გათვალისწინებული.

დეტექცია და სელექცია

რაგბის აკადემიის სივრცეში ნიჭიერი მოთამაშეების მიღება სექტემბერში, დეტექციის პრინციპით იწყება. თითოეული გუნდი ექვსი აუცილებელი კრიტერიუმის საფუძველზე 4-5 განსაკუთრებული მონაცემების მქონე მორაგბეს წარადგენს. ეს კრიტერიუმებია: მენტალური (დისციპლინა და კონცენტრაციის უნარი), ნუტრიციული (ცხოვრების წესი, სწორი კვება და რეჟიმი), მორფოლოგიური (აღნაგობა, 180 სანტიმეტრზე მაღალ ბიჭებს მცირედი უპირატესობა ენიჭება), ფიზიკური (ძალა, ბუნებრივი სისწრაფე, კოორდინაცია), ტექნიკური და ტაქტიკური.

ვარჯიშების შემდეგ თითოეულ ამ მოთამაშეს მწვრთნელები უწერენ ნიშნებს (თითო კრიტერიუმზე 1-5-ბალიანი სისტემით). საუკეთესო და საშუალო მაჩვენებლის (20-30) მქონე მოთამაშეები აკადემიის სივრცეში რჩებია, დანარჩენები კი კლუბებში, ინდივიდუალურად აგრძელებენ მზადებას. საგულისხმოა, რომ რაგბის აკადემიაში დაბრუნების, ან მოხვედრის შანსი, მოთამაშეებს მოგვიანებით ისევ ექნებათ და ეს მათ შემდგომ განვითარებასა და პროგრესზეა დამოკიდებული.

საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი

უკვე ვწერდით, რომ რაგბის აკადემიის სივრცეში, მოზარდები სპორტულის გარდა საგანმანათლებლო და აღმზრდელობით განათლებასაც იღებენ და ამ კუთხით გამონაკლისი არც ასპინძის შეკრებაა.

„სპორტული ნაწილის გარდა, შეკრება კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებსაც მოიცავს და ამ მიმართულებით სამივე დღე დატვირთულია. პირველ დღეს (26 მაისს) გეოგრაფიის საზოგადოების თავმჯდომარე ზურაბ ჯანელიძე გვესტუმრება, რომელიც შორეულ წარსულში დედამიწაზე მიმდინარე ტექტონიკურ პროცესებზე და უფრო დეტალურად ჩვენი, კავკასიონის არეალის ჩამოყალიბების გეომორფოლოგიურ პროცესებზე გვესაუბრება. ლექციის შემდგომ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და პროფესიონალისგან მიიღო ამომწურავი პასუხები.

რადგან მეორე დღე სპორტული თვალსაზრისით დატვირთულია, შედარებით ნაკლები აქტივობები გვექნება: მოვინახულებთ ასპინძის მუზეუმს, შედგება შეხვედრა ფსიქოლოგ მალხაზ დავითაშვილთან, რომელიც შეკრებაზე ჩვენთან ერთად მოდის.

ინტენსიური დატვირთვების შემდეგ, მესამე დღე სრულად დაეთმობა განტვირთვას და აქტიურ დასვენებას. მოვაწყობთ ლაშქრობას და 6-7-კილომეტრიანი საკმაოდ რთული მარშრუტის დაფარვის შემდეგ, ვეწვევით შორეთის მონასტერს, სადაც მასპინძლობას გაგვიწევს არქეოლოგი მალხაზ დათუკიშვილი და თუ საჭიროება იქნება, ფიზიკური შრომით საკუთარ წვლილს შევიტანთ აღდგენით სამუშაოებში. ასევე ვგეგმავთ წინასწარ შევიძინოთ ნაგვის ტომრები და დავასუფთავოთ მონასტრამდე მისასვლელი გზის პირები, მიმდებარე ტერიტორია“ - გვაცნობს გეგმებს რაგბის აკადემიის დირექტორის მოადგილე დავით გოცაძე.

ისტორიული ექსკურსი ამით არ დასრულდება. აღმოსავლეთ აკადემიის მოზარდები ასპინძის ბაზაზე ახალციხის გავლით ავლენ, უკან კი, ახალქალაქის გზით დაბრუნდებიან და გზად ისტორიულ ღირშესანიშნაობეს მოინახულებენ.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

ასპინძის შეკრებაზე ფსიქოლოგი მალხაზ დავითაშვილიც მიდის, რომელიც რაგბის აკადემიაში სექტემბრიდან მუშაობს. ის უკვე ახლდა 18-წლამდელთა ნაკრებს საფრანგეთში გამართულ შეკრებაზე, ევროპის ჩემპიონატზე და როგორც მწვრთნელები, ასევე მოთამაშეები, მისი ჩართულობით კმაყოფილი დარჩნენ.

ახლა ის აკადემიის აღსაზრდელებს ეხმარება. ასპინძაში იქნება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები, თითოეულ მოთამაშეზე შედგება ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელიც აკადემიის მონაცემთა ბაზაში დაიდებს ბინას და მომავალში მწვრთნელებს დიდ დახმარებას გაუწევს.

„თანამედროვე სპორტი ფსიქოლოგიის გარეშე წარმოუდგენელია და ჩემს მიზანს გუნდში ფსიქოლოგიური კლიმატის გაჯანსაღება წარმოადგენს. ასპინძაში გვექნება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები. გაეცემა პასუხი მოთამაშეთა ნებისმიერ კითხვას. ვისაუბრებთ მოტივაციაზე, ზოგადად ფსიქოლოგიაზე და იმ დადებით მხარეებზე, რაშიც ეს საუბრები გამოადგებათ.

გარკვეულწილად, მოთამაშეთა ტექნიკური პარამეტრები ფსიქოლოგიას უკავშირდება, მას მოტორული ინტელექტი ეწოდება. მნიშვნელოვანია, რომ შეიკრას სამკუთხედი და ფსიქოლოგისა და მწვრთნელის გარდა, მოთამაშის ჩამოყალიბებაში მშობელიც აქტიურად ჩაერთოს. სამომავლოდ მშობლებთანაც გვექნება შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, რაგბის აკადემიის მუშაობის ეს სტილი მოკლე ხანში დიდი შედეგის მომტანი იქნება“ - ამბობს დავითაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:05 | 27.05.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ, შესანიშნავი დამოკიდებულება გაქვთ საქმისადმი, წარმატებას გისურვებთ ! ! !

19:05 | 26.05.2017
temuchin (431)

ძალიან კარგია, მასე განაგრძეთ!

22:20 | 25.05.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.087276