20-წლამდელები

18:08 | 25.05.2017 | ნანახია 2326 - ჯერ

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი: სოციალური და საგანმანათლებლო აქტივობები

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველოში (თბილისსა და ქუთაისში) გასამართი ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში, ტურნირის მონაწილე 12-ვე ნაკრები სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთვება.

მსგავსი პროექტები რაგბის სამყაროში ყველა მსოფლიოს ჩემპიონატის თანმდევი ნაწილია, სოციალურ და საგანმანათლებლო საკითხებში მოთამაშეები, მწვრთნელები და გუნდის მენეჯერები აქტიურად ერთვებიან. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება კიდევ ერთი დიდი სიკეთეა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით მიიღებს.

საქართველოს რაგბის კავშირი დიდი ხანია აქტიურად მოღვაწეობს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით და 20-წლამდელთა ჩემპიონატმა ამ მიმართულებით ფართომაშტაბიანი ველის გაშლის საშუალება მისცა. პროექტის განხორციელება ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ნონო ანდღულაძემ ითავა, ‘მსოფლიო რაგბის’ ხელშეწყობით და მონაწილე გუნდების ჩართულობით, არაერთი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა.

ტურნირის სოციალურ პროგრამაში არაერთი პარტნიორი კომპანიაა ჩართული: თიბისი ბანკი, ბილაინი, გაეროს ქალთა პროგრამა (UN Women), სან-დიეგოს უნივერსიტეტი, იუნისეფი (Unicef), პარაოლიმპიური გადამზადების ცენტრი, ბავშვთა ჰოსპისი, იმპაქთ ჰაბი (Impact Hub), სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

„მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირა დარჩა. მზადების სტადია დასკვნით ფაზაშია და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საორგანიზაციო გუნდს ლაშა ხურციძის მეთაურობით. ახალგაზრდების ჯგუფმა შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და წინ დაუვიწყარი სანახაობა გველის.

ვისარგებლებ შემთხვევით და გულშემატკივრებს შევახსენებ, რომ ბილეთების სალაროებში გაყიდვა დაიწყო.

მსოფლიო ჩემპიონატებს თან ახლავს სოციალური პროგრამები, ეგრეთწოდებული ლეგასები, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ სტუმრად ჩამოსული გუნდები. ეს საგანმანათლებლო აქტივობები კიდევ ერთი დიდი სიკეთეა, რომელიც საქართველოს ამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დარჩება“ - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

ჩემპიონატის მსვლელობისას დაგეგმილი აქტივობების სია საკმაოდ დიდია. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღონისძიება ჰაკათონია, რომლის ფარგლებშიც ინგლისისა და ‘მსოფლიო რაგბის აი’თი (IT) სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს რაგბის აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეებს რაგბში და ზოგადად სპორტში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობენ.

„ჩვენს პროექტს, რომელსაც ‘ბილაინის’ მხარდაჭერით განვახორციელებთ, ჰაკათონი-რაგბისთვის ეწოდება და მასში სხვადასხვა უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი იქნება ჩართული. 29 მაისს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი სტუდენტებს რაგბში და ზოგადად სპორტში ტექნოლოგიური მიღწევების მნიშვნელობაზე გაესაუბრება, რის შემდეგაც სტუდენტებს მივცემთ დავალებებს და გამოვავლენთ გამარჯვებულებს“ - თქვა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიის კომუნიკაციებისა და განვითარების დირექტორმა ელენე ალადაშვილმა.

ჰაკათონი 9-11 ივნისს გაიმართება, მისი და სხვა სოციალური აქტოვობების მნიშვნელობაზე კი პროექტის ხელმძღვანელმა ნონო ანდღულაძემ ისაუბრა:

„საქართველოს რაგბის კავშიირი სოციალურ აქტივობებს ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. ჩვენ უკვე წლებია ვთანამშრომლობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, იუნისეფთან ერთად გვქონდა პროექტი არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში კი, სხვადასხვა მიმართულებით არაერთი აქტოვობაა გაწერილი და მასში ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი ჩაერთვება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებაში გვეხმარება“.

გასამართი ღონისძიებების ჩამონათვალი იხილეთ აქ

დღევანდელი შეხვედრის მასპინძლის, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა, სრკ-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა:

„ჩვენსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის მხოლოდ სასპონსორო კი არა, მეგობრული ურთიერთობაა და მინდა მადლობა გადავუხადო კავშირს ამის საშუალება რომ მოგვეცა. რაგბი საქართველოში წარმატების მაგალითია და მისი პოპულარიზაციისთვის მომავალშიც ბევრს გავიღებთ. განსაკუთრებული მადლობა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:10 | 27.05.2017
პანტელეიმონი (1218)

მეც იმ აზრზე ვარ, რომ მეტია გასაკეთებელი პიარის თვალსაზრისით, მითუმეტეს რომ აქტივობის დაწყება ცოტა გვიან დაიწყეთ.

20:05 | 25.05.2017
BEERTRANCE (1073)

გააპიარეთ უფრო კარგად.

0.113515