საფრანგეთი ტოპ-14

15:51 | 25.05.2017 | ნანახია 3859 - ჯერ

ლევან ჩილაჩავას „ველოდრომზე“ ვერ ვიხილავთ

პარასკევს, თბილისის დროით 23 საათზე მარსელის „ველოდრომზე“ ტოპ 14-ის ერთ-ერთი ნახევარფინალური მატჩი დაიწყება: „ლა როშელი“ „ტულონის“ წინააღმდეგ.

წინასწარი ინფორმაციით ცნობილი იყო, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან დაპირისპირებაში 3 ქართველ მორაგბეს უნდა მიეღო მონაწილეობა: „ლა როშელის“ ბურჯ ლექსო ყაულაშვილს და ორ ტულონელს - მამუკა გორგოძესა და ლევან ჩილაჩავას. მაგრამ გაირკვა, რომ ყაულაშვილი განაცხადს მიღმა დატოვეს, ხოლო ჩილაჩავას ტრავმა აწუხებს და ნახევარფინალის გამოტოვება მოუწევს.

„კასტრთან“ საპლეიოფო მატჩში შეცვლაზე შესულმა ჩილაჩავამ საიმედოდ კი ითამაშა, მაგრამ კისერი იტკინა და მთელი ეს დღეები „ტულონის“ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მედიკოსები და თავად ლევანი იმედოვნებდნენ, რომ ტრავმის მოშუშება პარასკევისთვის მოესწრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, კლუბის ხელმძღვანელობას ტულონელთა ქომაგებისთვის არასასიამოვნო ამბის გამომზეურებამ მოუწია: ჩილაჩავა ნახევარფინალს გამოტოვებს.

ეს დიდი დარტყმაა ამ გუნდისთვის, რადგან „ტულონს“ მარსელის მატჩში წამყვანი მოთამაშეების ისედაც მთელი ჯგუფი უნდა მოესაკლისებინა. ფიჯელი ბურჯი მანასა საულო დიდი ხნის ტრავმირებულია, მისი ფრანგ თანაამპლუელ ლორან დელბულბეს მხარი აქვს დაზიანებული. მარსელში ასევე ვერ ითამაშებენ ბრაიან ჰაბანა (ტერფის ტრავმა), ფრანსუა ტრენ-დუკი (ბარძაყის ტრავმა) და მაა ნონუ (ოჯახური მიზეზების გამო).

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ნახევარფინალში „ტულონის“ სასტარტო 15-ეულში მარჯვენა ბურჯის პოზიციას სამხრეთაფრიკელი მარსელ ვან დერ მერვე დაიკავებს, ხოლო მისი შემცვლელი 20 წლის ემერიკ სეტიანო იქნება, კლუბში აღზრდილი ჭაბუკი, რომელსაც ტოპ 14-ში ჯამში 27 წუთი აქვს ნათამაშები.

რაც შეეხება მამუკა გორგოძეს, ქართული რაგბის ცოცხალი ლეგენდა „ტულონის“ მარქაფაში იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080073