ქართული

17:03 | 23.05.2017 | ნანახია 6852 - ჯერ

მიხეილ ნარიაშვილი - მე-7 ქართველი “ბარბაროსებში”

28 მაისს ლონდონის „თქვიქნემზე“ ინგლისის მორაგბეთა ნაკრები „ბარბაროსებს“ დაუპირისპირდება. სახელგანთქმული სარაგბო კლუბში როგორც მოთამაშეთა, ისე მწვრთნელთა შემადგენლობა ყოველი ტურნესთვის საგანგებოდ შეირჩევა. როგორც წესი, „ბარბაროსების“ შემადგენლობას მსოფლიო რაგბის უკაშკაშესი ვარსკვლავები აკომპლექტებენ ხოლმე და გუნდის სათავეში იმ კონკრეტული დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ მწვრთნელს აყენებენ.

ამ ჯერზე „ბარბაროსების“ დამრიგებლობა შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელ ვერნ კოტერს ჩააბარეს. ახალზელანდიელმა სპეციალისტმა ასისტენტებთან ერთად საკმაო ხანს იფიქრა შემადგენლობაზე და აი, დღეს „ბარბაროსთა“ 27-ეულიც გამოცხადდა.

ძალზე სასიამოვნოა, რომ სიაში ქართველი მორაგბეცაა - მიხეილ ნარიაშვილი პირველად მოირგებს „ბარბაროსების“ კვართს. კლუბის ტვიტერზე თითოეული გამოძახებული მორაგბის ფოტოს ქვეშ მოკლე დახასიათებაცაა. აი, რა დაიწერა მიხოს შესახებ: „ვერცხლისფერ გორილაზე ძლიერი. ფიზიკური ძალის მეფე“.

ცნობისთვის, ლონდონური სტუმრობის მერე, 1 ივნისს, ბელფასტში, „ბარბაროსების“ მეტოქე ირლანდიური კლუბი იქნება - „ოლსტერი“, ქვემოთ კი ვერნ კოტერის რჩეულთა სრულ სიას გთავაზობთ:

ფორვარდები: პატრისიო ალბასეტე („ტულუზი“ და არგენტინა), სტეფონ არმიტიჯი („პო“ და ინგლისი), სხალკ ბრიტსი („სარასენსი“ და სამხრეთ აფრიკა), ტიერი დუსოტუარი („ტულუზი“ და საფრანგეთი), კორი ფლინი („სტარ რფკ“ და ახალი ზელანდია), ბენ ფრენკსი („ლონდონ აირიში“ და ახალი ზელანდია), ჟილიან გალანი („ტულუზი“ და საფრანგეთი), რიჩარდ ჰიბარდი („გლოსტერი“ და უელსი), ფაკუნდო ისა („ლიონი“ და არგენტინა), მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“ და საქართველო), სენზუს ჯონსტონი („ტულუზი“ და სამოა), ვილემ პეტრუს ნელი („ედინბურგი“, შოტლანდია), მაიკ როსი („ლენსტერი“ და ირლანდია), ჯო ტეკონი („ტულუზი“ და სამოა), ჯერემი თრაში („გლოსტერი“ და ახალი ზელანდია);

უკანა ხაზი: ორასიო აგულია („კასტრი“ და არგენტინა), ადამ ეშლი-კუპერი („ბორდო“ და ავსტრალია), იან დავიდი („ტულუზი“ და საფრანგეთი), კან ფოტუალიი („ბათი“ და სამოა), რობი ფრუიანი („ბათი“ და ახალი ზელანდია), რორი კოკოტი („კასტრი“ და საფრანგეთი), იენ მადიგანი („ბორდო“ და ირლანდია), ტიმოსი ნაგუსა („მონპელიე“ და ფიჯი), ვაისეა ნაიასალევუ („სტად ფრანსე“ და ფიჯი), რუან პიენარი („ოლსტერი“ და სამხრეთ აფრიკა), დევიდ სმითი („კასტრი“ და სამოა), ფრანს სტეინი („მონპელიე“ და სამხრეთ აფრიკა).

2006 წელს “ბარბაროსები” საქართველოს ეწვივნენ და “მიხეილ მესხზე” ბორჯღალოსნების წინააღმდეგ ითამაშეს. მატჩი სტუმრებმა 28:19 კი მოიგეს, თუმცა ქართველი მორაგბეებით მოიხიბლნენ და მაშინვე თქვეს, რომ მათ საკუთარ რიგებში აუცილებლად იხმობდნენ. ეს პირობა არაერთხელ შესრულდა. პირველი ქართველი, რომელმაც ამ კლუბის შავ-თეთრი მაისური მოირგო, დავით ქუბრიაშვილია, 2011 წლის 29 მაისს მან ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო 4 ივნისს უელსის ნაკრებსაც დაუპირისპირდა. იმავე წელს, მსოფლიო თასის შემდეგ, „ბარბაროსებში“ დავით კაჭარავამ და გოდერძი შველიძემ იბურთავეს, ხოლო 2012-ში ამ კლუბში უკვე მამუკა გორგოძეს უხმეს, ვისაც ირლანდიასთან და უელსთან მოუწია დაპირისპირება.

2013 წელს მსოფლიოს არაოფიციალურ ნაკრებში კვლავ ქუბრიაშვილსა და გორგოძეს უნდა ეთამაშათ, მაგრამ კლუბის შეკრებაზე მათი ჩასვლა ვერ მოხერხდა. 2014-ში, ზაფხულის ტესტებზე გამოძახებულთა შორის იყვნენ დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე. 1 ივნისს ორივემ ითამაშა „თვიქნემზე“ ინგლისის წინააღმდეგ. „ბარბაროსებმა“ 39:29 მოიგეს და მათი ერთ-ერთი ლელო საკუთარ ანგარიშზე გორგოძემ ჩაიწერა. ეს ლელო ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ლელოა „ბარბაროსებში“.

2014-ის შემოდგომის ტესტებისთვის „ბარბაროსებში“ კვლავ დათო ზირაქაშვილს უხმეს და მასთან ერთად - მიხეილ ნარიაშვილსაც, მაგრამ პირველის კლუბს თამაშები ჰქონდა, მეორეს ხელი სავიზო პრობლემებმა შეუშალა და ისინი “ბარბაროსებში” ვერ მოხვდნენ. 2015 წელს რჩეულთა შორის კოტე მიქაუტაძე აღმოჩნდა, ვინც კლუბს ზაფხულის ტურნეში გაჰყვა. ეს იყო და ეს. მას მერე „ბარბაროსებში“ ქართველებს არ უთამაშიათ და აი, 2-წლიანი პაუზა დასრულდა. შესაბამისად, ნარიაშვილი გახდება მე-7 ქართველი, ვისაც „ბარბაროსებში“ უთამაშია.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:28 | 25.05.2017
johna (12)

მაგარი კაცი!
აი ეს არის აღიარება!!

16:44 | 24.05.2017
Kala94 (151)

ნამდვილად დაიმსახურა მიშამ ! უდიდესი აღიარებაა !

10:59 | 24.05.2017
geogoli (367)

ძალიან მაგარია, წარმატებები მიშას

00:32 | 24.05.2017
პანტელეიმონი (1218)

მიშა გილოცავ, გაიხარე.

19:13 | 23.05.2017
federer (17) (469)

ყველაზე მაგარი კაცი მიწოლაშიი
მე არ მინახავს სტატიკაში ასეთი დონის პირველხაზელი და სხვისი არ ვიცი

18:52 | 23.05.2017
tengocie (60)

მიშას მორიგი აღიარება. მართლა შერკინების პროფესორია. გაიხარე. ისე რუმინეთტან მაგრა იყოჩაღა თითქმის მარტო აწვებოდა კაცი.

0.093793