სტატიები

21:25 | 22.05.2017 | ნანახია 4775 - ჯერ

უცხო თვალით დანახული რაგბის აკადემია
ლუდმილა პროსიანნიკოვა ბავშვთა რაგბზე საქართველოში

ცოტა ხნის წინ საქართველოს რაგბის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ლუდმილა პროსიანნიკოვა, რომელიც მოსკოვში ბავშვთა რაგბის განვითარებაზე ზრუნავს. მისი ვიზიტის მიზანს ქართველი მორაგბეების აღზრდის მეთოდები და მზადების დეტალების გაცნობა წარმოადგენდა.

შინ დაბრუნებულმა აკადემიის მუშაობის სისტემას უკრაინულ ვებ-გვერდ Rugger.info-ზე ვრცელი სტატია მიუძღვნა. გთავაზობთ ლუდმილა პროსიანნიკოვას მიერ დანახულ ბავშვთა რაგბის თარგმანს:

„ძალიან ბევრმა მწვრთნელმა მთხოვა დამეწერა, რას წარმოადგენს საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა რაგბი. მათ სურთ იცოდნენ, რის ხარჯზე ხდება მათი ასეთი ტემპებით განვითარება, რადგან ერთ დროს საქართველოც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, თუმცა დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული რაგბი ისე ვითარდება, მას პოსტ-საბჭოთა სივრციდან კიდევ დიდხანს ვერავინ დაეწევა.

უნდა ავღნიშნო, რომ მომზადების ქართული სისტემის კოპირება ვერ მოხერხდება, თუმცა გარკვეული ელემენტების აღება და ჩვენს რაგბში დანერგვა დღესვე შესაძლებელია.

საქართველოს რაგბის აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა იმედოვნებს, რომ ქართული რაგბის ნოვაციები რუსული თუ უკრაინული რაგბის განვითარებასაც შეუწყობს ხელს და რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევს: შევეშვათ საბჭოურ აზროვნებას, ზარმაცობას, დავიწყოთ სწავლა, გავიზიაროთ გამოცდილება და მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ!

Get into rugby

ირკვევა, რომ როდესაც “მსოფლიო რაგბის” ეს პროგრამა პროფესიონალების ხელში ხვდება, ის რეალურად უწყობს ხელს რაგბის პოპულარიზაციას და ნათელი მომავლის პერსპექტივებს აჩენს.

რა ხდება საქართველოში? მწვრთნელი პასუხისმგებლობას იღებს რამდენიმე სკოლაზე, ფიზკულტურის მასწავლებლებს ასწავლის სარაგბო ილეთების ბაზისს, ეხმარება მას და კურირებს სავარჯიშო პროცესს, გადასცემს სპორტულ ინვენტარს (თითო სკოლას: 3 ბურთი, Get into rugby-ს ბროშურა ქართულ ენაზე, ფხრიწის 10 კომპლექტი, ფორმა). გარკვეული პერიოდულობით სკოლის გუნდები მონაწილეობენ თაჩ-რაგბის ფესტივალებში, სადაც მწვრთნელები მსაჯები არიან. არავითარი მედლები, თასები, შეჯიბრი და ანგარიში. თამაშობენ მხოლოდ სიამოვნებისთვის! ბიჭები და გოგონები ერთად.

კითხვა: ფიზკულტურის მასწავლებლებს რაგბის მწვრთნელობას ასწავლით?

პასუხი: მხოლოდ თაჩ-რაგბის. რაგბის მწვრთნელს თამაში უნდა ესმოდეს და თუ თავად არ უთამაშია, მისთვის აღქმა გართულდება. ის ყოფილი მორაგბე უნდა იყოს, აქ კი, ასეთი წინაპირობა აუცილებელი არაა.

კითხვა: სასკოლო რაგბიდან ყველა ბავშვი რაგბის სექციაში მიდის?

პასუხი: თუ დაინტერესდებიან, მხოლოდ მაშინ მოდიან. მშობლებს ბავშვები რაგბზე ამ პროგრამის გარეშეც მოყავთ (საქართველოში არის რაგბის სპეციალიზირებული ტელე-არხი, სადაც კვირაში 7 დღე, 24 საათი, შესაძლებელია რაგბის ყურება; ასევე რაგბზე სიუჟეტები რეგულარულად გადაიცემა ცენტრალური ტელევიზიით). გოგონები, რომლებიც ახლა თაჩ-რაგბის თამაშობენ, მომავალში ბიჭების დედები რომ გახდებიან, შვილებს რაგბზე შიშის გარეშე მიიყვანენ.

ფესტივალი (14 წლამდე)

ბავშვები თამაშობენ რაგბის. დიახ, 14 წლამდე თამაშობენ გასართობად და არა ეჯიბრებიან ერთმანეთს. სისტემა განსხვავებულია რუსულისგან: არავითარი გამარჯვებული და დამარცხებული, მედლები, თასები და საჩუქრები. ეს მხოლოდ თამაშია!

ფესტივალები მარტიდან ივნისის შუა რიცხვებამდე და სექტემბრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე ტარდება.

ღონისძიებები იმ მოედნებზე იმართება, სადაც ვარჯიშობენ და თამაშობენ უფროსი ასაკის გუნდები. ბავშვები რეგულარულად ესწრებიან ჩემპიონატის შეხვედრებს და ეცნობიან თამაშის არსს.

ბავშვთა გუნდები დაყოფილია ტერიტორიული პრინციპით და ამ ყველაფერს საქართველოს რაგბის კავშირი და რაგბის აკადემია აკონტროლებს. მათი მხარდაჭერით იმართება ფესტივალებიც.

პირველ თამაშებს აკვირდება რაგბის კავშირისა და აკადემიის მიერ მივლენილი კომისარი, რის შემდეგაც გუნდები თანაბარძალოვან ჯგუფებში ნაწილდებიან.

არ წარმოებს ანგარიში და ყველა მოთამაშეს აქვს ლიცენზია. არ ხდება ასაკის გადაკეთება!

ყველა ბავშვთა გუნდს ავარჯიშებს სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია პირველი დონის სერთიფიკატი.

საინტერესოა, რომ ტაიმის დასრულების შემდეგ, ბავშვთა რაგბში გუნდები არ ცვლიან მოედანს.

ფესტივალებზე მწვრთნელები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ, ქალები მსაჯები, თუმცა თეორიულად, 14 წლამდე მოზარდებში ქალთა მწვრთნელობა დასაშვებია, უფროს ასაკში არა.

გოგონებს შეუძლიათ ბიჭებთან ერთად ივარჯიშონ და ითამაშონ 12-წლამდელთა გუნდებში, თუმცა მორაგბეთა ლიცენზიებში სულ რამდენიმე გოგონას სახელს თუ ამოიკითხავთ.

ფესტივალებს ემსახურებიან სპორტული ექიმების ბრიგადები, რომელთაც ღონისძიებებზე რაგბის კავშირი აგზავნის. პირველადი დახმარება მოედანზევე ხორციელდება, თუ ტრავმა სერიოზულია, იძახებენ სასწრაფო დახმარებას.

ფესტივალები ყოველ შაბათ-კვირას იმართება. გუნდს ფესტივალის გაცდენის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ მისი მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კლუბების მორაგბეთა დიდი ნაწილი, პარალელურად ბავშვთა გუნდებს ავარჯიშებს.

აღმოსავლეთ საქართველოში, 12-წლამდელთა ფესტივალში 24 გუნდი მონაწილეობს და ის ორ თანაბარ ჯგუფადაა გაყოფილი; 10-წლამდელებშიც 24 გუნდია; 8-წლამდელებში - 16.

ასეთი სქემა ხშირი თამაშის, ოსტატობის ამაღლების, გამოცდილების დაგროვების და ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოში თითოეულ ბავშვს წელიწადში დაახლოებით 60 თამაში უგროვდება! 8-14 წლის ასაკში, თითოეულ ბავშვს ჯამში 300-მდე თამაში აქვს ჩატარებული.

ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ, 10-წლამდელთა ბავშვების მწვრთნელს ვკითხე: დავიჯერო თქვენნაირი გამოცდილების მქონე მწვრთნელისთვის საინტერესოა ბავშვებთან მუშაობა?

პასუხი მოულოდნელი იყო: ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა. მე უარი ვთქვი უფროსი ასაკის ჯგუფის გაწვრთნაზე, რადგან მსურს ამ ბავშვებთან ერთად გავიარო მთელი გზა!

ახალგაზრდა მორაგბეების ლიცენზირება

ამ თემას საქართველოს რაგბის კავშირი და აკადემია კურირებს. მოთამაშეს, რომელსაც ლიცენზია არ გააჩნია, ფესტივალებში მონაწილეობის უფლება არა აქვს. ლიცენზია გაიცემა ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ (ფოტოსურათი, სამედიცინო ცნობა, დაბადების მოწმობა და ა.შ.), რომელსაც პასუხისმგებელი პირი გადაამოწმებს და ლიცენზიას მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს.

ყველა ლიცენზიაში წერია მოთამაშის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, კლუბი, მინიჭებული აქვს პირადი ნომერი, ჩაკრულია ფოტოსურათი, დადასტურებულია საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის ბეჭდით. ყველა ლიცენზია შეტანილია კავშირის ბაზაში. სტატისტიკა მხოლოდ დარეგისტრირებული მოთამაშეების მიხედვით წარმოებს.

ბავშვები გათანაბრებულები არიან მოყვარულებს, რომლებიც ასევე იღებენ ლიცენზიას. პროფესიონალი მოთამაშეების ლიცენზია ოდნავ განსხვავებულია.

ფესტივალის/შეჯიბრის დროს, კომისარს წარდგენილი ლიცენზიების გადამოწმება პლანშეტის მეშვეობით მარტივად შეუძლია. ეს გამორიცხავს რაიმე გადაცდომებს და სტატისტიკას გამჭირვალეს და სანდოს ხდის.

უსაფრთხო ვარჯიში

ნაბისმიერი ღონისძიების წარმატებით ჩატარების საწინდარი, სათანადო მომზადება და კონტროლია. ვარჯიშსა თუ ფესტივალზე მწვრთნელები თავად ზრუნავენ უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ხოლო კონტროლს ორგანიზატორები ანხორციელებენ:

მოწმდება სტადიონისა და მოედნის საფარის უსაფრთხოება (არ უნდა ეყაროს ქვები, შუშის ნამტვრევები, ნაგავი და ა.შ.); მოედნის მომზადება თამაშებისთვის (სათამაშო სივრცის მონიშვნა); მოწმდება ადგილზე არიან თუ არა მსაჯი და ექიმი; გუნდები მზად უნდა იყვნენ თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე; თამაშების განრიგის კონტროლი; ინვენტარის კონტროლი; ფიქსირდება მსაჯებისა და ექიმების შეცდომები; მოთამაშეთა ლიცენზიების კონტროლი; მწვრთნელების ლიცენზიების კონტროლი.

რაგბის აკადემია

ქართველი მორაგბეების უმაღლესი საწვრთნელი-სასწავლებელი ცენტრი რაგბის აკადემიაა, სადაც პროფესიონალები მუშაობენ.

აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა, საკუთარი საქმიანობის მთავარ მიზნად ეროვნული, ასაკობრივი და 7-კაცა ნაკრებებისთვის მოთამაშეთა შერჩევას მიიჩნევს.

დაკვირვება 13 წლის ასაკიდან იწყება, როდესაც სპორტსმენი ჯერ კიდევ ფესტივალებში მონაწილეობს. როგორც წესი, ფესტივალებზე თითო კლუბიდან 1-2 გუნდი თამაშობს.

15-16 წლის მოზარდები ჭაბუკთა „ბ“ ლიგაში თამაშობენ (დაახლოებით 80 გუნდი); ჭაბუკთა „ა“ ლიგაში 17-18 წლის ბიჭები (40-50 გუნდი).

სელექცია 5 კრიტერიუმით ხდება. სექტემბრიდან-მარტამდე 50-60 იღბლიანი კვირაში 5-ჯერ, სკოლის დაწყებამდე თბილისისა და ქუთაისის აკადემიაში ვარჯიშობს (დილის 7 საათიდან 8:30 საათამდე). ეს მეთოდი ზელანდიური სისტემიდანაა აღებული.

ლეჟავას აზრით “ოლ ბლექსის” წარმატების საიდუმლოა - ძალიან ბევრი მუშაობა და დისციპლინა.

მეორე მიმართულება მწვრთნელთა ლიცენზირებაა: საქართველოში “მსოფლიო რაგბის” პირველი და მეორე დონის ლიცენზიის აღებაა შესაძლებელი.

ცოტა ხანში შესაძლებელი გახდება კურსის რუსულ ენაზე ჩატარება. მისი ხანგრძლივობა 1 კვირაა და ჯგუფში 10 ადამიანი უნდა იყოს.

მესამე მიმართულება მსაჯების გადამზადება და ლიცენზირებაა.

აკადემია უშვებს წიგნებს და ბროშურებს სარაგბო თემატიკაზე, ხოლო მის მოედნებზე ვარჯიშობენ საქართველოს ეროვნული, ახალგაზრდული და 7-კაცა ნაკრებები.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:45 | 24.05.2017
alfadhirhaiti (110)

ვერ გავიგე კურსის რუსულ ენაზე ჩატარება რა აუცილებლობას მოითხოვს...

ან იმ ბავშვს რატომ აცვია რეალის მაისური, როდესაც მეტოქე გუნდს მგონი თავისი ფორმა გააჩნია...

22:33 | 22.05.2017
ogafa (407)

საქართველოს რაგბის აკადემია

0.085952