“ოთხი ერის” წლევანდელი გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე ახალი ზელანდიის ნაკრებმა კონკურენტებთან ექვსქულიანი უპირატესობა მოიპოვა. “ოლ ბლექსს” შეუძლია ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე დაიბრუნოს, რისთვისაც ორი კვირის თავზე არგენტინაში პრემიალური ქულით გამარჯვება მართებს.
80 წუთის განმავლობაში გულშემატკივარმა მხოლოდ ორი ლელო იხილა, მაგრამ მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდის თამაში საინტერესო სანახავი გამოდგა. მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველი ტაიმი 6:7 დათმეს. ეს იმიტომ, რომ “ოლ ბლექსმა” რამდენჯერმე დაკარგა ბურთი მეტოქის 22-ში, სამხრეთ აფრიკის შერკინებამ კი, საუკეთესო თამაში აჩვენა და რომ არა ზელანდიელთა მხრიდან ბურთის ფლობის განსაკუთრებული ცოდნა, “ბოკე” შინ 4 ქულით დაბრუნდებოდა.
ანგარიში ახალმა ზელანდიამ აარონ კრუდენის ჯარიმით გახსნა, თუმცა ხუთ წუთში პოლარდმა ჰენდრიკს ხაზი გააჭრევინა და მანაც მეშვიდე მატჩში მეხუთე ლელო გაიტანა. პოლარდის ზუსტ გარდასახვას კრუდენმა ჯარიმით 23-ე წუთზე უპასუხა, მაგრამ ზედ შესვენების წინ მესამე დარტყმა ვერ გამოიყენა და შესვენებაზე გასვლისას დეფიციტი 1 ქულას შეადგენდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კრუდენის წამოწყებული გარღვევა განაგრძო რიდმა, რომელმაც თავის მხრივ კაპიტანი რიჩი მაკქოუ მოძებნა და მანაც ალამთან გატანილი ლელოთი ზელანდიელები დააწინაურა.
“ოლ ბლექსს” ლელოს გატანის შანსი კიდევ ჰქონდა, მაგრამ სტუმრებს ლე რუს სისწრაფემ უშველა. მერე აფრიკელებმა მასპინძელთა ნახევრის სიღრმეში რომ შეაღწიეს, პოლარდმა ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ მერე მას შორეული დარტყმა გაუცუდდა, ხოლო ბარეტიმ შეცდომა არ დაუშვა და დასკვნით წუთებში “ბოკეს” ლელოზე თამაში აიძულა.
ახალმა ზელანდიამ ბოლო მიძალებას გაუძლო და მძიმე ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ავსტრალიამ არგენტინა წვიმიან ამინდში 32:25 დაამარცხა და 10 ქულით სამხრეთ აფრიკას გაუტოლდა. არგენტინას კი, პირველ გამარჯვებამდე კვლავ ცოტა დააკლდა.
თამაში მასპინძლებისთვის იდეალურად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე მაიკლ ჰუპერმა ლელოთი ანგარიში გახსნა, მაგრამ სტუმრებმა ყურები არ ჩამოყარეს და ხუთ წუთში მანუელ მონტეროს ლელოთი უპასუხეს, როდესაც ის მარცხენა ფლანგზე გაიქცა. ბერნარდ ფოლისგან განსხვავებით, ნიკოლას სანჩესმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და სტუმრები 7:5 დააწინაურა. სამაგიეროდ, ფოლიმ შესვენებამდე სამი ჯარიმა გაიტანა და ავსტრალიამ ტაიმი 14:7 მოიგო.
სტუმართა სამწუხაროდ, მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად დაიწყო, ჰუპერმა ამჯერად მცველის შეცდომით ისარგებლა და დუბლი შეასრულა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. მერე სანჩესის ორ ჯარიმას შორის ფოლიმ ერთი გაიტანა, მე-60 წუთზე კი, ბეთამის 60-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაგვირგვინდა და ანგარიში 29:13 გახდა.
აქ თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა სამხრეთამერიკელები იოლად დანებებას არ აპირებდნენ და 63-ე წუთზე მარსელო ბოსხის და 70-ეზე ტუკულეტის ლელოებით ბრძოლაში დაბრუნდნენ (29:25). მათი დაბრუნება უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, სანჩესს მეორე გარდასახვაც რომ გამოეყენებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. მატჩის განახლებისთანავე ფოლიმ ჯარიმით უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა და არგენტინამ ფრისთვის გაიბრძოლა, მაგრამ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში შეცდომა დაუშვა და მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდა.
13 სექტემბერი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 14:10 (6:7)
ავსტრალია - არგენტინა 32:25 (14:7)
- ახალი ზელანდია 4 3 1 0 105-51 16
- სამხრეთ აფრიკა 4 2 0 2 79-75 10
- ავსტრალია 4 2 1 1 88-111 10
- არგენტინა 4 0 0 4 71-106 3
მომდევნო ტური. 27 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
არგენტინა - ახალი ზელანდია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია