ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა გიორგი მელიქიძემ (3 კეპი) ფრანგული “სტად ფრანსეს” მაისურით პირველი ლელო დადო. მან თავი ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, უელსურ “კარდიფთან” გამოიჩინა.
მელიქიძეს 21 წელი 24 მაისს უსრულდება. მას პარიზული კლუბის პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ტოპ 14-ის გასულ სეზონში ჰქონდა. 2016/2017 წლების სეზონში ქართველმა ბურჯმა ტოპ 14-ის 12 და ჩემპიონთა თასის 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ახლა მან ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში შეცვლაზე 40 წუთი ითამაშა და მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა.
პარიზელებმა ტაიმი 10:14 დათმეს, შესვენების შემდეგ თამაშში მელიქიძე ჩაერთო, 3 წუთში 5-მეტრიანთან ბურთი მიიღო, ორი მბოჭავი კონტაქტით ჩამოიშორა და ეფექტური, ძალისმიერი ლელო დადო. ამის შემდეგ პარიზელები სრულად დაეუფლნენ უპირატესობას, “კარდიფი” 46:21 დაამარცხეს და ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდნენ. უელსელთა შორის შეცვლაზე ითამაშა კიდევ ერთმა ბორჯღალოსანმა ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა.
ფინალში “სტად ფრანსეს” მეტოქე ინგლისური “ნორთჰემპტონი” იქნება, რომელმაც ირლანდიურ “კონახტს” 21:15 სძლია. ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ტურნირი მესამე წელია დაინერგა და მისი გამარჯვებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ბოლო, მე-20 მონაწილე ხდება. შარშანწინ მასში მხოლოდ ინგლისურმა და ფრანგულმა კლუბებმა ითამაშეს, შარშან ამ ორი ქვეყნის მეშვიდეადგილოსნებს პრო 12-ის ერთი, ხოლო წელს ორი მონაწილე დაემატა.
“‘ტულონი” ნახევარფინალშია
საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში საჩემპიონი პლეი-ოფის პირველი ეტაპის შეხვედრები გაიმართა.
“ტულონმა” “კასტრს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 26:22 სძლია. მასპინძლებმა ტაიმი 13:9 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევრის საწყისი 15 წუთი სტუმრებისა იყო და “კასტრი” 19:13 დაწინაურდა. ამასთან, “ტულონმა” ორი მოთამაშე სინბინით დაკარგა და 3 წუთი მოედანზე 13 კაცის ამარა იყო. 55-ე წუთზე თამაშში ლევან ჩილაჩავა ჩაერთო და 2-კაცნაკლულმა მასპინძლებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო 14 კაცით ლელო-გარდასახვა მიითვალეს და ლიდერობა დაიბრუნეს (23:19). „კასტრმა“ ბოლომდე იბრძოლა და დასკვნითი წუთები მის შეტევებში გაატარა, თუმცა მამუკა გორგოძის ბოჭვის შემდეგ (ითამაშა 70-ე წუთიდან) ბურთი წინ დაუვარდათ და „ტულონმა“ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში „ტულონის“ მეტოქე მიმდინარე სეზონის მოულოდნელობა, ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელი“ იქნება, რომელმაც რეგულარული გათამაშება დიდი უპირატესობით მოიგო. თამაში 26 მაისს გაიმართება.
27 მაისს დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის „კლერმონი“ მოქმედ ჩემპიონ „რასინგ 92“-ს შეხვდება. პარიზელებმა პლეი-ოფის პირველ ეტაპზე „მონპელიეს“ სტუმრად 22:13 სძლიეს. „მონპელიეს“ რიგებში შეცვლაზე ითამაშეს ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა (56-ე წუთიდან) და მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ (65-ე წუთიდან).
„აჟენი“ ტოპ 14-ში დაბრუნდა
თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის „აჟენი“ ერთწლიანი შესვენების შემდეგ ტოპ 14-ში დაბრუნდა. პლეი-ოფის ფინალურ მატჩში ქართველი ლეგიონერების გუნდმა „მონტობანს“ 41:20 სძლია.
ტრავმის მიუხედავად, მჭედლიძემ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 48-ე წუთამდე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან რამდენჯერმე გაარღვია მეტოქის დაცვის ხაზი და ყველა მიძალებისას მოახერხა მანძილის მოგება. 32-ე წუთზე ქართველმა შუამარბმა მცველები კარის წინ მიმოფანტა და ლელოდან 3 მეტრში თანაგუნდელს ოფლოუდი ამოუგდო, მაგრამ მას ბურთში „ჩაუჯდნენ“. 5-მეტრა შერკინებიდან შეტევა ხაზზე გაიშალა, თაზომ კაცის გამოტოვებით ტეილორ პარისს უპასა და მანაც ალამთან ბურთი უპრობლემოდ დაამიწა - 24:3.
48-ე წუთზე მჭედლიძემ კიდევ ერთხელ შექმნა ხიფათი, მაგრამ ტრავმამ თავი შეახსენა და თაზო შესაცვლელი გახდა. „აჟენმა“ მის გარეშეც მოახერხა უპირატესობის შენარჩუნა და მომავალ სეზონში უძლიერესთა შორის ითამაშებს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა
თაზო მართლა გმირობის ტოლფას საქმეს აკეთებს გუნდისთვის დამტვრეული ნეკნებით უკვე 4-5 თამაში ჩაატარა
კარგია ლომებო, გვეიმედებით ყველანი! თაზოს ვულოცავ ელიტაში დაბრუნებას და ვიმედოვნებ, ივნისის ტესტებზე დაგვეხმარება
იმედია სანაკრებოდ თაზო მოასწრებს გამოჯანმრთელებას, ვულოცავ ტოპ 14-ში დაბრუნებას