დიდი 10

12:29 | 21.05.2017 | ნანახია 2182 - ჯერ

"ჯიქის" საჩემპიონო გზა

2001 წელს, ვეტერანმა მორაგბემ დავით გოცაძემ, რომელიც მუხლის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა, ნუცუბიძის ქუჩის ერთ-ერთ ეზოში ძუნძული დაიწყო და 7-8 წლის უბნელი ბიჭები აიყოლია. მაშინ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ამ ერთი შეხედვით გასართობი ამბიდან 15 წლის თავზე, ეს წამოწყება საქართველოს ჩემპიონობით დაგვირგვინდებოდა.

ნელ-ნელა ბავშვებში გუნდურობის ცნება გაჩნდა და მეგობრებმა - დავით გოცაძემ, კახა ალანიამ, გოჩა სვანიძემ, გოჩა აბაშიძემ (აწ განსვენებული ) და გიორგი გიგაშვილმა ამ ბავშვების სარაგბო ფესტივალში ჩართვა გადაწყვიტეს. პირველი მცდელობა ურიგო არ იყო, იყო გამარჯვებებიც, გაჩნდა სტიმული და 2002 წლის გაზაფხულზე სარაგბო კლუბი "ჯიქი" დაარსდა, ხოლო მომდევნო წლიდან კლუბის გამგეობას მათი მეგობრები - ირაკლი ხუციშვილი და იოსებ მაისურაძე შეუერთდნენ.

რატომ "ჯიქი"?

ამ კლუბის ყველა ნაბიჯს წინ საინტერესო წინაპირობა უძღვის და ტრადიცია არც სახელის შერჩევისას დაირღვა: იმ პერიოდში საქართველოში დაბრუნდა დიდი ხნის გადაშენებული მტაცებელი ცხოველი ჯიქი, რომელიც დავით გარეჯში ფოტო-ხაფანგმა დააფიქსირა და ამ სასიხარულო ამბავმა მომავალი ჩემპიონის დაარსებაში წვლილი შეიტანა.

ახლად დაარსებული ბავშვთა გუნდი სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და მალე დამატებითი სტიმული გაჩნდა. საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა ყოფილი მორაგბე, ფრანგი ალან მაიო, რომელიც დავით გოცაძის ძმის თანამშრომელი იყო. ის "ჯიქის" რამდენიმე ვარჯიშს დაესწრო და საერთაშორისო ტურნირში ჩართვა შესთავაზა. კლუბი ასეთი თამამი ნაბიჯისთვის ზედმეტად ახალგაზრდა იყო და ეს იდეა საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას გაუზიარა, სადაც ნოვაციას დიდი სიხარულით შეხვდნენ.

„მაიოს ინიციატივით და სრკ-ს დახმარებით 2006 წელს ოსერის საერთაშორისო ტურნირზე გავემგზავრეთ, სადაც 20 ქვეყნის 35 კლუბი მონაწილეობდა. ვითამაშეთ კლუბის სახელით, თუმცა რეალურად ეს იყო საქართველოს 16-წლამდელთა პირველი ნაკრები. სხვადასხვა კლუბებიდან, ლისის ტბაზე დაახლოებით 100 მოთამაშე შევკრიბეთ, მათგან შევარჩიეთ 22 საუკეთესო და მათ შორის იყვნენ დღეს უკვე სახელმოხვეჭილი ბორჯღალოსნები - ვიტო კოლელიშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, ვასილ კაკოვინი, ბექა წიკლაური.

ჩვენ გარდა ტურნირში ახალ ზელანდიური, სამხრეთ აფრიკული, ბრიტანული, ფრანგული კლუბები მონაწილეობდნენ და ჩვენ რა თქმა უნდა ფავორიტები ვერ ვიქნებოდით, თუმცა ოსერში მაღალ დონეზე ვითამაშეთ, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის შემდეგ ქვეყნებს შორის მესამე, ხოლო კლუბებს შორის მე-5 ადგილი დავიკავეთ. გადმოგვცეს სიმბოლური თასი და ჩვენი თამაში მაღალ დონეზე შეფასდა. ამან დამატებითი სტიმული მოგვცა და ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო აქტიური გახდა“ - იხსენებს გოცაძე 11 წლის წინანდელ მოვლენებს.

ნახტომ-ნახტომ მწვერვალისკენ

ბიჭები რომ წამოიზარდნენ გუნდმა განაცხადი შეიტანა და საქართველოს ჩემპიონატის მესამე დონის, რეგიონალურ ლიგაში დარეგისტრირდა, სადაც პირველივე წელს წარმატებით ითამაშა და პირველ ლიგაში ავიდა. გუნდი მიღწეულზე არ გაჩერდა, პირველ ლიგაშიც პირველივე წელს იყოჩაღა და პლეი ოფის გავლით უმაღლეს ლიგაში აღზევდა.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ახალგაზრდა კლუბმა ამ წარმატებას ნუცუბიძის პლატოზე მოწყობილ არასტანდარტულ, 50-60-მეტრიან სტადიონზე ვარჯიშით მიაღწია! შემოქმედი მსაჯი გია ამირხანაშვილი იყო, რომელიც წლების განმავლობაში "ჯიქის" მთავარი მწვრთნელი იყო.

„ჩვენი უბნის ბიჭების ბაზაზე შექმნილმა გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია, ორ წელიწადში ორი საფეხური გაიარა და უმაღლეს ლიგაში (ასე ეწოდებოდა იმ დროს დიდ 10-ს) პირველსავე წელს რეგულარული გათამაშება მე-4 ადგილზე დაასრულა. ამაში უდიდესი წვლილი გია ამირხანაშვილს მიუძღვნის, რომელმაც ასეთ საოცარ შედეგს 50-60 მეტრიან სტადიონზე ვარჯიშით მიაღწია.

მერე მან სამსაჯო შტაბში გადაინაცვლა, სამწვრთნელო შტაბში კი მწვრთნელები ზაზა ლეჟავა და პალიკო ჯიმშელაძე მოვიწვიეთ, რომლებმაც გუნდს ახალი დავალებები მისცეს და რეალური მიიზნები დაუსახეს.

ბოლო 2 წელია გუნდის მთავარი მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძეა და სამწვრთნელო შტაბის (მწვრნელები: დ. გურგენაძე, გ. კვაჭანირაძე, ო. კასოევი) გეგმაზომიერი მუშაობით, წელს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. მათ გუნდში მზადების ახლებური სისტემა დანერგეს და ის, რომ დღეს "ჯიქს" თამაშის საკუთარი ხელწერა აქვს, მთავარი მწვრთნელის და მისი გუნდის დამსახურებაა“ - გვიყვება გოცაძე.

გაწერილი 3-წლიანი პროგრამით

ჯიმშელაძის გუნდში მისვლის შემდეგ გაიწერა პროგრამა, რომლის მიხედვითაც კლუბს ხელშესახები შედეგისთვის 3-4 წლის შემდეგ უნდა მიეღწია. ვეტერან ბორჯღალოსანს შემადგენლობაში წმენდა არც უფიქრია, პირიქით, იმ ბიჭებს დაეყრდნო, რომელთა ზურგზეც მთელმა განვლილმა პერიოდმა გადაიარა და შემადგენლობაში მხოლოდ მცირედი კორექტივები შექონდა.

„იმ ბიჭებმა, რომლებმაც ბრძოლით მოიპოვეს დიდი 10-ის საგზური, დაიმსახურეს უმაღლეს დონეზე თამაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ შემადგენლობა რადიკალურად არასდროს შეცვლილიყო და სეზონებს შორის მხოლოდ 3-4 მოთამაშით გავძლიერებულიყავით. თავიდანვე გავწერეთ 3-წლიანი პროგრამა, რომელსაც ჩვენი კლუბის პრეზიდენტი სოსო მაისურაძე და ხელმძღვანელობა სრულად დაეთანხმა“ - გვიყვება პალიკო ჯიმშელაძე.

"ჯიქში" მისი მოსვლის პირველ წელს გუნდმა პლეი ოფში ითამაშა, შარშან ეს შედეგი გააუმჯობესა და პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში მედლებს დაეუფლა - მესამე ადგილი დაიკავა, წელს კი:

„ჩვენი გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათით. გუნდის კაპიტნის, გურამ შენგელიას და ვიცე-კაპიტნის, გიორგი მჭედლიშვილის მეშვეობით კიდევ უფრო შევიკარით, დავგეგმეთ სტრატეგია და წავედით ომში. რაგბი ძალიან გავს ომს, სადაც მხოლოდ ხმლის ქნევით ვერაფერს გახდები, სტრატეგიაც აუცილებელია და ჩვენმა სტრატეგიამ, სიყვარულზე, პატივისცემაზე და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებულმა ურთიერთობამ იმუშავა.

შარშან მესამე ადგილი ავიღეთ და წელს ამ შედეგის გაუმჯობესებას, ფინალში გასვლას ვგეგმავდით. დაგვიგროვდა გამოცდილება, ვძლიეთ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ბიჭებმა საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნეს და წელს გორის "ჯიქი" საქართველოს სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა“ - მუშაობისგან მიღებული შედეგით კმაყოფილია ჯიმშელაძე.

შიდა ქართლში რაგბის განვითარებისთვის

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაარსებული გუნდი 3 წლის წინ გორის "ჯიქი" გახდა. ეს იყო რაგბის სტრატეგიული განვითარების ნაწილი, რადგან კლუბმა შიდა ქართლში რაგბის განვითარებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აიღო. მის ცენტრში - გორში, შესანიშნავი სარაგბო ბაზა მოეწყო; ადგილობრივებისგან დაარსდა კლუბი, რომელიც რეგიონალურ ლიგაში თამაშობს; გაჩნდა ახალ-ახალი სარაგბო კერები და რაც მნიშვნელოვანია, კერები საოკუპაციო ხაზის განაპირა სოფლებში.

ამ ყველაფრის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მას კი ფინანსები ჭირდება. გორის მერია კლუბს შეძლებისდაგვარად ეხმარება. არის საინტერესო იდეები, რომელთა განხორციელებას მხოლოდ კლუბის და გორის მერიის რესურსი არ ეყოფა. გუნდმა აჩვენა, რომ მწვერვალების დაპყრობა შეუძლია და მას სრული მხარდაჭერა გორის გუბერნატორმა აღუთქვა.

გუნდმა დიდი 10-ის მოგებით მესამე დონის, ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ევროტურნირში თამაშის უფლება მოიპოვა და იმედია, სრკ-ს, გორის რეგიონის ხელმძღვანელობის, სახელმწიფოს და კერძო სექტორის დახმარებით, იქ თამაში მოხერხდება.

„არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზღვრებს გავცდეთ და ჩვენმა კლუბებმა დაინახონ სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზედა ზღვარი. ვიცით, ევროტურნირებში საქართველო ორი კლუბით უნდა იყოს წარდგენილი და იმედია, სრკ-ს, სახელმწიფოს და კერძო სექტორის დახმარებით შესაბამისი თანხები გამოინახება“ - იმედიანადაა გოცაძე, ხოლო მთავარი მწვრთნელი გუნდის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს:

„გასულ სეზონში "ჯიქი" დიდი 10-ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კლუბი იყო, გუნდის შენარჩუნება დამფუძნებლების დიდი ძალისხმევის ხარჯზე მოხერხდა და საბოლოოდ ჩემპიონები გავხდით. განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოინახოს საშუალება და ჩავერთოთ ევროტურნირებში, მაგრამ ამისათვის შესაბამისი თანხებია მოსაძებნი. მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ შემადგენლობა, თითო პოზიციაზე სამი მოთამაშე გვყავდეს, რათა ღირსეულად ვითამაშოთ ევროტურნირებში და შევინარჩუნოთ საქართველოს ჩემპიონის ტიტული“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:38 | 22.05.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

20:14 | 21.05.2017
johna (12)

წარმატებები ჯიქს!!!!!!!!!
უდავოდ გამორჩეული გუნდია,ცდილობენ თანამედროვე რაგბის თამაშს.
ჯიქის ბევრი ლელო მრავალფაზიანი,მაღალი შესრულებით გამოირჩევა.
აღსანიშნავია რომ გუნდს ყველაზე მეტი ბონუს ქულა აქვს აღებული,გააქვთ ბევრი ლელოები,თუ იგებენ პრემიით,თუ აგებენ მაგარ ბრძოლაში მარცხდებიან.
ვგულშემატკივრობ მეორე წელია,ლოკომოტივის გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ჯიქმა თავისი ლამაზი თამაშით თავი შემაყვარა.
წარმატებები პალიკო ჯიმშელაძეს,კარგია რომ კიდევ ერთი კარგი ქართველი მწვრთნელი შედგა,რაც მთავარია ბექია.

0.079454