საფრანგეთი პრო დ2

16:16 | 20.05.2017 | ნანახია 2698 - ჯერ

შარიქაძემ „ორიაკი“ 3 წლით გაიხანგრძლივა

საქართველოს ნაკრების შუამარბმა მერაბ შარიქაძემ თავის კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა.

24 წლის „ბორჯღალოსანმა“ „ორიაკში“ ბოლო სამი სეზონი გაატარა და პრო დ2-ის მილეულ ჩემპიონატში ჩატარებულ 18 მატჩში 4 ლელო მიითვალა, სულ კი, 3 სეზონში გუნდს 30 ქულა შესძინა.

რადგან გუნდმა ტოპ 14-ის საგზური ვერც წლეულს მოიპოვა, შარიქაძე კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობდა, თუმცა, ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ „ორიაკმა“ მაღალი მიზნები დაისახა და „ბუკაც“ გუნდში დარჩა.

შარიქაძეს ბორჯღალიანი მაისურით 51 კეპი აქვს მოხვეჭილი, მათ შორის 4 - კაპიტნის რანგში. მის ანგარიშზე 10 ლელოა.

დასასრულს, „ორიაკის“ სხვა ქართველებზეც: 24 წლის ბურჯმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა კლუბთან თანამშრომლობა ასევე 3 წლით გაიხანგრძლივა, ეს საკმაო ხნის წინ გაცხადდა. ასევე დიდი ხანია ცნობილია, რომ მომავალ სეზონში „ორიკში“ აღარ იქნებიან 23 წლის ბურჯი გიორგი შარაშიძე და ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან დათუნაშვილი. 34 წლის მეორეხაზელმა რამდენიმე თვის წინ მხრის მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ მწყობრში ჩადგომა ამ სეზონშივე ვერ მოასწრო და შესაძლოა, სულაც დაასრულოს აქტიური კარიერა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080131