მაინცდამაინც არ გახმაურებულა, რომ 21 აპრილს, პრო დ2-ის ჩემპიონატში, „ვანთან“ 56:7 მოგებული მატჩი, „აჟენისა“ და საქართველოს ნაკრების შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ მოტეხილი ნეკნებით ჩაამთავრა. სერიოზული ტრავმის მიუხედავად, „აჟენის“ ქართველმა ცენტრმა მოედანზე 80-ვე წუთი დაჰყო. თაზომ „ალბისთან“ წაგებული და „კოლომიესთან“ ფრედ დასრულებული მატჩები გამოტოვა და როგორც თავად ამბობს, მთელი ეს დრო „ბიარიცთან“ პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის ემზადებოდა. შეხსენებისთვის, „აჟენმა“ ბასკურ კლუბთან შეხვედრა 26:14 მოიგო და ფინალში გავიდა. მჭედლიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ხოლო ტოპ 14-ის დარჩენილი საგზურის დასაუფლებლად „აჟენს“ კვირას ბორდოში „მონტობანის“ დამარცხება მართებს. ქვემოთ გთავაზობთ თამაზ მჭედლიძის ინტერვიუს, რომელიც რეგიონულმა გამოცემა Le Petit Bleu-მ ჩაიწერა:
„ბიარიცთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე თამაზ მჭედლიძე მეტისმეტად დაღლილი იყო, რათა ჟურნალისტებს თამაშის დასრულებისთანავე გასაუბრებოდა. მაგრამ მეორე დღეს, გამოძინებულმა და დასვენებულმა, მან დინჯად და ისაუბრა თავისი კარიერის პირველი ნახევარფინალის შესახებ.
- „ბიარიცთან“ მატჩში თქვენი მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის. ყველას გვახსოვს, რომ რეგულარული ჩემპიონატის პირველ წრეში, როცა „აჟენი“ „ბიარიცთან“ შინ მარცხდებოდა, ბოლო წუთებზე სწორედ თქვენ გაიტანეთ ლელო, რომელმაც ჩვენს კლუბს გამარჯვება მოუტანა...
- არ ვიცი, შესაძლოა გარკვეულწილად ასეც იყო, მაგრამ „ბიარიცთან“ ახლანდელი მოგება გუნდის დამსახურებაა. ჩემთვის საოცარი თამაში იყო - ჩემი პირველი ნახევარფინალი, შინ, საკუთარ სტადიონზე.
- თავს როგორ გრძნობდით?
- მატჩამდე „ბიარიცთან“ შეხვედრაზე ვფიქრობდი, ნეკნები მტკიოდა. მაგრამ თვითონ თამაში ნამდვილი საოცრება იყო.
- ისიც ვიხილეთ, როგორ ცდილობდით ფანების გამოცოცხლებას!
- რაღაც მომენტში „ბიარიცის“ ქომაგების შეძახილები მომესმა. არადა საშინაო მატჩი გვქონდა, მაყურებელთა დიდ უმრავლესობას ჩვენი ქომეგები შეადგენდნენ, თანაც ეს იყო ნახევარფინალი და არა ჩემპიონატის კლასიკური მატჩი. ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ჩვენს გულშემატკივრებს მთელი 80 წუთი ეაქტიურათ.
- და მათ დაგიჯერეს და აგყვნენ!
- დიახ, მათი რეაქცია ვიგრძენი. მე-16 მოთამაშე გვჭირდებოდა - ჩვენი გულშემატკივარი.
- ალბათ, ამ მხარდაჭერის იმედი „მონტობანთამ“ ფინალშიც უნდა გქონდეთ!
- ორი წლის წინ ტულუზაში ვიყავი, ფინალურ მატჩზე („აჟენმა“ „მონ-დე-მარსანი“ 16:15 დაამარცხა და ტოპ 14-ში აღზევდა - ს.გ.). იმ მატჩში არ მითამაშია, მაგრამ საოცარი ატმოსფერო მახსოვს. ჩვენი ფანები სტადიონზე უხვად მოვიდნენ. მთელი მატჩის განმავლობაში გვესმოდა ხმოვანი ტალღები: „ა-ჟენ! ა-ჟენ!“. ვიმედოვნებ, კვირას ბორდოში იგივე გამეორდება.
- ეს გასაგებია, მაგრამ როგორ მოახერხეთ „ვანთან“ მოტეხილი ნეკნების მოშუშება?
- როცა მივხვდი, რომ ნეკნი მოტეხილი მაქვს, დიდი იმედგაცრუება დამეუფლა. იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულებულია, ამით ჩემს სეზონს წერტილი დაესვა. გული დამწყდა, მაგრამ თამაში შეუცვლელად ჩავამთავრე და მერე ცოლს ვუთხარი: „არ შემიძლია, ჩემი პირველი ფინალი გავაცდინო“. დაბრუნებისთვის ყველაფერი ვიღონე. „აჟენის“ ფიზმომზადების მწვრთნელ მატიე ბაროსთან ყოველდღიურად ვვარჯიშობდი, დღეში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში. როცა ნეკნი გაქვთ მოტეხილი, ორი კვირის განმავლობაში არც სირბილი შეგიძლიათ და არც ძალისმიერი ვარჯიშების ჩატარება. შესაბამისად, პირველი ორი კვირის განმავლობაში ვერაფერს ვაკეთებდი. და წონაში 2 კილოგრამიც მოვიმატე! ერთადერთი, რაც კლუბის ექიმის თანხმობით მოვიმოქმედე, ეს საკუთარი სისხლის გადასხმა იყო. ეს მეთოდი შეხორცების პროცესს აჩქარებს. ეს მარკო კოტცემ („აჟენის“ სამხრეთაფრიკელი მესამეხაზელი - ს.გ.) მირჩია, მსგავსი პრობლემა მას სამხრეთ აფრიკაში შეექმნა.
- „ბიარიცთან“ მატჩში საგანგებო დამცავი ბანდაჟი გეკეთათ?
- დიახ. სამედიცინო შტაბმა ყველაფერი გააკეთა, რათა დაზიანებული ადგილი მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.
- მოგვიყევით ამ თამაშზე.
- მძიმე მატჩი იყო, მაგრამ მე მომწონს „ბიარიცის“ წინააღმდეგ თამაში. ამ გუნდს ფიზიკურად ძლიერი ბიჭები ჰყავს - სიოსეფო მანუ, ნემია სოკეტა და ადრიუ დელაი. პირველივე შერკინებიდან ფიზიკური ბრძოლა დაიწყო. კარგი გუნდური რაგბი ვითამაშეთ. რთული მომენტიც გვქონდა, როცა სიონე ტაუ გაგვისინბინეს. „ბიარიცი“ თითქმის დაგვეწია, მაგრამ მოგვიანებით უპირატესობა გავზარდეთ და მოვიგეთ.
- რა მოგივიდათ თამაშის ბოლოს? დავინახეთ, რომ ტკივილმა შეგაწუხათ.
- თამაშის ბოლოს უხისტეს ბოჭვებთან გამკლავება ძალზე რთული იყო. „ბიარიცის“ 16-მა ნომერმა (ავსტრალიელმა სათადარიგო კვაჭმა ელვის ლევიმ - ს.გ.) გვერდში ხელი დამარტყა. იმ მომენტში ძალიან ცუდად გავხდი, თუმცა, ახლა უკეთ ვარ.
- ნახევარფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდით, მაგრამ პრესასთან გასასაუბრებლად არ გახვედით. ასე დაიღალეთ?
- ამ თამაშში 4 კილო დავიკელი! ეს წარმოუდგენელია. ცხელოდა, თან ოთხი კვირის უთამაშებელი ვიყავი. სახლში მისვლა და გათიშვა ერთი იყო.
- რა აზრის ხართ „მონტობანის“ შესახებ?
- ვფიქრობ, უფრო მეტად გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ეს უკვე ფინალია! გარდა ამისა, ეს მართლაც მაგარი გუნდია. „მონტობანს“ ძალიან კარგი უკანახაზელები ჰყავს, რომლებმაც „მონ-დე-მარსანთან“ ნახევარფინალში თავი ვერაფრით გამოიჩინეს. მათ გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გენაცვალე თაზო!
წარმატებები აჟენს და თაზოს.
იმედია აჯობებენ მონტობანს და გადავა თაზო ტოპ14ში
მიდი, თაზო! ტოპ 14-ში უნდა გნახოთ ხელახლა მომდევნო სეზონში