სხვა

14:10 | 15.05.2017 | ნანახია 3933 - ჯერ

ქართველები ედინბურგში და ლეგიონის სხვა ამბები

გასული უიქ-ენდი ძალზე მრავალფეროვანი და ემოციური თვალსაზრისით უდაძაბულესი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. ყველაფერი კი ჩელენჯ კაპის (გამოწვევის თასის) ფინალით დაიწყო, რომელსაც „მარიფილდმა“ უმასპინძლა. საერთოდაც, შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგის ამ სახელგანთქმულმა არენამ მთელი უქმეების მსვლელობისას შეინარჩუნა ევროპული სარაგბო ცენტრის ფუნქცია, ამაზე მოგვიანებით, ჯერ კი ხსენებულ ჩელენჯ კაპზე ვთქვათ.

ჟვანიას და მელიქიძის დამსახურებითაც

რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალში ფრანგული და ინგლისური კლუბები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: „გლოსტერი“ და „სტად ფრანსე“. პარიზელებმა 25:17 მოიგეს, მაგრამ მათმა არგენტინელმა დამრიგებელმა გონსალო კესადამ მარქაფაში მყოფ ზურაბ ჟვანიას თამაშის შანსი არ მისცა. მიუხედავად ამისა, ზურას თამამად შეუძლია, ამ დიდ გამარჯვებაში შეტანილი წვლილით იამაყოს - ფინალის გარდა, ჩელენჯ კაპის 8 მატჩშივე მიიღო მონაწილეობა, ხოლო მეოთხედფინალში, უელსურ „ოსპრეიზთან“ ბრწყინვალე ლელოც დადო. „სტად ფრანსეს“ მეორე ქართველი ბურჯი, ესპუარი გიორგი მელიქიძე ასევე აქტიურად მონაწილეობდა ამ გამარჯვების გამოჭედვაში. ფინალის განაცხადში ახალგაზრდა ქართველს ადგილი არ მოეძებნა, თუმცა თასის 9-დან 6 მატჩში მონაწილეობა მასაც მიუღია.

როგორ შევიდნენ ისტორიაში კაჭარავა და გაჩეჩილაძე

შაბათს კი, „მარიფილდზე“ ორი თამაში იყო: ჯერ ორი ციმბირული კლუბის რკენა შედგა, რომლებიც ერთმანეთს კონტინენტალ შილდს (კონტინენტურ ფარს) ეცილებოდნენ, ხოლო საღამო ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასით დაგვირგვინდა: ინგლისური „სარასენსი“ ფრანგული „კლერმონის“ წინააღმდეგ.

ევროპული ფარის ფინალში ორი კრასნოიარსკული კლუბი გავიდა: „ენისეი“ და „კრასნი იარი“. პირველი მათგანის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ბორჯღალოსანი დავით კაჭარავა და მომავალი ბორჯღალოსანი მიხეილ გაჩეჩილაძე, ხოლო „იარში“ პირველივე წუთიდან თამაშში ვეტერანი ბურჯი მიხეილ წიკლაური და ორი ბორჯღალოსანი შუამარბი - ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე ჩაერთვნენ. მეორე ტაიმში შეცვლაზე ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი წევრი, მესამეხაზელი ლაშა ლომიძე შევიდა. ეს თამაში „ენისეიმ“ იოლად, 36:8 მოიგო და ამრიგად, კაჭარავა და გაჩეჩილაძე ისტორიაში შევიდნენ, როგორც ამ ჯილდოს პირველ მფლობელთაგანნი. „კრასნი იარის“ მხრიდან ერთი ჯარიმა მალაღურაძის ანგარიშზეა.

ზირაქაშვილმა კი იომა, მაგრამ...

მოგვიანებით კი ევროსეზონის დამაგვირგვინებელი მატჩი შედგა. „კლერმონი“ მესამედ იყო ჩემპიონთა თასის ფინალში გასული, მაგრამ ვერც ამ ჯერზე მოახერხა ნავსის გატეხვა. ევროპის შარშანდელმა საკლუბო ჩემპიონმა „სარასენსმა“ 28:17 დაამარცხა ფრანგული კლუბი და ტიტული შეინარჩუნა. კლერმონელთა სასტარტო შემადგენლობაში ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ დავით ზირაქაშვილი იყო, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში ლონდონელ მაკო ვუნიპოლასთან უწევდა ჭიდილი და თუ პირველ ტაიმში ამ სუპერმორკინალების ბრძოლა დაახლოებით თანაბარი იყო, მეორე ნახევარში ქართველის უპირატესობა თვალშისაცემი გახდა, თუმცა მისმა გუნდმა მაინც ვერ გაუძლო ინგლისური გრანდის სიმძლავრეს და გატყდა.

ვიქტორ კოლელიშვილი სამატჩო განაცხადში არ შეიყვანეს, თუმცა ვიტოს ჯგუფური ეტაპის 2 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა.

მჭედლიძე და „აჟენი“ - ტოპ 14-ის გზაზე

იმავე საღამოს საფრანგეთის პრო დ2-ის პლეი-ოფის ერთ-ერთი ნახევარფინალური მარჩი შედგა: „მონტობანმა“ „მონ-დე-მარსანს“ უმასპინძლა და 24:13 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდა ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ბექა გორგაძე იყო, ვინც 49-ე წუთზე შეცვალეს. ამ მარცხით მისმა გუნდმა მთავარი ლიგისკენ სვლა შეწყვიტა, ხოლო „მონტობანი“ ფინალში გავიდა, რომელიც ბორდოს „შაბან-დელმაზე“ 21 მაისს გაიმართება.

ამ მატჩის მეორე მონაწილე კი „აჟენია“, რომელმაც გუშინ „ბიარიცს“ 26:14 მოუგო. პირველხაზელი გიორგი თეთრაშვილი ტრავმას იშუშებს და ჯერჯერობით ვერ თამაშობს, სამატჩო განაცხადში არც მეორე ქართველი ბურჯი ვახტანგ ახობაძე ვიხილეთ. აი, თამაზ მჭედლიძემ კი ითამაშა, თანაც როგორ! როგორც ფრანგულ პრესაში დაიწერა, ბოჭავდა ყველაფერს, რისი შებოჭვაც შეიძლებოდა, დაცვაში შეუდარებელი იყო, ხოლო ყველა მის სოლო-რეიდს ბასკთა რიგებში ნამდვილი პანიკა შეჰქონდაო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, თაზო ნახევარფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. იმედია, მომავალ კვირადღეს მჭედლიძე და მისი „აჟენი“ ტოპ 14-ის წევრობასაც მოიპოვებენ.

რას ერჩოდა რეფერი ბიწაძეს?

საფრანგეთის ფედერალ 1-ის პლეი-ოფის ფინალში ერთმანეთს „ნევერი“ და „შამბერი“ დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელის ღირსებას სამი ქართველი იცავდა: ბურჯები ბექა გიგაშვილი და ვაჟა კაპანაძე, ასევე ბორჯღალოსანი 8 ნომერი ბექა ბიწაძე. პირველი მატჩი „შამბერიმ“ საკუთარ მოედანზე 28:19 მოიგო და ნევერში 9-ქულიანი ჰანდიკაპი გაიყოლა, მაგრამ საპასუხო მატჩი არბიტრმა გააფუჭა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო და მასპინძლებმა ანგარიში ეს-ესაა, 18:9 გახადეს და ორმატჩიანი ჯამი გაათანაბრეს, როცა რეფერიმ ბექა ბიწაძე წითელი ბარათით გააძევა. საკამათო ეპიზოდში ბიწაძის თანაგუნდელმა მეტოქე ძალზე სახიფათოდ შებოჭა და ამ უკანასკნელმა ლამის კისერი მოიტეხა. ნევერელის დაცემამდე მასთან კონტაქტში შესვლას ბიწაძეც ცდილობდა, მაგრამ შუბური ბოჭვა მისმა თანაგუნდელმა განახორციელა. ეს ყველამ დაინახა, რეფერის გარდა, რომელმაც ქართველი მესამეხაზელი აბსოლუტურად უმიზეზოდ გააძევა. კაცნაკლულმა „შამბერიმ“ კი ვეღარ გაუძლო „ნევერის“ დაწოლას და დარჩენილ 32 წუთში კიდევ 17 უპასუხო ქულა გაუშვა. „ნევერი“ და რეგულარული სეზონის შედეგად დაწინაურებული „მასი“ მომავალ სეზონში პრო დ2-ში იასპარეზებენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:04 | 15.05.2017
geogoli (367)

საწყენია ზირაქამ რომ ვერ მოიგო თასი. წარმატებები ჩვენს ლომებს.

0.095847