უცხოური

19:38 | 14.05.2017 | ნანახია 2636 - ჯერ

"სარასენსმა" ჩემპიონთა თასი შეინარჩუნა

ინგლისის “სარასენსმა” ჩემპიონთა თასის ფინალში საფრანგეთის “კლერმონი” 28:17 დაამარცხა და შარშან მოპოვებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა.

“კლერმონი” პლანეტის ყველაზე უიღბლო გუნდია - არსებობის ისტორიაში მე-15 ფინალი წააგო (აქედან სამი ჩემპიონთა თასზე - 2013, 2015 და 2017 წლებში). ფრანგებს ცუდად არ უთამაშიათ და მეორე ტაიმში მატჩის მსვლელობაში თითქოს გარდატეხაც შეიტანეს, მაგრამ “სარასენსმა” საჭირო დროს კიდევ უფრო მოუმატა.

ედინბურგში, “მარიფილდზე” გამართულ ფინალს 55 ათასი მაყურებელი დაესწრო და ინგლისელებმა პირველი მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარეს. კრის ეშტონმა და ჯორჯ ქრუზმა ლელოები დადეს, ოუენ ფარელიმ ერთი გარდასახა და “სარასენსი” 22-ე წუთზე 12:0 დაწინაურდა. ეშტონისთვის ეს 37-ე ლელო იყო ჩემპიონთა თასზე და ის ტურნირის ისტორიაში საუკეთესო მელელოვეთა სიაში დაწინაურდა.

“კლერმონმა” თამაშის გათანაბრება მოახერხა და შესვენებამდე რემი ლამერამ ერთი ლელო გაქვითა, ხოლო მორაგნ პარამ გარდასახვით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა - 7:12.

მეორე ტაიმის დებიუტში ფარელიმ ჯარიმა გაიტანა, მაგრამ ერთ წუთში იატოს კარგი გარღვევა ლელოთი ნიკ აბენდანონმა დაასრულა და პარამ გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მომდევნო 5 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და დასკვნითი მეოთხედის წინ სხვაობა კვლავ მინიმალური იყო. “კლერმონი” შერკინებაში უპირატესობას ფლობდა, რაც ფრანგებს წარმატების იმედს აძლევდა, თუმცა “სარასენსი” წნეხს კარგად გაუმკლავდა, 73-ე წუთზე ალექს გუდის ლელოთი და ფარელის გარდასახვით გამარჯვებას მიუახლოვდა, ხოლო 79-ე წუთზე ფარელიმ ჯარიმით საბოლოო წერტილი დასვა და ინგლისურმა კლუბმა ჩემპიონთა თასი ზედიზედ მეორედ შემართა.

“კლერმონის” რიგებში პირველიდან 77-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა და უდიდესი შავი სამუშაო შეასრულა. პირველ ტაიმში მას მარკო ვუნიპოლა ასე თუ ისე წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ქართველმა ვიზავი შერკინებაში სრულად დაჩაგრა. დავითმა დაცვაში 10 ბოჭვა შეასრულა, ბურთი 5-ჯერ მიიღო და ის ჯამში 5 მეტრით წინ წაწია.

7 ქართველი “კონტინენტის ფარის” ფინალში

ჩემპიონთა თასის ფინალამდე ედინბურგში მესამე დონის ევროტურნირის, “კონტინენტის ფარის” ფინალი გაიმართა, რომელშიც კრასნოიარსკული დერბი შედგა. მოედანზე ერთბაშად 7 ქართველი გავიდა და დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის “ენისეიმ” ლაშა მალაღურაძის, გიორგი ფრუიძის, ლაშა ლომიძის, მიხეილ წიკლაურისა და ვალერი ცნობილაძის “კრასნი იარი” 36:8 დაამარცხა.

მატჩის დებიუტში “კრასნი იარის” ლელოში გაჩეჩილაძე შევიდა, თუმცა რეფერიმ ბურთის დამიწება ვერ შენიშნა და ლელო არ ჩაითვალა. 1 წუთში “ენისეიმ” ლელო მაინც დადო და გარდასახვაც გაიტანა. მალევე მალაღურაძემ ჯარიმა გაიტანა, კიდევ რამდენიმე წუთში “კრასნი იარმა” ლელოც მიითვალა და 8:7 დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ ქულებს მხოლოდ “ენისეი” აგროვებდა.

რუსეთის ჩემპიონმა შესვენებამდე 3 ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 16:8 მოიგო, შესვენების შემდეგ უპირატესობა ჯარიმითვე გაზარდა, მერე ორი ლელო დადო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, “ენისეიმ” და “კრასნი იარმა” ჩელენჯ ქაფის მომავალ გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ნახევარფინალში იტალიური და რუმინული კლუბის ძლევით მოიპოვეს, ამ შეხვედრამ კი, მხოლოდ მესამე დონის ევროტურნირის თასის მფლობელი გამოავლინა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:00 | 15.05.2017
Nietzcshe (4)

მეორე დღეა ენისეის გუნდის და კონტინენტალ შილდსის სურათის ქვეშ გიდევთ სარაცინსის და კლერმონის ფინალის მიმოხილვა. სირცხვილია უბრალოდ. კაჭარავას მაინც ვერ ცნობთ სურათზე, ჯანდაბას ინგლისური ენის უცოდინრობა )))

09:36 | 15.05.2017
geogoli (367)

ძალიან დამწყდა გული კლერმონის გამო, თუმცა სარასენსი ალალად იმსახურებდა.
ზირაქა კიდე ნამდვილი ლომია, ამ ხნის კაცი 78 წუთი იყო მოედანზე და ვუნიპოლას არაფერი გააბედინა. მე მგონი ნაადრევი იყო მისი წასვლა ნაკრებიდან.

0.086201