ჩელენჯ კაპი

15:35 | 13.05.2017 | ნანახია 3098 - ჯერ

ჟვანიამ და მელიქიძემ ჩელენჯ ქაფი მოიგეს

ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ" მეორე დონის ევროტურნირის, ჩელენჯ ქაფის ფინალში ინგლისურ "გლოსტერს" 25:17 სძლია და ევროპული ჯილდო ისტორიაში პირველად შემართა.

პარიზულ კლუბს ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის ფინალში ორ-ორჯერ ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ ყველა ჯერზე დამარცხდა და ნავსი მეხუთე ცდაზე გატეხა. ედინბურგში, "მარიფილდზე" გამართული შეხვედრა ფრანგებისთვის ცუდად დაიწყო: ჯონი მეიმ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო ბილი ბერნსმა გარდასახვას ჯარიმაც მიაყოლა და ინგლისელები 22-ე წუთზე 10:0 დაწინაურდნენ. პლისონმა ჯარიმა მალევე გაქვითა, ხოლო 32-ე წუთზე უილ გენიას ფეხით გადაკიდებულ ბურთს სრჟიო პარისე დაეუფლა და მისი ლელო პლისონმა გარდასახა - 10:10.

57-ე წუთზე "გლოსტერმა" პირველი ტაიმის ვალი დააბრუნა, ამჯერად გადაცემა ფრანგებმა ჩაჭრეს და ლელომდე ჯონათან დანტიმ ირბინა. "სტად ფრანსე" შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდა, სრულად დაეუფლა ინიციატივას და დუმარუმ 70-ე წუთზე დადებული ლელოთი "სტად ფრანსე" თასს მიუახლოვა, ხოლო მორნი სტეინმა გარდასახვით და ჯარიმით ყოველგვარი კითხვები მოხსნა - 25:10. სულ ბოლოს "გლოსტერმა" ლელო-გარდასახვა გაქვითა, მაგრამ ამით მხოლოდ საბოლოო შედეგი დააფიქსირა და ჩელენჯ ქაფი საფრანგეთში რჩება - მონპელიედან პარიზში გადაინაცვლა.

"სტად ფრანსეს" განაცხადში იყო, თუმცა ფინალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ზურაბ ჟვანიას. მიუხედავად ამისა, ის ჯილდოს დამსახურებული მფლობელია, რადგან ფინალამდე ტურნირის რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეოთხედფინალში "ოსპრეიზს" უელსში ლელოც დაუდო. თასი ირგუნა გიორგი მელიქიძემაც, რომელსაც 24 მაისს 21 წელი უსრულდება. მან ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში ითამაშა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:50 | 14.05.2017
temuchin (431)

გილოცავთ ლომებო, გენაცვალეთ!

23:23 | 13.05.2017
Kala94 (151)

გილოცავთ ზურა და გიორგი ! წარმატებები მომავალში !

18:47 | 13.05.2017
mindia (74)

სანახაობრივი მატჩი გამოდგა.

0.08036