ქართველი ლეგიონერები

12:15 | 13.05.2017 | ნანახია 4009 - ჯერ

ქართული ლეგიონის სიახლეები: სორდია - „შამბერიში“, კაიკაციშვილი - „მასიში“...

გიორგი სორდიას არაერთგვაროვანი სეზონი ჰქონდა. საფრანგეთში 19 წლის ასაკში ჩასულმა მესამეხაზელმა ფედერალ 1-ის „ლილში“ 3 წელიწადი გაატარა, ბოლო სეზონში კი 3 ლელო მიითვალა. ისე მოხდა, რომ სორდიამ იმ სამი ლელოდან ორი „სენ-ნაზერს“ დაუდო და ამ კლუბმა პერსპექტიული ქართველის გადაბირება გადაწყვიტა. საუბარია საფრანგეთის საკლუბო რაგბის მეორე ეშელონის, ფედერალ 1-ის კლუბებზე.

ასეც მოხდა, გიო სორდია „სენ-ნაზერს“ შეუერთდა და ახალი სეზონისთვის ემზადებოდა, მაგრამ მისმა ახალმა კლუბმა დიდძალი ვალები ვერ გაისტუმრა და გაკოტრებულად გამოცხადდა. სორდიას სეზონი უცდებოდა, როცა „ტარბის“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. ამ კლუბში მის გარეშეც იყვნენ ქართველები. მართალია, ტარბში სორდიას ჩასვლის მომენტში ბორჯღალოსანი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე კლუბში აღარ იყო - ინგლისურ ‘ბრისტოლში“ გადავიდა, მაგრამ ვეტერანი ბურჯები - კახაბერ კობერიძე და ვეტერანი ბორჯღალოსანი დავით დადუნაშვილი „ტარბში“ დახვდნენ ახალწვეულს. გიორგის მაინცდამაინც ბევრი არ უთამაშია, მაგრამ სხვა კლუბებისთვის მისი შესაძლებლობების დანახვა რთული არ აღმოჩნდა.

„ისინი დიდი ხნის განმავლობაში მაკვირდებოდნენ. ორი წელი ჩვენს შორის კონტაქტები გრძელდებოდა და ახლა გადაწყდა - მომავალი სეზონიდან „შამბერიში“ ვითამაშებ. ტარბი კი ქალაქია, რომელიც რაგბით ცხოვრობს. მას არასდროს დავივიწყებ“, - თქვა ქართველმა მესამეხაზელმა, ვისაც გუშინ 23 წელი შეუსრულდა. გიომ „შამბერისთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გარიგება შეიცავს თანამშრომლობის კიდევ 1 სეზონით გაგრძელების ოფციას, თუ ამის ნება და სურვილი ორივე მხარეს ექნება.

დღეს, თბილისის დროით 22:45-ზე, გიორგი სორდიას მომავალი კლუბი ფედერალ 1-ის პლეი-ოფის ფინალში, ქალაქ ნევერში ადგილობრივ კლუბს შეერკინება და სწორედ ამ მატჩში გაირკვევა, თუ რომელი მათგანი აღზევდება „მასისთან“ ერთად ლიგა პრო დ2-ში - „შამბერი“ თუ „ნევერი“. შეხსენებისთვის, ორმატჩიანი პლეი-ოფის პირველი თამაში „შამბერიმ“ 28:19 მოიგო და საპასუხო შეხვედრას 9-ქულიანი ჰანდიკაპით ხვდება.

ცნობისთვის, „შამბერის“ ღირსებას მილეულ სეზონში სამი ქართველი მორკინალი იცავდა - ბურჯები ვაჟა კაპანაძე და ბექა გიგაშვილი, ასევე ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ბექა ბიწაძე. „ნევერთან“ დღევანდელი მატჩის შედეგის მიუხედავად, ეს ორი უკანასკნელი მომავალ სეზონს ისედაც პრო დ2-ში დაიწყებს - გიგაშვილი „გრენობლში“ გადადის, ხოლო ბიწაძე „ნარბონს“ შეუერთდება. ხოლო თუ „შამბერი“ უქართველებო „ნევერის“ ბარიერს გადალახავს, მაშინ მეორე ელიტარულ დივიზიონში კაპანაძეც და სორდიაც იასპარეზებენ.

ზემოთ „მასი“ ვახსენეთ და ეს კლუბი პრო დ2-ის ორიდან ერთ საგზურს უკვე დაეუფლა და უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ შემადგენლობასაც აძლიერებს. ცნობილი გახდა, რომ ამ კლუბთან კონტრაქტი 24 წლის ქართველმა ბურჯმა ილია კაიკაციშვილმა გააფორმა. ამრიგად, მომავალ სეზონში პრო დ2-ში ქართველების მნიშვნელოვანი მატება იქნება. რაც შეეხება „ტარბს“, ამ კლუბსაც სერიოზული ვალები აღმოაჩნდა და საფრანგეთის რაგბის ნაციონალურმა ლიგამ გუნდი ფედერალ 2-ში დააქვეითა, თუმცა „ტარბის“ ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და ჯერაც უცნობია, სად აღმოჩნდებიან კობერიძე და დადუნაშვილი...


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:17 | 14.05.2017
zangura (109)

ფოტოზე ბექა ბიძაწე კი არა ბექა გორგაძეა : )))

23:28 | 13.05.2017
temuchin (431)

მეტი ქართველი საფრანგეთისა და ევროპის სარაგბო ქვეყნების ელიტურ დივიზიონებში!!! წარმატებები ბიჭებს!!!

0.17593