საქართველოს ნაკრების ყოფილი ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი რაგბიდან წავიდა. 35 წლის მორაგბეს, რომელსაც კვაჭის პოზიციაზეც უთამაშია, 45 სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი და საქართველოს ღირსება ორ მსოფლიო თასზეც დაუცავს (2007 და 2011 წლებში).
ხინჩაგიშვილმა კარიერის უდიდესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა და მუდამ უმაღლეს დონეზე თამაშობდა. ის „ბეზიიეში“ 2003 წელს წავიდა და ჯერ კიდევ ტოპ 8-სა და ტოპ 16-ში ითამაშა. მომდოვნე ორი სეზონი მან უკვე ტოპ 14-ში, „ბურგუენის“ შემადგენლობაში გაატარა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ „ჰაინეკენის თასზეც“ იასპარეზა, სადაც 2007 წელს „კარდიფს“ ლელო გაუტანა.
2007-2013 წლებში ქართველი ბურჯი „ბრივში“ გამოდიოდა და ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ბრიველებთა შემადგენლობაში ხინჩაგიშვილი რეგულარულად თამაშობდა ტოპ 14-ში და 4 ლელოც მიითვალა, 2013 წლიდან კი პარიზულ „რასინგს“ შეუერთდა. აქ დავითმა სამი სეზონი გაატარა და შარშან საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა, მიმდინარე სეზონის წინ კი „ბაიონს“ შეუერთდა და ტოპ 14-ის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჩელენჯ კაპზე 3-ჯერ ითამაშა. ხინჩაგიშვილმა ჯამში ტოპ 14-ში 181-ჯერ (4 ლელო) ითამაშა, ჩემპიონთა თასზე - 20-ჯერ (2 ლელო), ჩელენჯ კაპზე - 16-ჯერ, პრო დ2-ში - 20-ჯერ.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, „ბორჯღალოსნებში“ დავით ხინჩაგიშვილს დებიუტი 2003 წელს, ესპანეთის ნაკრებთან ჰქონდა. 2006 წელს ის გუნდის უცვლელ წევრად იქცა, ხოლო 2007 და 2011 წლებში მსოფლიო თასებზეც ითამაშა. 45 მატჩში გაიტანა 4 ლელო, ბოლოს კი ნაკრების კვართით 2013 წელს, აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.
„მსოფლიო სპორტი“ ქართველი ქომაგის სახელით მადლობას უხდის დავით ხინჩაგიშვილს თავდადებული ბრძოლისთვის, უსაზღვრო სიხარულისთვის და უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს პირად ცხოვრებაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია პატარა შესვენების შემდგომ დაადგება გოდორას გზას და თავის მდიდარ გამოცდიელბას მომავალ თაობებს მოახმარს
წარმატებებს გისურვებთ ჯიგარო. სიკეთე და სიხარული არ მოკლებოდეს ყველა ბორჯღალოსანს ქართული რაგბის წარმოჩინებისა და გულშემატკივრებისადმი მინიჭებული ბედნიერებისათვის.
მადლობა დავით წარმატებები.
მადლობა დავით ! წარმატებები ახალ ამპლუაში !
ლადოს ნათესავი ხომ არ არის
გენიალური კაცი! წარმატებები დავით.
მადლობა და წარმატებები შემდგომ ცხოვრებაში ლომო!