სიახლეები

15:51 | 11.05.2017 | ნანახია 4863 - ჯერ

ნავროზაშვილი ბრუნდება: 3-წლიანი კონტრაქტი „ალბისთან“

ქართველი ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი კარიერას საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის კლუბ „ალბიში“ გააგრძელებს.

24 წლის მორაგბე საფრანგეთში 2013 წლიდან თამაშობს. მან 3-წლიანი, ესპუარის კონტრაქტი ტოპ 14-ში მოასპარეზე „ბორდოსთან“ გააფორმა და პირველ გუნდში პირველივე სეზონში ითამაშა (2-ჯერ ჩელენჯ კაპზე, ერთხელ - ტოპ 14-ში). მომდევნო სეზონს ის დიდი იმედებით შეხვდა, მაგრამ ტოპ 14-ში ერთადერთხელ ითამაშა - კუნთის ტრავმა დაუსრულებელ პრობლემად იქცა.

მიუხედავად ტრავმისა, 2015 წელს ნავროზაშვილმა „ლიონთან“ 2-წლიანი, პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. კლუბში იმედოვნებდნენ, რომ პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ, ქართველი ბურჯი „ლიონის“ შერკინებას სიმძლავრეს შემატებდა, მაგრამ არაზუსტმა დიაგნოზმა და არასწორმა მკურნალობამ ზაზას მოედანზე სრულფასოვნად დაბრუნების საშუალება არ მისცა. სეზონის მიწურულს მან „ლიონის“ პირველ გუნდში შეცვლაზე ორჯერ ითამაშა და ისევ პრობლემებმა იჩინა ტავი.

გაირკვა, რომ ზაზა ნავროზაშვილის კუნთების იშვიათი პრობლემა აწუხებდა, ისეთი, როგორიც სპორტის სამყაროში წელიწადში სულ ორი-სამი თუ ხდება. ორი ოპერაციის და ერთწლიანი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, ზაზა ნავროზაშვილმა ვარჯიში ახლახან განაახლა, თუმცა „ლიონმა“ მასთან კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა.

მაგრამ უნიჭიერეს ქართველ ბურჯს მსურველი მალე გამოუჩნდა და მომდევნო 3 სეზონს ის პრო დ2-ის „ალბიში“ გაატარებს.

„დიდი მადლობა „ალბის“ ხელმძღვანელობას ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის. პრობლემები უკან მოვიტოვე, იმედია, სამუდამოდ, და ახალ სეზონს ახალი ენერგიით და მონდომებით ვხვდები. ძალიან ბევრი დრო გამიცდა და დროა, საქმეს შევუდგე, რათა კარიერაში დასახული მიზნების შესრულება შევძლო. მზად ვარ, თავდაუზოგავად ვიშრომო და გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო“, - ამბობს ნავროზაშვილი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:45 | 11.05.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.086991