ვისაც რაგბი ერთხელ მაინც უთამაშია, მან იცის, რომ ის ცხოვრების წესია და ფიზიკურთან ერთად მენტალურ განვითარებასაც უწყობს ხელს. რაგბი სოციალური თამაშია, რომელსაც უდიდესი სიკეთის მოტანა შეუძლია და ამის ნათელი მაგალითი ახლო წარსულში გვქონდა.
დასაწყისი
ისტორია, რომელიც დაახლოებით 1 წელიწადში ფილმად იქცევა 7 წლის წინ დაიწყო. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები 2010 წელს საქართველოს ეწვივნენ და სპორტულ ფედერაციებს სოციალური აქტივობების წარდგენა სთხოვეს. საქართველოს რაგბის კავშირიდან ეს მისია თავის თავზე ბორჯღალოსანმა ნონო ანდღულაძემ აიღო:
„UNICEF-ს რამდენიმე პროექტი და იდეა წარვუდგინეთ, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში რაგბის შეტანა და მისი ღირებულებების გაცნობა იყო. ვფიქრობ, რაგბი და ზოგადად სპორტი არის საუკეთესო საშუალება, რათა არასრულწოვანი მსჯავრდებულების საზოგადოებაში ინტეგრირება მოხდეს. ეს იდეა ძალიან მოეწონათ და 2011 წლიდან მისი განხორციელება დავიწყეთ. რამდენჯერმე მარტო შევედი ავჭალის კოლინიაში, მერე მწვრთნელები - მალხაზ ჭეიშვილი და ზურა ქიქოძე დავიმატე და მალევე ჩვენს პროექტს ლექსო გუგავა შემოუერთდა“.
ორი ბორჯღალოსნის - ნონოსა და ლექსოს შრომამ აღიარება მალევე ჰპოვა და მომდევნო წელს UNICEF-მა ის საუკეთესო პროექტის სახელით საერთაშორისო კონკურსზე, ‘სპორტს მიღმა’ წარადგინა. პროექტს აღიარება ჰქონდა რაგბის სამყაროშიც. ბრიტანელებმა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში გამართულ ვარჯიშებს 2011 წელს სიუჟეტი მიუძღვნეს, რომლის ხილვაც შესაძლებელია ბმულზე:
ეს არ იყო მხოლოდ ვარჯიში და ამ ბიჭებისგან საუკეთესო მორაგბეების გამოძერწვისკენ მიმართული აქტივობა. ეს იყო პროექტი, რომელმაც კონკრეტულად ამ სივრცეში, ციხეებში არსებული მენტალობა დაანგრია და იძულების წესით ფენებად დაყოფილი 14-18 წლის ბიჭები საერთო ღირებულებების გარშემო გააერთიანა.
დაწესებულებაში მყოფი დაახლოებით 180 ბავშვიდან ვარჯიშებს 45-50 ესწრებოდა და ამ ბიჭებთან ურთიერთობა იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ მალევე შეხვედრების რაოდენობა გაიზარდა.
„ავჭალის კოლონიაში კვირაში 2-ჯერ შევდიოდით, ახალგაზრდებს ვავარჯიშებდით და რაგბის ღირებულებებს ვაცნობდით. ჩვენთვის მთავარი იყო ამ ბიჭების აზროვნების შეცვლა, მათი რესოციალიზაცია და მოგვიანებით კვირაში ორ დღეს მესამეც დავუმატეთ. შაბათობით ბიჭებს ვაჩვენებდით ფილმებს, გვქონდა წარმოდგენები, სხვადასხვა აქტივობები და ეს დღე უფრო საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა. შარშან ეს პროექტი სასიამოვნო მიზეზის გამო შეჩერდა - არასრულწლოვანთა დაწესებულება გაუქმდა, რადგან განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ახალგაზრდებს სასჯელის ციხეში მოხდა აღარ უწევთ და ეს სწორი მიდგომაა“ - გვიყვება ლექსო გუგავა.
პროექტის კოორდინატორი და იდეის ავტორი ნონო ანდღულაძე გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია. მას და ლექსოს ყოფილ პატიმრებთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ და ნონო ამბობს: „ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ბიჭების აზროვნება შეიცვალა და უმრავლესობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით, თუ ეს პროექტი თუნდაც ერთ ადამიანს შეცვლიდა, აქ კი, უმრავლესობაზეა საუბარი“.
იდეის დაბადება
არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სტუმრობის ყოველი დღე ემოციური თვალსაზრისით ძალიან მძიმე იყო. ანდღულაძე და გუგავა მოზარდებისგან პირად ისტორიებს ისმენდნენ და იქიდან გამოსულები დაუჯერებელ ამბებს მეგობრებს უზიარებდნენ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი გისოსებს მიღმა მშობლების დაუდევრობით, ბავშვური ცელქობის, ან ელემენტარული შეცდომის გამო ხვდებოდა, იქ კი, რესოციალიზაციის ნაცვლად მათი მდგომარეობა მძიმდებოდა.
უმძიმესი ისტორიების მოსმენამ მათ მეგობარს, გიორგი დუჩიძეს ფილმის გადაღების იდეა პირველივე დღიდან გაუჩინა. მან სთხოვა ნონოს და ლექსოს, რომ ეს ისტორიები შეეგროვებინათ და პარალელურად ფილმის შექმნაზე დაიწყო ზრუნვა:
„იმ ისტორიებისგან, რასაც ნონოსა და ლექსოსგან ვისმენდი, ძალიან დიდ მუხტს ვიღები. მოზარდების უმრავლესობა ციხეში ბავშვური შეცდომების გამო მოხვდა და საზოგადოებისგან მისდაუნებურად გაირიყა. ნონოს და ლექსოს შევთავაზე, რომ ეს ისტორიები ჩაგვენიშნა და ერთ დღეს ფილმად გვექცია. დავუკავშირდით რეჟისორ უტა ბერიას და მასთან ერთად დავიწყეთ სცენარის შეკვრა“.
სცენარზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო. რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით შეიქმნა პერსონაჟები და 2013 წელს პროექტმა Mini EAVE-ს სცენარის განვითარების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, სადაც კინოცენტრის სცენარის განვითარების გრანტი მოიპოვა და 35 პროექტს შორის პირველი ადგილი დაიკავა. 2016 წელს, უკვე დახვეწილმა პროექტმა ეროვნული კინოცენტრის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმების დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა, სადაც 23 პროექტს შორის ასევე პირველი ადგილი დაიკავა.
სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება სექტემბერში დაიწყება და პრემიერა 2018 წელს იგეგმება. მისი პროდიუსერია დავით ისაკაძე კომპანია "მაგნეტ ფილმსი"-დან, ასევე ინგლისელი პროდიუსერი ბრეტ უოლკერი კომპანია "ელიფი"-დან (Alief), ხოლო თანაპროდიუსერები კოტე თაყაიშვილი და ლოიკ მანიორი იქნებიან, რომელიც ფრანგულ კომპანია "ვაიდს" (Wide) წარმოადგენს.
დავით ისაკაძე: „კონკურსში გამარჯვების შემდეგ, დავიწყეთ მუშაობა განვითარებაზე. რადგან ხარისხიანი ფილმის გადაღებას თანხები ჭირდება, დავიწყეთ კო-პროდიუსერის ძებნა და ინგლისელი ბრეტ უოლკერი შემოგვიერთდა, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს. ის ბერლინალეზე გაემგზავრა და მოიძია ფრანგი კო-პროდიუსერი ლოიკ მანიორი, რომელიც ერთ-ერთ დიდ ფრანგულ კომპანია "ვაიდ მენეჯმენტს" წარმოადგენს. ეს კომპანია გაგვიწევს როგორც კო-პორდუქციას, ასევე დისტრიბუციას, რაც იშვიაითი შემთხვევაა, რადგან როგორც წესი, ერთი კომპანია კო-პროდუქციას და დისტრიბუციას ერთად არ ახორციელებს.
ფილმი იქნება მოზარდების ისტორიაზე. აქცენტი კეთდება საზოგადოების ჩაკეტილობაზე ასეთი ადამიანების მიმართ. სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, ჩვენსა და ასეთ ადამიანებს შორის უზარმაზარი კედელი შენდება და ჩვენი კარჩაკეტილობით მათ კიდე უფრო რთულ მდგომარეობაში ვაყენებთ.
ესაა ფილმი ყველაფერზე, ძირითადად კი იმაზე, თუ როგორ შეცვალა რაგბმა ამ ბავშვების ცხოვრება. რაგბი ინსტრუმენტი გახდა, რომელმაც დაანგრია ციხეში არსებული მენტალიტეტი, სტერეოტიპული იერარქია და გამოჯანსაღების კუთხით ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. რადგან მსგავსი პრობლემა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს, ვფიქრობთ, რომ მას წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთაც ექნება“.
ძლიერი მესიჯი უცხოელებისთვის
ფილმის გადაღება ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდება, რომელიც საბედნიეროდ უფუნქციოდაა დარჩენილი. მთავარ როლებზე რამდენიმე ბიჭი უკვე დამტკიცებულია და მიმდინარეობს ქასთინგი. იმისათვის, რომ ფილმი მაღალი ხარისხის იყო, საჭიროა ფინანსები და მის შექმნაში მონაწილეობას იღებენ ეკონომიკის სამინისტრო, სასჯელაღსრულების სამინისტრო, "ქართული ფილმი" და რა თქმა უნდა კინოცენტრი.
მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა კომპანიებთან, შეტანილია განაცხადები საერთაშორისო ფონდებში და იგეგმება სხვადასხვა სახის აქტივობები. საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში (რომელსაც თბილისი და ქუთაისი 31 მაისიდან 18 ივნისამდე უმასპინძლებს) იგეგმება საქველმოქმედო ვახშამი (სავარაუდოდ, შოტლანდიელ მორაგბეებთან ერთად). გაიხსნება ანგარიში, სადაც თანხის ჩარიცხვით ყველას ექნება ამ არაკომერციულ პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
ფილმის ინგლისელი პროდიუსერი ბრეტ უოლკერი ფიქრობს, რომ ხარისხიანი პროდუქტის შექმნის შემთხვევაში, "უარყოფით რიცხვებს" საერთაშორისო კინოკუნკურსებში წარმატების დიდი პოტენციალი აქვს:
„ეს პროექტი უტამ ნოემბერში გამაცნო და რადგან მასში დიდი პოტენციალი დავინახე, დაუფიქრებლად ჩავერთე მის განხორციელებაში. მსურს, რომ ის საერთაშორისო ბაზარზე გავიტანო და მთელს მსოფლიოს საქართველოდან დავანახო ის რეალობა, რომელშიც ყველანი ერთად ვცხოვრობთ. ფილმი ასახავს იმას, თუ როგორ ვეპყრობით ჩვენს საზოგადოებაში ახალგაზრდა მსჯავრდებულებს, მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანია მათ დახმარების ხელი გავუწოდოთ და კრიმინალისგან, სიღარიბისგან ვიხსნათ. გარდა ამისა, გვსურს საზოგადოებამ დაინახოს, რომ რაგბი და ზოგადად სპორტი არის ის საშუალება, რითაც შეგვიძლია მსგავს გასაჭირში მყოფ მოზარდებს მეორე სიცოცხლე ვაჩუქოთ, იმედი დავუბრუნოთ.
თუ ამ პროექტს კარგად განვახორციელებთ და მივიღებთ ისეთი ხარისხის პროდუქტს, რისი მოლოდინიც მე მაქვს, ამით ხელს შევუწყობთ საქართველოში კინოს გადაღების ხელოვნების განვითარებას. ეს იქნება ძალიან კარგი ფილმი საქართველოსთვის, ასევე ძლიერი მისიჯი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს. მიმაჩნია, რომ ფილმს ექნება პოტენციალი ბერლინალეზე და მაქვს სურვილი, რომ ის კანის ფესტივალზე გავიტანო“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ