ამბები

21:24 | 15.09.2014 | ნანახია 5224 - ჯერ

ლევან მგელაძე: “გულშემატკივრებს ვთხოვ, საკუთარი მოედნის უპირატესობას ნუ დაგვაკარგვინებენ”

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ჩემპიონატში “თბილისის კავკასიელების” ევროთასებში მონაწილეობით გამოწვეულ ერთთვიან შესვენებას კლუბები სხვადასხვაგვარად იყენებენ.

მეორე ადგილზე მყოფი რუსთავის “ხარების” ხელმძღვანელობამ, ვარჯიშის განახლებამდე მორაგბეებთა, ჟურნალისტებთან დ გულშემატკივრებთან შეხვედრა და მათთვის ანგარიშის ჩაბარება გადაწყვიტა. თუმცა, გულშემატკივრის მიმართ თხოვნაცაა - ნუ აგინებენ მსაჯებს, რადგან ეს მათი მხრიდან გუნდის მისამართით იწვევს აგრესიას და მორაგბეები ისჯებიან, რის შემდეგაც ასე საჭირო ქულები იკარგება.

დიახ, “ბათუმთან” ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით წაგებული მატჩისას, ზვიად ესართიამ მსაჯს შეაგინა და სადისციპლინო კომიტეტისგან ათკვირიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. გარდა ამისა, გამგეობის სხდომაზე უნდა გადაწყდეს, მიეცემა თუ არა რუსთავის სტადიონს დისკვალიფიკაცია, საკუთარ მოედანზე თამაშის აკრძალვა კი, ნებისმიერი გუნდისათვის დიდი დარტყმა იქნება.

სპეციალურ პრესკონფერენციაზე განვლილ პერიოდზე და არსებულ პრობლემებზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ, მწვრთნელმა მამუკა მინდორაშვილმა და კაპიტანმა ვაჟა ხუციშვილმა ისაუბრეს.

ლევან მგელაძე: “ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ პერიოდულად მსგავსი შეხვედრები მოგვეწყო და გულშემატკივრებისთვის კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ანგარიში ჩაგვებარებინა. ჩემი “ხარებში” მუშაობის მოკლე პერიოდში ბევრი კარგი რამ გაკეთდა. ოთხი ტურის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატში ლიდერებს შორის ვართ და მეორე ადგილს ვიკავებთ, რაც დიდწილად ბიჭების თავდადების შედეგია. წაუგებლად მიდის ჩვენი დუბლშემადგენლობაც, მაგრამ მიზანი მაინც სხვა თამაშის ჩვენებაა და ამას ჯერ ვერ მივაღწიეთ. მორაგბეთა თავდადების ხარჯზე რაღაც დონემდე მიხვალ, თამაშის დახვეწით კი, მუდამ წინ ივლი და შედეგიც ამის ხარჯზე თავისთავად დადგება. ამ ეტაპისთვის მიზანი უცვლელია და პლეი ოფში მოხვედრისთვის ვიბრძოლებთ.

მეორე საკითხი, რაც უმნიშვნელოვანესია, გულშემატკივრებს და მათ საქციელს ეხება. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ჩვენ სტადიონს დისკვალიფიკაცია დაემუქროს, რაც ქომაგთა მხრიდან მსაჯების მისამართით გინებით იქნება გამოწვეული. არ მინდა ისე მოხდეს, რომ აქ თამაში აგვეკრძალოს და ამით ჩვენ დიდი მხარდაჭერა, რუსთაველებმა კი რაგბი დაკარგონ.

როდესაც ტრიბუნებიდან მსაჯებს აგინებენ და ისინი გულშემატკივრებს ვერაფერს პასუხობენ, ჩემი სუბიექტური აზრით აგრესია და ბოღმა მსაჯებს მოთამაშეებზე გადააქვთ, რაც უკვე გუნდს აზარალებს. მსაჯებთან და მათ მასწავლებლებთან ერთად განვიხილეთ ბოლო ორ თამაშში დაშვებული შეცდომები და აღმოჩნდა, რომ “ლელოსთან” 17, ხოლო “ბათუმთან” 3 ქულა უსამართლოდ მივიღეთ. ეს ყველამ აღიარა. არ მინდა დავიჯერო, რომ მსაჯები მიზანმიმართულად სცოდავენ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი ეჭვი მიჩნდება.

შეხვედრაზე შეცდომებზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ ამით დაკარგული ქულები არ დაგვიბრუნდება. იქ არაფერი თქმულა რა მოხდება თუკი მსგავსი შეცდომები მომავალშიც იქნება. ეს ბიჭები სიცხეში, წვიმაში, თოვლში, ყინვაში, მუხლჩაუხრელად მუშაობენ და ძალიან ძნელია თავის შეკავება, როდესაც ერთი კაცის შეცდომით მთელი ეს ნაშრომი წყალში გეყრება. ვფიქრობ, რომ მსაჯების დაბოღმვის და შეცდომების მიზეზი გულშემატკივართა არაკორექტული ქცევა უნდა იყოს. მინდა მათ შევხვდე და ავუხსნა, რომ რაგბიში მსგავსი გულშემატკივრობა დაუშვებელია. მსაჯი შეიძლება შეცდეს, მაგრამ ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ და მერე იმას თავისი ხელმძღვანელობა მოთხოვს პასუხს, კლუბი კი, აღარ დაზარალდება.

განვლილი ოთხი თამაში სხვადასხვა ტაქტიკით ჩავატარეთ და შედეგებიც სხვაგვარი იყო. პირველი ორი მატჩის მოგების შემდეგ, “ლელოსთან” ნაკრებში გამოძახებული 3 მორაგბე გამოგვაკლდა, ხოლო “ბათუმთან” შეხვედრაში სამი ლიდერი ტრავმის გამო გამოგვაკლდა. ამასთან, ბოლო შეხვედრაში ვინც მოედანზე იყო, შეცდომები დაუშვეს და მარცხი ამან განაპირობა. ახალწვეულებით კმაყოფილი ვარ და მინდა რამდენიმე მოთამაშე პირველ გუნდში დავაწინაურო, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იმედები გაგვიცრუვდა. მაგალითად, ზვიად ესართია, რომელსაც ბოლო მატჩში წარმოთქმული ერთი სიტყვისთვის 10-კვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც ძალიან ბევრია. მიუხედავად ამისა, მისით კმაყოფილი ვარ და მწამს, ის საკუთარ შეცდომას მიხვდება და მომავალში სწორედ ჩვენს გუნდს ბევრ სიკეთეს მოუტანს.

სტადიონზე სიტუაციის დარეგულირებაში ყველა უნდა ჩაერთოს. ვიცი, რომ სტადიონის დირექციამ პოლიციის სამმართველოს ოფიციალური წერილი მიმართა, მაგრამ სტადიონზე არავინ მოავლინეს. ჩვენ აქ საერთაშორისო ტურნირების გამართვას ვგეგმავთ, რუსულ “ენისეის” ჩამოსვლის სურვილი აქვს და ხო წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს სტადიონზე სამართალდამცავები თუ არ იქნებიან?! ესეც რომ არა, საქართველოს ჩემპიონატში მომავალში უფრო დაძაბული თამაშები გვექნება და იმედია, ტრიბუნებზე სიტუაციის დარეგულირებაში ქალაქი დაგვეხმარება.

სტადიონის დისკვალიფიკაცია და ამ უპირატესობის დაკარგვა რეალურია. გვითხრეს, რომ საკითხს გამგეობა გადაწყვეტს, გამგეობაში კი, უმაღლესი ლიგის კლუბებიდან წარმომადგენელი ჩვენ და “ბათუმს” არ გვყავს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვიღაცამ არ ისურვოს რუსთავში ჩამოსვლა, თბილისში თამაში ამჯობინოს და ამით დავზარალდებით. იმედია, მსგავსი რამ არ მოხდება. გულშემატკივრებსაც კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რომ პატივი სცენ დაუწერელ კანონებს და ისე მოიქცნენ ტრიბუნებზე, როგორც რაგბის შეეფერება. პირადად მე ამ დაუწერელ კანონებს უფრო მეტ პატივს ვცემ და რაგბიში გინება მიუღებელია. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მათ გვერდით ჩვენი, მორაგბეების დედები, დები, ცოლები თუ შეყვარებულები სხედან და თავი შეიკავონ გინებისგან, შეცდომები კი, მსაჯების სინდისზე იყოს”.

მამუკა მინდორაშვილი: “მაყურებელს მაქსიმალური თავშეკავებისგან მეც მოვუწოდებ. სამწუხაროდ, გულშემატკივართა ნაწილი რაგბის ქომაგობის წესებს არ იცნობს და მინდა ყველას ვთხოვო, რომ ასეთ ადამიანებს წესები გააცნონ. რაც არ უნდა მოხდეს, მსაჯი ხელშეუხებელია. მესმის, რომ ძნელია უსამართლობის მშვიდად ყურება, მაგრამ მსაჯის გინება დაუშვებელია”.

ვაჟა ხუციშვილი: “ჩემპიონატში კარგი სტარტი ავიღეთ - გასული პირველობის მესამე და მეორეადგილოსნები დავამარცხეთ, ჩემპიონთან კი ფრედ ვითამაშეთ. როგორც ჩანს, ასეთმა სტარტმა ჩვენს შესაძლებლობებზე გადამეტებული შთაბეჭდილება შეგვიქმნა, “ბათუმთან” სათანადოდ განწყობით არ გავედით და ისინი თამაშს ძალით ხომ არ წააგებდნენ? შედეგად, წინა მეტოქეებთან შედარებით უფრო სუსტ გუნდთან დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, გასულ ჩემპიონატს წლევანდელის სტარტი არც შეედრება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა თამაშში სათანადო განწყობით გავიდეთ, მაქსიმალური ქულები ავიღოთ და პლეი ოფში გავიდეთ. ეს რეალობაა, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება დაგვემართოს ამ მიზანს რომ ვერ მივაღწიოთ, მერე კი, ვნახოთ”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105845